საქართველოში პირველად კარტოფილი „ფრის“ წარმოება დაიწყო
„ფრეკოს“ ბრენდით პირველი ქართული კარტოფილი "ფრი" საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ გამოჩნდა.
ნახევარფაბრიკატი ზეთში სანახევროდ იწვება და შოკურად იყინება. „ფრეკომ“ ტექნოლოგია ჰოლანდიელი და ამერიკელი სპეციალისტების დახმარებით დანერგა, 1 კგ პროდუქციის საბითუმო ფასი 3,2 ლარი, ხოლო საცალო- 4,80 ლარია.
„საქართველოში გაყინული კარტოფილი ფრის წლიური მოხმარება 2 ათასი ტონაა და ის, ძირითადად, იმპორტზე ევროპის ქვეყნებსა და მცირე რაოდენობით, თურქეთიდან შემოდის. ჩვენ იმავე საფასო სეგმენტში შევდივართ, თუმცა, საგემოვნო თვისებებით „ფრეკო“ უკეთესია“, - განუცხადა კომპანიის ხელმღვანელმა, ირაკლი ქურდაძემ eugeorgia.info -ს.
საწარმო ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში მდებარეობს. „ფრეკომ“ 1400 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა სახელმწიფოსგან სიმბოლურ თანხად პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ მიიღო, ამავე დროს, შეღავათიანი ლიზინგის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა და 100 ათასი ლარის აღჭურვილობა შეისყიდა. სულ, მთლიანობაში, საწარმოში 300 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
კომპანია გეგმავს, პირველ ეტაპზე 100 ტონა პროდუქცია აწარმოოს, დეგუსტაცია ამერიკული ბრენდის სწრაფი კვების ქსელში, „ვენდისშიც“ მოაწყვეს. მენეჯმენტის განცხადებით, „ვენდისში“ პროდუქცია მოეწონათ, თუმცა, დიდი მოცულობით მიწოდება მოითხოვეს, რასაც ქართული საწარმო ვერ უზრუნველყოფს.
„მათ წელიწადში 500 ტონა პროდუქცია სჭირდებათ, ჩვენი მაქსიმალური წარმადობა წელიწადში 250 ტონაა, იმისთვის, რომ მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, გადაიარაღება და დამატებით 1,5 მილიონი ლარის ინვესტირებაა საჭირო, ასევე შესაბამისი სერთიფიკატის მიღება, რაც საკმაოდ რთულია, თუმცა, აუცილებლად გავაკეთებთ. ჯერ მცირე რესტორნებში შევალთ, მოვმძლავრდებით, ორ წელიწადში, კი, ვფიქრობ, ამ პროექტს განვახორციელებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზრის 30%-ს დავკარგავთ“, - აღნიშნა ირაკლი ქურდაძემ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის გარდა, აუცილებელია ნედლეულის ბაზით უზრუნველყოფაც.
„კარტოფილი „ფრის“ საწარმოებლად საჭიროა კარტოფილის სპეციალური ჯიშები - დაბალი შაქრიანობის შემცველობით და მაღალი მშრალი მასით. საქართველოში გავრცლებული ჯიშებიდან ასეთებია „აგრია“ და „ჯელი“, რომლებიც წელს გამოვიყენეთ. გლეხებისგან 100 ტონა კარტოფილი შევისყიდეთ, გარდა ამისა, ჩვენც მოვიყვანეთ, დაახლოებით, 40 ტონა", - აღნიშნა ირაკლი ქურდაძემ.
მისი თქმით, კომპანია გეგმავს, თავისი მეურნეობა გააფართოვოს, თუმცა, გლეხებისგან შესყიდვებს მაინც განაგრძობს.