„ვიზეარი“ ქუთაისიდან დიდ ბრიტანეთში პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს
Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.
ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ავიაბილეთების ფასი 106 ლარიდან (34.99 ფუნტი სტერლინგინი) იწყება.
„დაბალბიუჯეტური ავიარეისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის“, - აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში თავისი ბაზა გასული წლის სექტემბერში გახსნა და ასრულებს 12 ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში. 2016 წელს წინა წელთან შედარებით კომპანიის ზრდამ საქართველოში 35% შეადგინა და 168 ათას მგზავრს მოემსახურა.
„რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას“, - განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაციმ.
ავიაკომპანია „ვიზეარი“ არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 77 „ეარბას A320“ და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 500 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 40 ქვეყნის 137 ქალაქს. „ვიზეარის“ აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.