გურიაში ახალი სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება
ტექსტილის კომპანია „ელსელემა“, რომელიც თავის პროდუქციას ევროპაში ყიდის, ახალ სამკერვალო ფაბრიკას ლანჩხუთში ხსნის.
როგორც „ელსელემას“დამფუძნებელმა, ელგუჯა მამასახლისმა EUGEORGIA.INFO-ს განუცხადა, კომპანია გურიაში უკვე ფლობს ამორტიზირებულ შენობას, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რემონტის ჩატარებას გეგმავს. კომპანიაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვა და დოკუმენტების მომზადება, რათა შეღავათიანი სახელმწიფო სესხი მიიღოს. მეწარმეს ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა არ დაუსახელებია, თუმცა, აღნიშნა, რომ საჭირო მანქანა-დანადგარები უკვე შეისყიდა.
„რეგიონში ფაბრიკის განთავსება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში მუშახელის დეფიციტია. ხალხს ურჩევნია, სავაჭრო დახლთან დადგეს, ვიდრე საკერავ მანქანას მიუჯდეს. გარდა ამისა, დიდ საწარმოებს კონკურენციას პატარა სამკერვალოები უწევენ, ისინი არ იხდიან გადასახადებს, ამოიღებენ ჯიბიდან 500 ლარს და ხელზე აძლევენ ხელფასს, მე კიდევ დამატებით 25 % საშემოსავლო უნდა გადავუხადო ბიუჯეტს, რეგიონში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა“, - ამბობს ელგუჯა მამასახლისი.
აღსანიშნავია, რომ „ელსელემამ“ თავისი პირველი ფაბრიკა 25 წლის წინ თბილისში გახსნა და ტანსაცმელს (ძირითადად, ქურთუკებს) ოთხი იტალიური ბრენდისთვის, მათ შორის, პრემიუმსეგმენტის „მონკლერისთვის“ კერავს.
„კომპანია ექსპორტზეა ორიენტირებული, რადგან სტაბილურია. ადგილობრივ ბაზარზე დიდი კონკურენციაა, ტენდერებში კი აუტანელი პირობებია. ახალ ფაბრიკაში 150 ადამიანს დავასაქმებთ, რის შედეგადაც ჩვენი წარმადობა 100%-ით გაიზრდება. ამისი აუცილებლობა გვაქვს - მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ორ იტალიურ და ფრანგულ კომპანიასთან, ახალი ბრენდებია. უკვე გავუგზავნეთ საცდელი ნიმუშები და მოეწონათ, ჩვენთანაც ჩამოვიდნენ. ახლა მოდელებს ქმნიან და პირველ შეკვეთას უახლოეს მომავალში ველოდებით“, - განაცხადა ელგუჯა მამასახლისმა.
"ელსელემამ" შეღავათიანი სახელმწიფო პროგრამით ერთხელ უკვე ისარგებლა. თბილისში მდებარე ფაბრიკა გადაიარაღა, რომლის ოფიციალური გახსნა აპრილში იგეგმება.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს