გაერთიანებული სამეფო 2016 წლის საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეულშია
2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეულში გაერთიანებული სამეფო მოხვდა. 9 უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას შორის 5 – ევროკავშირის ქვეყანააა.
პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35%-ით, მეორეზე - თურქეთი 17%-ით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 7%-ით.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 59% შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1,5 მილიარდზე მეტი (1645 მლნ. აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5 %-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32% შეადგინა.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წელს 61% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 645 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 203 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 163 მლნ. აშშ დოლარით.
* საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 2017 წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს.