დიდმა ბრიტანეთმა “მაგნიცკის აქტივების გაყინვის კანონპროექტი” მიიღო
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ მეორე მოსმენით “მაგნიცკის აქტივების გაყინვის კანონპროექტი” მიიღო, რომელიც საშუალებას მისცემს ბრიტანეთის მთავრობას, ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებს აქტივები გაუყინოს.
“მივესალმები ცვლილებებს, რომლის მეშვეობით ადამიანის უფლებების დამრღვევებს მკაფიო შეტყობინება გავუგზავნეთ, რომ არ მივცემთ უფლებას თავიანთი კრიმინალური ფული დიდი ბრიტანეთის გავლით გაათეთრონ”, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ბარონესა უილიამს ტრაფორდელმა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიგრაციის და უსაფრთხოების საკითხებში დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. სწორედ აღნიშნულმა უწყებამ მოამზადა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.
მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას საზღვარგარეთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. “მაგნიცკის ცვლილება” გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სამხილები დამაკმაყოფილებელი იქნება სასამართლოსთვის, ინგლისში არსებული ქონება მიიჩნიოს უცხოეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევიდან მიღებულ შემოსვლად.
“დიდ კორუფციას უამრავი მსხვერპლი ჰყავს... “მაგნიცკის ცვლილება” ეს არის წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი და მოხარული ვარ, რომ მინისტრი მას მსოფლიოში ადამიანთა უფლებების დარღვევებს უკავშირებს. არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ დიდი კორუფცია უნდა კლასიფიცირდებოდეს, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ეს არგუმენტი დამაჯერებლად მიმაჩნია”, - აღნიშნა ბარონესა სტერნმა.
“მივესალმები მისტერ ბროუდერის თავდადებასა და მცდელობას მისი იურისტის მკვლელობაში მონაწილეების დასჯასა და სამართლებრივ დევნაზე მთელს მსოფლიოში. აღნიშნული კანონის მიხედვით, ეს სავალადებულო გახდება”,- დასძინა ლორდ როკერმა.
ბრიტანეთის ხელისუფლების ინიციატივას საფუძვლად სერგეი მაგნიცკის საქმე დაედო. რუსეთში, ერმიტაჟის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ადვოკატმა, სერგეი მაგნიცკიმ, 2008 წელს დანაშაულში პოლიციის ორი მაღალჩინოსანი ამხილა: პოლიციელებმა ერმიტაჟის საფინანსო დოკუმენტაცია ამოიღეს, რომლებიც შემდეგ ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა ერმიტაჟის კონტროლირებადი კომპანიების მოსატყუებლად გამოიყენა. აღნიშნულ საქმეს მაგნიცკის მიერ მხილებული ერთ-ერთი პოლიციელი იძიებდა. მაგნიცკი დააპატიმრეს, რათა იძულებული გაეხადათ, ჩვენება მიეცა ერმიტაჟისა და მისი ამერიკელი დამფუძნებლის, უილიამ ბროუდერის, წინააღმდეგ. ერთი წელიწადს ის ბრალეულობის დამტკიცების გარეშე წინასწარი დაკავების დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ავად გახდა. უფლებადამცველების განცხადებით, მაგნიცკის სათანადო სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს