ქართული ბიოჩაი ექსპორტზე ევროპაში გავიდა
„ანასეულის ჩაის ფაბრიკამ" თავისი პროდუქცია ჩეხეთში ექსპორტზე გაიტანა.
როგორც კომპანიაში eugeorgia.info-ს განუცხადეს, პირველი საექსპორტო პარტიის მოცულობა 820 კგ იყო. ქართული ორგანული ჩაი ევროპაში დაუფასოებელი გავიდა. ჩეხეთის გარდა, მცირე მოცულობით, საცდელი პარტია „ანასეულმა“ პროდუქცია გერმანიაშიც გაგზავნა.
„კომპანია 10 ჰა ჩაის პლანტაციას ფლობს, რომელსაც მთლიანად ორგანული მეთოდებით ვუვლით. ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ ორიენტაცია სწორედ ბიოპროდუქციაზე ავიღეთ, რადგან ევროპულ ბაზარზე გაცილებით მოთხოვნადია. მოვლა რთული არ არის, მაგრამ წესების დაცვა უნდა, პლანტაციაში შეგვაქვს მხოლოდ ბიოსასუქები, დაცული უნდა იყოს საქონლისგან, სუფთა გარემო იყოს. კულტივაციის პროცესს მკაცრად აკონტროლებს ორგანიზაცია „კავკასსერტი“, რომელიც სტანდარტების დანერგვაში დაგვეხმარა და ბიოსერთიფიკატი მოგვანიჭა. ამასთანავე, ფაბრიკაში ორგანული პროდუქციის საწარმოებლად ცალკე ხაზი გვაქვს, მთლიანად უჟანგავი ფოლადის დანადგარებით მიმდინარეობს გადამუშავება“, - აღნიშნეს კომპანიაში.
როგორც „ანასეულის ჩაის ფაბრიკაში“აცხადებენ, ბიოლოგიური ჩაის კულტივაცია ჩვეულებრივთან შედარებით, 20-30%-ით ძვირი ჯდება, თუმცა, მისი ფასი შედარებით მაღალია. კომპანიაში საექსპორტო ფასი არ დაუასახელებიათ, თუმცა, აღნიშნეს, რომ, ჯერჯერობით, მცირე მარჟებზე მუშაობენ, რათა უცხოელი პარტნიორები უფრო მეტად დააინტერესონ.
აღსანიშნავია, რომ „ანასეულის“ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც არის წარმოდგენილი. „ანა ბატონიშვილის ბრენდით“ მწვანე და შავი ჩაი თბილისის სუპერმარკეტების ქსელებში იყიდება.
„საკმაოდ კარგი შეფუთვა გვაქვს, თან ბიოპროდუქციაა, მაგრამ საქართველოში, რეალურად, მყიდველი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ამას, ბიოპროდუქცია ჩვენთან მაინცდამაინც პოპულარული არ არის. წელს ვგეგმავთ, ჩაი ერთჯერად პაკეტებშიც გამოვუშვათ, რომელზეც შედარებით მაღალი მოთხოვნაა. ახალი პროდუქცია „ანასეულის ბრენდით“გამოვა ბაზარზე. სპეციალური დანადგარები უკვე გვაქვს, პროექტი აშშ-ის განვითარების სააგენტო USAID-მა დაგვიფინანსა“, - აღნიშნეს კომპანიაში.
“ანასეულის ჩაის ფაბრიკა“ თავისი პლანტაციების გარდა, ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგანაც იბარებს. 1 კგ ჩაის ფასი, ხარისხის მიხედვით, 1,5 ლარს აღწევს.
„პრობლემა ის არის, რომ პლანტაციების უმეტესი ნაწილი ამორტიზებულია და ნედლეული ცოტაა“, - აღნიშნეს კომპანიაში.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს