„ანკა ფეარ თრეიდი“- პირველი ქართული კომპანია, რომელიც ბიოთხილს აწარმოებს და ექსპორტზე გაიტანს
„ანკა ფეარ თრეიდი“ პირველი თხილის გადამამუშავებელი ქარხანა იქნება საქართველოში, რომელიც ბიოსერთიფიკატს აიღებს.
როგორც eugeorgia.info-ს კომპანიის წარმომადგენელმა, ნინო გაბრავამ განუცხადა, წარმოების შესაბამისი მეთოდები ქარხანაში უკვე დაინერგა, კვირის ბოლოსთვის კი გერმანიიდან მასერთიფიცირებელი კომპანიის პასუხს მიიღებენ. მისი თქმით, მოთხოვნა ორგანულ თხილზე ევროპაში საკმაოდ მაღალია და მაღალ საფასო სეგმენტშიც იყიდება.
„ორგანულის გარდა, უკვე ვფლობთ UTZ სერთიფიკატს, რომელიც წარმოადგენს მიწათმოქმედებაში, თხილის დარგვიდან გადამუშავებამდე, საუკეთესო პრაქტიკას. ეს სისტემა თხილის წარმოებაში არ იყო დანერგილი, რადგან საკმაოდ რთული პროცესია. მხოლოდ 2011 წელს თურქეთის ინიციატივით ამოქმედდა, მოგეხსენებათ, ის თხილის სიდიდით პირველი მწარმოებელია მსოფლიოში. აღნიშნული სერთიფიკატები ექსპორტირებისას ხელს შეგვიწყობს", - განაცხადა ნინო გაბრავამ.
„ანკა ფეარ თრეიდმა“ შესაბამისი სტანდარტების ნედლეულით უზრუნველსაყოფად ბიოლოგიურ ასოციაცია „ელკანასთან“ ერთად საპილოტე პროგრამა წამოიწყო - შეიქმნა ფერმერების კოოპერატივი, რომელსაც ორგანული და UTZ მეთოდების დანერგვას ეხმარებიან. კოოპერატივი იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში 550-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფერმერთა დაინტერესება თანამშრომლობისთვის სულ უფრო იზრდება.
„დავდეთ წინასწარი მემორანდუმი, რომ სერთიფიცირებული ფერმერების თხილს გარანტირებულად, ჩვეულებრივთან შედარებით მაღალ ფასში ჩავიბარებთ. წელს, მაგალითად, 1 კგ ბიოთხილზე ფასნამატი 1 ლარს აღწევდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შარშან თხილს მასობრივად დაავადება გაუჩნდა და საკმაოდ დაბალი ხარისხის მოსავალი იყო. საქმე ეხება შიდა სიდამპლეს, რომლის რაოდენობა საქონელში 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს, წელს კი 6-8-10%-საც კი აღწევდა. რა მნიშვნელობა აქვს, ბიოა თუ ჩვეულებრივი, თუ პროდუქცია არ ვარგა, ევროპაში იწუნებენ. ფერმერებს ეს არ უგრძვნიათ, ჩვენ კი საკმაოდ დავზარალდით, თუმცა, ვცდილობთ, რომ მათ ხელი შევუწყოთ“, - აღნიშნეს კომპანიაში,
„ანკა ფეარ თრეიდის“ ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში თხილის მხოლოდ 25 ორგანული მეურნეობაა. წახალისებისთვის მაღალი პრემიის გარდა, ფერმერებს სერთიფიცირების პროცესში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას სთავაზობენ. ამ მიზნით პროექტში უცხოური დონორი „ჰექსეპერიც“ ჩართეს.
„ყოველ დღე მოდიან ახალი ფერმერები და გვთხოვენ, კოოპერატივში გავაწევრიანოთ, თუმცა, ფიზიკურად, ამხელა კოოპერატივის ორგანიზება საკმაოდ რთულია. თავიდან გათვლა იყო, რომ კოოპერატივი პირველ წელს დაფინანსებულიყო, მომდევნო წლებში კი თავად გამოემუშავებინა სერთიფიცირებისთვის საჭირო თანხა, თუმცა, ვერ შეძლო. ჩვენი საპილოტე პროექტი სამწლიანი იყო, წელს მისი ვადა იწურება. შემდეგ ფერმერები საკუთარი მენეჯმენტის ამარა დარჩებიან“, - განაცხადა ნინო გაბრავამ.
„ანკა ფეარ თრეიდში“ მიიჩნევენ, რომ დარგის განვითარებისთვის სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს.
„ეს კერძო პროექტია, არ არის მასშტაბური, ორგანიზებული კონკრეტული ადამიანების მიერ, რომლებმაც მოიპოვეს დაფინანსება. სახელმწიფო უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ერთი ქარხანა ვერ გასწვდება. ამ დარგში ბევრი პრობლემაა, მიწის რეგისტრაციიდან დაწყებული, დაავადებებით დამთავრდებული. საჭიროა მეტი ყურადღება - თხილს ყურძენზე მეტი შემოსავალი შემოაქვს საქართველოსთვის, სხვა მიდგომაა საჭირო. თუნდაც ის დაავადება, რაც შარშან და შარშანწინ გავრცელდა, თუ იგივე პრობლემა ამ სეზონზეც დაფიქსირდა, ჩათვალეთ, ქართული თხილის თემა დამთავრებულია, წელსაც კი ჩვენს თხილს აღარ ყიდულობდნენ“, - აცხადებენ კომპანიაში.
„ანკა ფეარ თრეიდი“ 2009 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი თურქული წარმოშობის შვეიცარიის მოქალაქეა.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს