კრემლის სასურსათო ემბარგომ დასავლეთის ნაცვლად რუსეთის მოქალაქეები დააზარალა
დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებულმა რუსულმა სასურსათო ემბარგომ, ყველაზე მეტად რუსეთის მოსახლეობა დააზარალა – ასეთია რუსი ეკონომისტების ახალი კვლევის შედეგები.
როგორც РАНХиГС-ის, გაიდარის ინსტიუტისა და ВАВТ-ის მკვლევრებმა დაადგინეს, სასურსათო ემბარგოს შედეგად, ინფლაცია რუსეთში ყოველწლიურად,დამატებით, 3,1 პროცენტული პუნქტით იზრდება.
სასურსათო ემბარგო რომ არა, არასანქცირებული პროდუქციის ღირებულება რუსეთში დღეს 2,9%-ით ნაკლები იქნებოდა. ეკონომისტების შეფასებით, ემბარგოს გამო, ყოველწლიურად რუსი მომხმარებელი 4 380 რუბლის დანაკარგს განიცდის.
2014 წლიდან, ანუ ემბარგოს დაწესების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ყოველწლიურად, პროდუქტებში 626 მილიარდ რუბლს ზედმეტად იხდიან, ჯამში ამ თანხამ 1,57 ტრილიონი რუბლი შეადგინა.
ამასთან, რუსი ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ მოსკოვმა სასურსათო ემბარგოთი საკუთარ მიზანს ვერ მიაღწია და ევროკავშირის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება ვერ შეძლო.
Eurostat-ის მონაცემების გაანალიზებამ აჩვენა, რომ რუსული ემბარგოს შემდეგ, ევროპელმა მეწარმეებმა სხვა ბაზრებზე გასვლა წარმატებით შეძლეს, ევროკავშირიდან საკვები პროდუქტების ექსპორტმა კი, ბოლო 2 წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა.
სტატისტიკური მონაცემებით, ემბარგოს გამო, რუსეთში ევროპული ხორცპროდუქტების მიწოდების მოცულობა 842ათასიტონით დაეცა, თუმცა, 2013-2015 წლებში ევროკავშირმა ამავე პროდუქციის ექსპორტი სხვა ქვეყნებში 1 მილიარდ 786 მილიონი ტონით გაზარდა.
ევროპული რძის პროდუქციის მიწოდების მოცულობა რუსეთში 392 ათასიტონით დაეცა, თუმცა ევროპელმა მეწარმეებმა სხვა ქვეყნებში ამ პროდუქციის ექსპორტი 2,863 მილიონი ტონით გაზარდეს.
ბოსტნეულის მიწოდების მოცულობა ევროკავშირიდან რუსეთში 868 ათასი ტონით დაეცა, -თუმცა სხვა ქვეყნებში 1,05 მილიონი ტონით გაიზარდა.
ევროკავშირიდან რუსეთში ხილის ექსპორტის მოცულობა 1,51 მილიონი ტონით დაეცა, სხვა ქვეყნებში კი – 3,24 მილიონი ტონით გაიზარდა.
რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს პერიოდში, ევროკავშირიდან საერთო ექსპორტი 455,1-დან 482,5 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
რუსეთმა სასურსათო ემბარგო 2014 წელს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემოღების საპასუხოდ შემოიღო. კონტრსანქციების თანახმად, აკრძალულია რუსეთში სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ცალკეულ სახეობების, ნედლეულისა და სურსათის ექსპორტი. ემბარგო შემოღებულია ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ნორვეგიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ალბანეთის, მონტენეგროსა და უკრაინის წინააღმდეგ.
2015 წლის აგვისტოდან, სასანქციო პროდუქციას “Россельхознадзор”-ი ანადგურებს. კონტრსანქციების შემოღებიდან პირველ წელს განადგურდა 7,5 ათასზე მეტი ტონა პროდუქცია, მეტწილად ბოსტნეული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით, ეს ციფრი შეესაბამება სურსათის მოხმარების წლიურ ნორმას 48 ათასი ადამიანისთვის.