ქართული ხილის არაყი ავსტრალიაში იყიდება
ზუგდიდში მდებარე კომპანია „ფრედერიკ მეორე“ უკვე მესამე წელია, ხილისგან დამზადებულ არაყს ავსტრალიაში ექსპორტზე გზავნის.
როგორც კომპანიის დირექტორმა, მანანა ტრაენკლემ eugeorgia.info-ს განუცხადა, შორეულ კონტინენტზე წელიწადში 4 ათასი ბოთლი ფეიხოას, კომშის, ვაშლის, მსხლის, ტყემლის, ატმისა და სხვა ათამდე დასახელების ქართული არაყი „ფრედერიკ მეორეს“ ბრენდით იყიდება. პროდუქციის ასორტიმენტში არყის გარდა, ჯინიცაა.
„საქართველოში პირველად ჯინის ჩამოსხმა ჩვენ დავიწყეთ, რაჭაში ჯინის საწარმოებლად აუცილებელი ღვიის სპეციალური სახეობა აღმოვაჩინეთ“, - აღნიშნა მანანა ტრაენკლემ.
„ფრედერიკ მეორე“, რომლის დამფუძნებელია გერმანელი იოაჰიმ ნიკალაუს ტრაენკლე, ზუგდიდში გერმანულ ბარსაც ფლობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავსტრალიელმა პარტნიორმა ქართული ხილის არაყი იქ დააგემოვნა, ძალიან მოეწონა და შემდეგ პირველი შეკვეთაც გააფორმა.
„ჩვენს პროდუქცია, პრაქტიკულად, ბიოლოგიურად სუფთა ხილისგან მზადდება, სოფლებში ხეხილი ეზოებში უდგათ და არასდროს წამლავენ. როდესაც ჩვენი არაყი ლაბორატორიაში შეამოწმეს, ისეთი ნივთიერებების, როგორიცაა აცეტონი, მეთანოლი და ა.შ., დონე 0 -ს ოდნავ აღემატებოდა, მაშინ როცა დასაშვები შვიდამდეა“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
მანანა ტრაენკლე არ ფლობს ინფორმაციას, რა ღირს 0,5 - ლიტრიან ბოთლში ჩამოსხმული ქართული არაყი ავსტრალიის საცალო ქსელში, თუმცა, მისი თქმით, ხილის არაყი, ზოგადად, მსოფლიოში, საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია.
„გერმანია ხილის არყის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, 1 ბოთლის მინიმალური ფასი იქ 50 ევროა, ზოგიერთი ფირმის, მაგალითად, შვინდის არყის ღირებულება 300 ევრომდეც ადის. ეს საკმაოდ ძვირი პროდუქტია, მზადდება ყოველგვარი დანამატის, მათ შორის, შაქრისა და არომატიზატორების გარეშე. წარმოდგენა რომ შეგექმნათ, 100 კგ ხილიდან 5-6 ლიტრ არაყს ვიღებთ, ხილი მთლიანად საღი უნდა იყოს, სათითაოდ ვარჩევთ“, - განაცხადა მეწარმემ.
კომპანიას წელიწადში 20 ათასი ბოთლის წარმოება შეუძლია, თუმცა, საკუთარი სიმძლავრეების მხოლოდ მეოთხედი აქვს ათვისებული. ათას ბოთლს „ფრედერიკ მეორე“ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, რომლის საბითუმო ფასი 30 ლარია.
„ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს დანიაში ვაწარმოებთ. ჩვენი არაყი ფასით კონკურენტუნარიანია, თუმცა, უცხოურ ბაზრებზე შესვლა მაინც საკმაოდ რთულია“, - აღნიშნა მანანა ტრაენკლემ.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს