ანაკლიასა და მცხეთაში 40 ჰა კენკრის ბაღის გაშენება იგეგმება
როგორც ბიზნესმენმა გიორგი კივილაძემ EUGEORGIA.INFO-ს განუცხადა, პარტნიორებთან ერთად ანაკლიაში უკვე ფლობს 28 ჰა მიწის ნაკვეთს, სადაც ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენებას აპირებენ, ამავე დროს, გურიაში დამატებით მიწის ნაკვეთის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„ლურჯი მოცვი განსაკუთრებულად კარგად ხარობს ჩაის პლანტაციების ადგილზე, სადაც მჟავე ნიადაგია, თუმცა, მხოლოდ ლურჯი მოცვით არ გვინდა შემოვიფარგლოთ. პარალელურ რეჟიმში ვფიქრობთ ჟოლოსა და უეკლო მაყვლის გაშენებას, მათთვის იდეალური კლიმატი კი აღმოსავლეთ საქართველოშია. უკვე მოვიძიეთ შესაბამისი 15 ჰა მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, პრაქტიკულად, შეთანხმებას მივაღწიეთ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
მისი თქმით, კენკრაზე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, ძირითადად, ექსპორტზე არიან ორიენტირებულნი.
„ჩვენ სხვა პროდუქციის, მინერალური წყლების, ექსპორტიორები ვართ, თუმცა, პარტნიორებისგან დიდი მოთხოვნა გაჩნდა კენკრაზე, განსაკუთრებით, ლურჯ მოცვზე და, განსაკუთრებით, ორგანულ პროდუქციაზე. მოთხოვნაა სკანდინავიის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთსა და გერმანიიდან. თუმცა, თუ 50 ტონას პროდუქციას მაინც არ აწარმოებ, არავინ გელაპარაკება. მთელმა საქართველომ რომ აწარმოოს, ნამდვილად სასურველი იქნება“, - აღნიშნა გიორგი კივილაძემ.
მისი თქმით, დაინტერესება ფერმერების მხრიდან კენკროვან კულტურებზე ბოლო პერიოდში საქართველოშიც გაიზარდა.
„სულ დაიტაცეს ნერგები სასათბურეებიდან, ეს კარგია, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ საქართველოში სერთიფიცირებული ნერგები არ იყიდება, უცხოელი შემკვეთები კი ამას მოითხოვენ. შესაბამისად, ნერგების შემოტანა საზღვარგარეთიდან მოგვიწევს“, - განაცხადა მეწარმემ.
გიორგი კივილაძის თქმით, პროექტის წარმატებისთვის აუცილებელია შესაბამისი სამაცივრე მეურნეობებით უზრუნველყოფა.
„პირველ რიგში, გვინდა გავაკეთოთ სპეციალური მაცივრები. დღეს საქართველოში არ არსებობს მაცივარი, სადაც პროდუქციას სრულყოფილად გავყინავთ და ექსპორტზე გავიტანთ. არის მაცივრები, სადაც გვითხრეს, რომ კენკრის გასაყინად ექვსი საათია საჭირო, თუმცა, ამ შემთხვევაში, პროდუქციის უჯრედშორისი ზიანდება და როცა ლღვება, სასაქონლო სახეს ჰკარგავს. საჭიროა შოკური გაყინვა - კენკროვნების შემთხვევაში, ეს პროცესი 7-8 წუთს გრძელდება, ხოლო კურკოვნების - 15 წუთს. ჩვენ ამ ტიპის მაცივრების ჩადგმას ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი კივილაძემ.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, პროექტი ორი 280-ტონიანი მაცივრის მშენებლობა-მონტაჟს ითვალისწინებს, რომლებიც დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება და სხვა ფერმერებსაც მოემსახურება. გარდა ამისა, მომავალში, არა მარტო კენკროვანი, არამედ კურკოვანი კულტურების შესანახად გამოიყენებენ.
„ვფიქრობთ ხეხილის, ბლის, ალუბლის, გარგარის, ატმის და მსგავსი ხილის ბაღების გაშენებასაც“, - აღნიშნავს მეწარმე.
მთლიანი პროექტის ღირებულება 7 მილიონი 65 ათასი დოლარია. ბიზნესმენები მოლაპარაკებებს ინვესტორებთან აწარმოებენ, ამავე დროს, გეგმავენ სოფლის მეურნეობის სახლემწიფო პროგრამებში მონაწილეობა მიიღონ.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს