აშშ-მ რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო
აშშ-ის ადმინისტრაციამ 8 რუსული კომპანიის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ყველა მათგანმა ე.წ. INKSNA-ს კანონი დაარღვია, რომელიც ირანისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიისთვის შეიარაღების, სამხედრო ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას კრძალავს.
სასანქციო სიაში შეიყვანილია «Рособоронэкспорт»-ი, 150-ე საავიაციო-სარემონტო ქარხანა, “ავიაექსპორტი”, სამრეწველო კორპორაცია “მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიურო”, სამოქალაქო ავიაციის ულიანოვსკის ინსტიტუტი, სამოქალაქო ავიაციის ურალის სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, ჟუკოვსკისა და გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია.
რუსული კომპანიების გარდა, სასანქციო სიაში შეყვანილია საწარმოები, ორგანიზაციები და კერძო პირები ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, სირიასა და თურქეთიდან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შემზღუდავი ზომები, ჯამში, 30 უცხოურ კომპანიას შეეხო.
აქედან 11 “ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე მიმართული ირანული პროგრამისთვის სპეციალური მასალების მიწოდებაშია” მხილებული. დანარჩენები კი აგზავნიდნენ,ან იღებდნენ სირიიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მასალებსა და ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებაც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისთვის არის შესაძლებელი.
სანქციების მოქმედების ვადა ორი წელიწადია. აშშ-ის სახელმწიფო ორგანიზაციებსა და უწყებებს სასანქციო სიის მონაწილეებთან საქმიანი კავშირების დამყარება, მათგან პროდუქციის შეძენა, მათზე თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის მიყიდვა, ასევე ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევა ეკრძალებათ.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.