ევროკავშირში ქაფშიის ექსპორტირებისთვის თევზში ნარჩენების კონტროლის გეგმა შემუშავდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურმა შავ ზღვაში დაჭერილ თევზში ნარჩენების მონიტორინგის პროგრამა ევროკომისიას გადაუგზავნა.
როგორც eugeorgia.info-ს ევროკავშირის ექსპერტმა სურსათის უვნებლობის საკითხებში, მატი ლამპმა, განუცხადა, ნარჩენების მონიტორინგის არარსებობა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იყო ევროკავშირის მიერ საქართველოს შესატანად მესამე ქვეყნების სიაში, საიდანაც თევზის ექსპორტი შესაძლებელია.
„ნარჩენების მონიტორინგის პროგრამა აქამდე მხოლოდ თაფლსა და რამდენიმე პროდუქტს მოიცავდა და არ ფარავდა თევზჭერას. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ევროკომისიას განსახილველად გასულ კვირას მონიტორინგის გეგმა გაუგზავნა, ვიდრე საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში შეიტანს, ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს შესაბამის უწყებებს აქვთ შესაძლებლობა კომპეტენტურად აკონტროლონ პროდუქციის უსაფრთხოება და უმაღლეს დონეზე შეამოწომონ მისი ხარისხი. ის ფაქტი, რომ წლევანდელი წლიდან მონიტორინგი განხორციელდება, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნა მატი ლამპმა.
მისი თქმით, მონიტორინგის პროგრამა, თავის მხრივ, დაკავშირებულია თევზმჭერი გემების რეგისტრაციასა და ნავმისადგომების კონტროლთან. „გვჭირდება შედეგები განსაზღვრულ დროის განმავლობაში, რომ ვთქვათ, პრობლემა არ გვაქვს ნარჩენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ევროპელმა ექსპერტმა.
მისი თქმით, თევზი შემოწმდება მძიმე ლითონებზე, ე.წ. PCB-სა და რადიოაქტიურ ნივთიერებებზე.
„თქვენი თევზის შემთხვევააში, პრობლემური, შესაძლოა, იყოს ვერცხლისწყლის (Hg) ნარჩენები, თუმცა, არ ვიცი დანამდვილებით და არ მინდა სპეკულაცია ამ თემაზე“, - აღნიშნა მატი ლამპმა.
„ჩვენი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისთვის იქნება, რომ უფრო მეტი ნიმუშების მონიტორინგი განახორციელოს, ვიდრე მინიმალური მოთხოვნა ითვალისწინებს, ევროკავშირი დაარწმუნოს, რომ ყველა გემი, რომელიც შავ ზღვაში თევზჭერას ახორციელებს, რეგისტრირებულია. მომდევნო ნაბიჯი კი დამოკიდებულია ევროკომისიაზე, როდის განიხილავს და რამდენად მიიღებს მონიტორინგის გეგმას“, - განაცხადა ექსპერტმა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ქაფშია,პროტეინების მაღალი შემცველობის გამო, იმ პროდუქტების სიაშია, რომლებსაც ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად ყველაზე დიდი პოტენციალი აქვთ, - ამის შესახებ თავად ევროპელმა ექსპერტებმა საქართველოში ჩამოსვლისას განაცხადეს. ევროკავშირის ბაზარზე თევზის გასატანად, ქვეყანა უნდა შედიოდეს ევროკავშირის მიერ აღიარებული ქვეყნების ჩამონათვალში. აღიარება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კონტროლის სისტემების შეფასებაზე დაყრდნობით- ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ექსპორტირებული თევზპროდუქტები აკმაყოფილებდეს ევროკავშირის ჯანმრთელობის მკაცრ მოთხოვნებს.
ქაფშია ევროპაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებული თევზის სახეობებს შორის მესამე ადგილს იკავებს თინუსისა და სარდინების შემდეგ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე 5,3 მილიონი დოლარის ღირებულების თევზის ცხიმი, ქონი და მათი ფრაქციები გავიდა, ხოლო თევზის ფქვილი კი-10,7 მილიონი დოლარის. თევზის ექსპორტი ამ ეტაპზე, ძირითადად, თურქეთში ხორციელდება, საიდანაც შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე ხვდება. პირდაპირ ევროპულ ბაზარზე შესასვლელად საქართველოს ესაჭიროებოდა, ევროკავშირის ე.წ. მესამე ქვეყნების სიაში მოხვედრილიყო. აღნიშნულ სიაში, ამ ეტაპზე ცხოველური წარმოშობის პროდუქციიდან მხოლოდ ქართული მატყლი და თაფლია.