ომალოში 100-საწოლიანი სასტუმრო შენდება
თუშეთში, სოფელ ომალოში ახალი 100 -საწოლიანი სასტუმრო „ნაბადი“ შენდება.
როგორც სასტუმროს დამფუძნებელმა, ლევან სულაკაურმა eugeorgia.info-ს განუცხადა, მსგავსი მასშტაბის სასტუმრო თუშეთში, ჯერჯერობით, არ არის. “ნაბადი” ადგილობრივი საოჯახო სასტუმროებისგან განსხვავებულ ნიშას დაიკავებს, ორიენტირებული იქნება ხარისხიან მომსახურებაზე, ამავე დროს შეინარჩუნებს ტრადიციულ-ეთნოგრაფიულ სტილს.
„ისინი 2-3-ადგილიან ნომრებს აქირავებენ, 25 ლარს იღებენ საწოლში, კვებაში კი - 50-60 ლარს. ჩემთან ორადგილიანი ნომრის ფასი თავისი კვებით 120 ლარი ეღირება”, - აღნიშნა ლევან სულაკაურმა.
სასტუმროს მშენებლობა 500-600 ათასი ლარი დაჯდება. დამფუძნებელი ფიქრობს, რომ დატვირთვისა და შესაბამისად, ჩადებული ინვესტიციის ამოღების პრობლემა არ იქნება- თუშეთი, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი, ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა.
“ჩემი ოჯახი 1993 წლიდან ტურიზმშია ჩაბმული, თუშეთში უცხოელები ამოჰყავდათ და ურთიერთობდნენ იტალიურ, შვეიცარულ და გერმანულ ტურისტულ სააგენტოებთან, გვაქვს “კემპინგიც”. დღეს სააგენტოებთან ურთიერთობა საჭირო არ არის, რადგან დიდი მოთხოვნაა და ტურისტები თავად გვიკავშირდებიან. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს ვიზიტორების რაოდენობა 8,5 ათასი იყო, შარშან კი - 13 ათასს მიაღწია, აქედან 900 ადამიანიც რომ დარჩეს ჩვენთან, საკმარისი იქნება სასტუმროს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. რეკლამა არ არის, მაგრამ თუშეთში პატარა გესთჰაუზები მაინც დატვირთულები არიან”, - აღნიშნა ლევან სულაკაურმა.
“დიდი გააქტიურებაა საოჯახო სასტუმროების მშენებლობის კუთხით, ძალიან ბევრმა ადგილობრივმა შეიტანა განაცხადი ეკონომიკის სამინისტროს შეღავათიანი სესხის პროგრამაში, რომელიც სასტუმრო ინდუსტრიას აფინანსებს. თუშეთის 10 სოფელი მთავრობის მიერ გამოცხადებულ სივრცითი მოწყობის პროექტში მოხვდა, ეს იმედს გვაძლევს, რომ თუშეთში ტურიზმი გააქტიურდება. საუბარია ასევე ახალი - ალტერნატიული სამანქანო გზის გაყვანაზეც”, - აცხადებს გამგებლის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციაში, ლადო კახოიძეც.
eugeorgia.info-სთვის ცნობილი გახდა, რომ ლევან სულაკაურის გარდა, ომალოში დიდ თანამედროვე სასტუმროს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილიც აშენებს. ორივე სასტუმროს მშენებლობა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის დასრულდება.