საგადასახადო შეღავათებთან ერთად შიდა ავიაციას განვითარებისთვის იაფი ლიზინგიც სჭირდება
შიდა გადაზიდვებისთვის განკუთვნილი საავიაციო საწვავი აქციზსა და დღგ--ისგან გათავისუფლების შედეგად 40%-ით გაიაფდება, - აცხადებს კომპანია „ყაზბეგი ჰელიკოპტერსის“ დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი, რომელიც ტურისტებს ვერტმფრენით მომსახურებას სთავაზობს.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საგადასახადო კოდექსში უნდა შევიდეს, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და მთავრობის სხდომაზე გუშინ დამტკიცდა, დოკუმენტი უახლოეს ხანში პარლამენტს გადაეგზავნება, სადაც განიხილავენ და დაამტკიცებენ.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია, ძირითადად, სუბსიდირებადი დარგია და მის განვითარებას განსაკუთრებული სტიმულები სჭირდება.
„საქართველოში შემომყვანი ტუროპერატორები, რომლებსაც უცხოური ტურისტები ჩამოჰყავთ, დღგ-ით არ იბეგრებიან, ვინაიდან ტურიზმი, როგორც ინვესტიცია, ისე ითვლება. სამი წელია, მოვითხოვდით, ეს შეღავათი შიდა ავიაციაზეც გავრცელებულიყო, რადგან ძვირადღირებული პროდუქტია. დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელიც ამ დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შედის, იმდენად დაბალია, სჯობს, განულდეს; სამაგიეროდ, ჩვენი პროდუქტი გაიაფდება, უფრო ხელმისაწვდომი გახდება, მოთხოვნა გაიზრდება, მე, როგორც გადასახადების გადამხდელს, მეტი ბრუნვა მექნება, მეტ ადამიანსაც დავასაქმებ“, - აღნიშნავს, თავის მხრივ, ვატო ასათაშვილი.
მისი თქმით, საწვავის კომპონენტს, საფრენი აპარატების მიხედვით, მომსახურების თვითღირებულებაში განსხვავებული წილი უკავია. „ჩვენი ვერტმფრენის შემთხვევაში - 5-10 %-ს შეადგენს, თუ ნულოვან დღგ-საც გავითვალისწინებთ, სერვისის თვითღირებულება 20-25 და შესაძლოა, 30%-მდეც შემცირდეს, 1-საათიანი ფრენის საფასური 1800 ევრო ღირს, ცვლილებების შედეგად მისი ღირებულება, შესაძლოა, 1650 -1600 ევრომდეც შემცირდეს“, - აცხადებს ბიზნესმენი.
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანიის ვერტმფრენში 5 მგზავრი ჯდება, შესაბამისად, მომსახურება მაინც საკმაოდ ძვირია.
„რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ გადასახადების გაუქმების დღიდან შიდა ავიაცია განვითარდება, თუმცა, გრძელვადიან პერსექტივაში დარგს ძალიან წაადგება. გარდა იმისა, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის შედარებით ხელმისაწვდომი პროდუქტი იქმნება, ამასთანავე, საგადასახადო შეღავათები კარგი გზავნილია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებზეც მთლიანად დამოკიდებული ვართ. თან მთავრობამ აეროპორტების განვითარება პრიორიტეტად დაასახელა, იხსნება ახალი აეროდრომები, დაბალი მოსაკრებლებიც ამ პროცესს ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
ამავე დროს, ასათაშვილი აცხადებს, რომ შიდა ავიაციის კომპლექსური განვითარებისთვის აუცილებელია ხელსაყრელი სალიზინგო პოლიტიკის შემუშავება.
„ფრენის თვითღირებულებაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი წილი ტექმომსაახურებას უჭირავს, ახალი თანამედროვე აპარატების შემოყვანა მის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევაში, ვერტმფრენი იქნება, თუ თვითმფრინავი, ოპერატორები უცხოური კომპანიებისგან იჯარით ქირაობენ. საკმაოდ მცირე მასშტაბის კომპანიები არიან და, ცხადია, საკუთარი საფრენი აპარატების შესყიდვისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ. მთავრობას შეუძლია, რამდენიმე გზით გადაჭრას ეს პრობლემა. მაგალითად, შეღავათიანი ლიზინგის პროგრამით, ოღონდ ნამდვილად შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით - 3-4%-ის ფარგლებში, ან დაუდგეს ერთგვარ გარანტორად და შუამავლად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან იაფი საკრედიტო რესურსის მისაღებად, რომლებთანაც მცირე ოპერატორებს პირდაპირი წვდომა არ აქვთ“, - აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.
მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში შიდა ავიაცია წამგებიანი ბიზნესია ამიტომ არ არსებობს რეგულარული რეისები - არის მხოლოდ ჩარტერული, ან სუბსიდირებული.
„თბილისი - მესტიის ფრენა, როგორც ვიცი, 60 ლარი ღირს, თუმცა, თვითღირებულება 250 ლარს აჭარბებს, დანარჩენს სახელმწიფო იხდის. როდემდე შეიძლება იყოს სუბსიდირებული?! თუმცა, მეორე მხრივ, პატარა ქვეყანაა, მთაგორიანი, საჭირო ხდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ან სამაშველო სამუშოების გაწევა. არსებობენ ჩვენი ტიპის ქვეყნები, რომელთა გამოცდილების გაზიარებაც შეიძლება. თუ არსებულ ხელშემწყობ პირობებთან ერთად ახალი საკუთარი საფრენი აპარატებიც ექნება, მცირე ავიაციას შეუძლია, რენტაბელური გახდეს და რეგულარული რეისები შეასრულოს, იმუშავოს კორპორაციულ კლიენტებთან, მაგალითად, სადაზღვევო კომპანიებთან, სამედიცინო სექტორსა და ფოსტასთან გარანტირებულ გადაზიდვებზე, ამასთანავე, ჩვეულებრივი მგზავრებიც გადაიყვანოს“, - აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.