ევროკომისიამ საქართველოს 23 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო
ევროკომისიამ საქართველოსთვის მიკროფინანსური დახმარების (MFA) პროგრამის ფარგლებში მეორე ტრანშის - 23 მილიონი ევროს -გამოყოფაზე გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული,10 მილიონ ევროს ქვეყანა გრანტის, ხოლო 13 მილიონ ევროს დაბალგანაკვეთიანი სესხის სახით მიმდინარე თვეს მიიღებს.
„ეს ტრანში საქართველოსა და მისი მოქალაქეებისადმი ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერის ნაწილია. კრიტიკული რეფორმების წარმატებული შესრულებისა და გაუმჯობესებული სტაბილურობის ფონზე ჩვენი პარტნიორი ფისკალურ მდგომარეობასა და საგადასახდელო ბალანსში სირთულეებს აწყდება. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოკლევადიან ფინანსურ საჭიროებებს შეუმსუბუქებს; დაეხმარება ძირითადი რეფორმების განხორციელებაში, რომელთა მიზანია ეკონომიკური ზრდის წახალისება და სამუშაო ადგილების შექმნა, აგრეთვე, სოციალური დახმარების სისტემისა და ფინანსური სექტორის გაძლიერებაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და ფინანსური საქმეების, გადასახადებისა და საბაჟოს ევროკომისარმა, პიერ მოსკოვიჩმა.
პროგრამა MFA-ს ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წლის დეკემბერში მოეწერა ხელი. ის მიმართულია საქართველოს საგარეო და საბიუჯეტო პოზიციების გამყარების, ეკონომიკური, სოციალური და ფინანსური რეფორმების სამთავრობო გეგმის მხარდაჭერისკენ, აგრეთვე, ხელს უწყობს სავაჭრო და კონკურენტუნარიანობის პოლიტიკის განხორციელებას, რათა საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. ევროპიდან პირველი ტრანში - 23 მილიონი ევრო - 2015 წლის აპრილში გამოიყო. მეორე ტრანში 2016 წელს უნდა ჩარიცხულიყო, თუმცა, გადაიდო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შესრულებაში წარმოქმნილი პრობლემების გამო. წელს, 12 აპრილს, სსფ-მ საქართველოს 285 მილიონი დოლარი დაუმტკიცა, ევროკომისიამაც, შესაბამისად, გადაწყვიტა, პროგრამის ფინალური ტრანში გამოეყო.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა MFA საქართველოს ევროკომისიამ პირველად 2008 წლის ოქტომბერში, აგვისტოს ომის შემდეგ, დონორთა კომისიაზე დაუმტკიცა. 46 მილიონი ევრო საქართველომ 2009-2010 წლებში გრანტის სახით მიიღო.* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს