აშშ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 100 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ-ის ადმინისტრაციას კანონმდებლობით აეკრძალა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებლობას აღიარებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან ერთად, რომელიც 30 სექტემბერს სრულდება, აღნიშნულ პერიოდში სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ბიუეჯტში რამდენიმე მუხლი აშშ-ს შიდაპოლიტიკურ პროცესებში მოსკოვის გავლენის შემცირებასა და ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთას ითვალისწინებს.
„სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტს გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და აშშ-ს დაზვევრის ეროვნულ სამსახურთან ერთად დაევალა,შეიმუშავოს წესები, რომელთა მიხედვით,რუსი დიპლომატები და დიპლომატიური მისიის პერსონალი ვალდებული იქნებიან ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდონ“, - წერს გავლენიანი გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური უწყებათაშორისი კომიტეტი, რომლის ამოცანა იქნება საზოგადოებასა და სხვა ქვეყნების მთავრობებზე რუსეთის საიდუმლო გავლენის აღკვეთა. მასში შევლენ დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის, გამოძიების ფედერალური ბიუროს, იუსტიციის, ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლები.
დოკუმენტში ასევე ჩამოთვლილია რუსეთის გავლენის შესაძლო ფორმები, მათ შორის, ყალბი ორგანიზაციების შექმნა, მედიაზე მანიპულაციები, დეზინფორმაციის გავრცელება, „გავლენის აგენტების“ დაფინანსება, პროვოკაციები, ადამიანების უფლებების დარღვევები, კორუფცია, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მკვლელობები და ტერაქტები.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას კანონმდებლობით აეკრძალა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებლობას აღიარებს, ამერიკულ სახელმწიფო ორგანოებს აეკრძალათ, განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება ამ ორი რეგიონის რუსეთის ოკუპაციის მხარდაჭერისკენ.
აიკრძალება ასევე ისეთი ქმედებების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, ნახევარკუნძულზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებისა და ამერიკული ინვესტიციების მხარდაჭერისკენ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დაევალა ამერიკული კომპანიების კონტროლი, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები თავიდან აიცილონ.
აშშ-ის სენატმა ბიუჯეტში ევროპისა და პოსტაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის აგრესიისა და გავლენის აღსაკვეთად არანაკლებ 100 მილიონი დოლარის გამოყოფაც გაითვალისწინა. აღნიშნულ ქვეყნებში დაფინანსდება სამოქალაქო სექტორი და პროექტები, რომელებიც მიმართული იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრესის თავისუფლების მხარდაჭერისკენ. დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია ფულის გამოყოფა რუსეთში დემოკრატიის და თავისუფალი ინტერნეტის მხარდასაჭერად.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, დაფინანსდებიან აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები (მათ შორის, საქართველო), რათა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რეალიზაცია შეძლონ და რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა თავიდან აიცილონ.