ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ ვებგვერდი ამოქმედდა
სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში” ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ახალი ვებპორტალის - www.aa.ge -ს პრეზენტაცია გაიმართა.
ვებპორტალის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა მარტივად შეძლონ ინფორმაციის მოძიება იმ ვალდებულებების შესახებ, რომელთა შესრულებასაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.
პორტალზე სფეროების მიხედვით განთავსებულია ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზა (დირექტივები, რეგულაციები, გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები), რომელთან დაახლოების ვალდებულებაც ქვეყანამ აიღო, აგრეთვე მათი შესრულების ვადა და სტატუსი ( 2027 წლის ჩათვლით) . შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეიტყოს, თუ რა ეტაპზეა ამა თუ იმ რეგულაციასა და დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესი, ასევე რომელი სახელმწიფო უწყებაა ვალდებული კონკრეტული ნორმატიული აქტის მომზადებაზე.
“ვებპორტალზე აგრეთვე რეგულარულად დაიდება სტატიები, რომელიც მკითხველს გააცნობს მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროების მიხედვით რა ვალდებულებები აქვს საქართველოს შესასრულებელი, რას ითვალისწინებს კონკრეტული რეგულაციები, როგორია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა და რისი შეცვლაა საჭირო, ასევე რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები ფართო საზოგადოებაზე”, - აღნიშნავენ პროექტის ავტორები.
www.aa.ge ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამამ “რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრთან” თანამშრომლობით მოამზადა, პროექტი რუმინეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. .
ვებპორტალი ფონდმა ერთობლივ მართვაში საქართველოს პარლამენტს გადასცა, რომელიც მის რეგულარულ განახლებას უზრუნველყოფს. შესაბამის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “ღია საზოგადოება-საქართველოსა” და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის ხელი დღეს მოეწერა.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს