მაისში დარღვევების გამო 61 საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაისში 907 ინსპექტირება განახორციელა, აქედან თბილისში - 397 ბიზნესოპერატორი შეამოწმა. დოკუმენტურად 1039 ობიექტი შემოწმდა, მათ შორის, აგრარული ბაზრები, მარკეტები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების, თევზის, პურ-ფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღებისა და სკოლების სასადილოების სამზარეულოები (დოკუმენტური შემოწმება ითვალისწინებს ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას).
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის ეტიკეტირების წესისა და სხვა დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 304 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, საწარმოო პროცესი, ან საქმიანობა კი 61 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, წლის დასაწყისიდან უწყების სპეციალისტებმა 3687 ინსპექტირება განახორციელეს. დაჯარიმდა 781 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 127 ბიზნესოპერატორს.