საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა ევროპული აღიარება მოიპოვა
ევროპული აკრედიტაციის კომიტეტმა (EA MAC) საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებაზე (EA BLA) ხელი მოაწერა. აღნიშნული შეთანხმება EA-ს გენერალურ ასამბლეაზე სლოვენიაში გაფორმდა.
9 ივნისს, აკრედიტაციის საერთაშორისო დღეს, საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპული აღიარებით უერთდება.
ევროკავშირის აღიარება შემდეგ სფეროებზე ვრცელდება:
- გამოცდები და დაკალიბრება (ISO/IEC 17025);
- პროდუქტის სერტიფიკაცია (ISO/IEC 17065);
- პერსონალის სერტიფიკაცია (ISO/IEC 17024);
- ინსპექტირება (ISO/IEC 17020);
ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი დაშვებისთვის ქართულ პროდუქტს, მომსახურებას და კვალიფიციურ პერსონალს დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები ესაჭიროება, რომლებიც სავაჭრო პარტნიორების მიერ აღიარებული იქნება. ევროპული აღიარების შემდეგ სერტიფიცირება საქართველოში განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაში განმეორებით სერტიფიცირების პროცესის გავლა საჭირიო აღარ არის. შედეგად, მცირდება ბაზარზე განთავსებისას გაწეული ხარჯი, დრო და სავაჭრო პარტნიორებს შორის ოპერირება მარტივდება.
„ეს არის დიდი მიღწევა, უზარმაზარი სამუშაოსა და თანმიმდევრული რეფორმების შედეგი და ევროპის შესაბამისი სტრუქტურის მიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება. ეს მიღწევა გაადვილებს ქართული პროდუქციის დაშვებას ევროპულ ბაზარზე და საქართველოს აკრედიტაციის ცნობას ევროპული სახელმწიფოების მიერ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აკრედიტაციის აღიარებასთან დაკავშირებით მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.