ფერმერები ლაბორატორიას თაფლის უვნებლობის დასადგენად იშვიათად მიმართავენ
ფერმერები ლაბორატორიას წარმოებული თაფლის ხარისხისა და უვნებლობის დასადგენად იშვიათად მიმართავენ, - განუცხადა eugeorgia.info-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გულედანმა.
„დღეს მეთაფლეებს უკვე ვთავაზობთ ისეთ კვლევებს, რომლის ჩასატარებლად ადრე ევროპაში გარბოდნენ. რამდენად კონკურენტულია ჩვენი ლაბორატორიის საფასო პოლიტიკა თავად შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და ქვეყნის გარეთ არსებულ ლაბორატორიებისას შეადაროთ. ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ბიზნესი ჯერ უნდა მოემზადოს თაფლის ექსპორტზე გასატანად, საჭირო რაოდენობა აწარმოოს, ლაბორატორიული სიმძლავრეები კი ბოლო კომპონენტია“, - აღნიშნა ირაკლი გულედანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში დანერგილი და აკრედიტებულია თაფლის კვლევის 5 პარამეტრი, ამავე დროს, დასრულებულია მუშაობა 10 პარამეტრზე, რომლის აკრედიტაციას უახლოეს ხანში გეგმავენ. აღნიშნული პარამეტრები კი თაფლზე ჩატარებული სახელმწიფო მონიტორინგის საფუძველზე შეარჩიეს (ყველაზე პრობლემური გამოავლინეს).
„საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში შეყვანის მიუხედავად დღემდე არ გვაქვს ევროკავშირის მიერ კონკრეტული ჩამონათვალი ,რა პარამეტრებზეც უნდა მოხდეს თაფლის კვლევა მისი ექსპორტირების შემთხვევაში. ჩვენ ვმოქმედებთ თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, რომელიც ევრორეგულაციების მიხედვით შემუშავდა. თუ ფერმერი ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად სწორად აწარმოებს თაფლს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლაბორატორიული შემოწმების დროს მის პროდუქტს რამე საფრთხე შეექმნას”, - აღნიშნა ირაკლი გულედანმა.
მისი თქმით, ევრორეგულაციებით გათვალისწინებული თაფლის უვნებლობის პარამეტრების კვლევების სრულად უზრუნველყოფა არათუ ქართული, არამედ ევროპული ლაბორატორიების უდიდეს ნაწილს არ შეუძლია.
„ერთმა ლაბორატორიამ, რაც არ უნდა დიდი ბიუჯეტი ჰქონდეს, თუნდაც ევროპაში, შეუძლებელია ყველა პარამეტრის კვლევა განახორციელოს. კერძო ლაბორატორიებსაც ვეუბნებით, რომ შეკრან მომსახურების პაკეტი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, ხანდახან თავად ბიზნესიც იღებს საკუთარ თავზე, მაგალითად, ექსპორტის შემთხვევაში, უცხოელი პარტნიორი თვითონ ამოწმებს პროდუქციას უცხოეთში“, - აღნიშნავს ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
ირაკლი გულედანის თქმით, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის მუშაობას ხელს შეუწყობს ის ფაქტი, რომ აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა ახლახანს საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო.
„ჩვენ აღარ გვჭირდება დამატებითი რესურსების ხარჯვა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება ქვეყნის გარეთ. აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აკრედიტაციაც ამიერიდან იგივე ნდობით სარგებლობს, სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ დანერგილი კვლევის მეთოდების აკრედიტირებას საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში მოვახდენთ”, - აღნიშნა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა.
უცხოელი ექსპერტების აზრით, ქართული თაფლი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული პროდუქტია, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვირება შეუძლია. თუმცა, იმისთვის, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენოს, ადგილობრივმა მწარმოებელმა ევროკავშირის მოთხოვნები თაფლის უვნებლობაზე უნდა დააკმაყოფილოს.