კომპანია “ჯეოფლაუერი” სუროს ფოთლებს ექსპორტზე გერმანიაში გზავნის
კომპანია “ჯეოფლაუერმა” სუროს ფოთლების ექსპორტი დაიწყო.
საწარმო 1999 წლიდან ეკოლოგიურად სუფთა, ველურად მზარდი მცენარეების, მათ შორის, ჭინჭრის, მაყვლის ფოთლებს, ასკილს, მაჟალოს, ასევე სხვა კენკრასა და ხილს აშრობს და გერმანიაში ექსპორტზე გზავნის; ფლობს საწარმოებს რაჭაში, ახალციხის, ტყიბულისა და დუშეთის რაიონებში.
“მოთხოვნა ველურად მზარდ მცენარეებზე, რომლებიც სამკურნალოდ, ან ჩაიში შესარევად გამოიყენება, საკმაოდ მაღალია, ნედლეულიც ბევრია ჩვენს ტყეებში. გერმანელმა პარტნიორებმა კვლევა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ რაჭაში, სადაც ველური ვაშლის ჩირს ვამზადებთ, არსებული რესურსის მხოლოდ 8% გვაქვს ათვისებული. თუმცა, მუშახელი საკმარისი არ არის, ხალხს ეზარება ტყეში მცენარეების შეგროვება, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ. მიგვყავს სპეციალური მანქანებით ტყეში, ვურიგებთ ხელთათმანებსა და სხვა საჭირო ინვენტარს და ა.შ”, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა, მინდია ხურციძემ.
მისი თქმით, კომპანია გლეხებისგან 1 კგ სუროს ფოთოლს 50 თეთრად იბარებს, ნედლეულში ყველაზე ძვირი კი ველურად მზარდი მოცვია, რომლის საფასური 2,5-3 ლარია.
“ველური მოცვის ფასი ბაზარზე 5 ლარს აღწევს, თუმცა ჩვენ დიდი რაოდენობით ვიბარებთ: 1 კგ მშრალი მოცვის მისაღებად 9 კგ ნედლეული გვჭირდება. თუ კარგად იმუშავა ადამიანმა, რეალურად, დღეში 30 -50 ლარის გამომუშავებაც შეუძლია, მაგრამ ეზარებათ”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
აღსანიშნავია, რომ “ჯეოფლაუერმა” ბიოჩაის წარმოებაც გადაწყვიტა. წელს კომპანიამ ტყიბულში 17 ჰა ამორტიზებული პლანტაციის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ მიზნით ჩაის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 43 ათასი ლარია, აქედან 30%-ს თავად იხდის.
“სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, რომელსაც ექსპორტზე ვგზავნით, ბიოჩაის “გურიელს” მივაწვდით და ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება”, - აღნიშნეს “ჯეოფლაუერში”.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.