გერმანული კომპანია ქართული ტყის ვაშლით (მაჟალო) დაინტერესდა
გერმანული კომპანია „როუზ ოფისი” ქართული ტყის ვაშლით (მაჟალო) დაინტერესდა. როგორც EUGeorgia.info-ს აცნობეს, ამ ეტაპზე მოთხოვნა 2 ტონა გამშრალ მაჟალოზეა. მაჟალოს ჩირი გერმანულ ბაზარზე, შესაძლოა, უკვე წელს გამოჩნდეს.
„როუზ ოფისის”-ის პარტნიორი საქართველოში კომპანია „კახეთი ბიო“-ა, რომელიც სხვადასხვა მცენარეულ პროდუქციას ადგილობრივი მეწარმეებისგან და კოოპერატივებისგან იბარებს. საუბარია კოოპერატივებზე, რომლებიც სამწლიან პროექტში - „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება და გადამუშავება - ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“-ში არიან ჩართული. პროექტს სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, OXFAM საქართველოსა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია BLF-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის კოორდინატორის, მარიკა ზარანდიას ინფორმაციით, პროექტი მცხეთა-მთიანეთის სამ მუნიციპალიტეტში - დუშეთში, თიანეთსა და მცხეთაში ხორციელდება.
“ ამ ეტაპზე მოთხოვნილია 2 ტონა გამშრალი და დაჭრილი მაჟალო, რომელიც შემდეგში, გერმანიაში გაიგზავნება. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ნოემბერში, იგეგმება, ასევე, გერმანიაში ფურისულას გატანა. მომავალში, შესაძლებელია, სიას ახალი პროდუქტები დაემატოს და რაოდენობრივადაც გაიზარდოს. ეს ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა“, - ამბობს მარიკა ზარანდია.
კოოპერატივ „თიანეთის ნობათის“ დირექტორი, ილია არჩემაშვილი EUGeorgia.info-სთან საუბარში ამბობს, რომ ტყის არამერქნულ პროდუქტებს დიდი პერსპექტივა აქვს.
„მივიღე ინფორმაცია, რომ „კახეთის ბიო“-ს აქვს მოთხოვნა ბიოპროდუქტზე გამშრალი მაჟალოს სახით და ითხოვენ სერტიფიცირებულ პროდუქტს. წარმოშობის სერტიფიკატი ჯერ არ აგვიღია, რადგან მაჟალოს დაკრეფის სეზონი სექტემბრის შუა რიცხვებში იწყება. 2 ტონა მაჟალოს ჩირისთვის დაახლოებით 10 ტონა ნედლი პროდუქტის გაშრობაა საჭირო, ჩვენ ამას დაახლოებით 15-20 დღეში მოვახერხებთ. თუ მომავალში, მაჟალოს ჩირზე მოთხოვნა გაიზრდება, შესაძლებელია, დამატებით, მზის საშრობები გაკეთდეს და გავზარდოთ წარმოების მოცულობა“, - ამბობს ილია არჩემაშვილი.
OXFAM-ის მიერ დაფინანსებული კოოპერატივი „თიანეთის ნობათი“ 2015 წელს შეიქმნა და მასში, ამჟამად, 13 ადამიანია გაერთიანებული. ილია არჩემაშვილი ამბობს, რომ, მომავალში, კოოპერატივს ევროპულ ბაზარზე გასვლა სურს.
„პირველ რიგში, ჩვენ გვეგმავთ წარმოების გაფართოებას. მშრალ პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს და, დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ვაპირებთ, ასევე, კენკროვანი ბაღების გაშენებას, რადგან ევროპულ ბაზარზე კენკრაზე მაღალი მოთხოვნაა. ჩვენი რაიონი მწვანე მუნიციპალიტეტადაა გამოცხადებული, ეს მაღალმთიანი რეგიონია, წყლის მდიდარი რესურსებით, დაბინძურების კერები აქ, თითქმის არ არის“, - ამბობს ილია არჩემაშვილი.
კომპანია „კახეთი ბიო“-ს ცნობით, მაჟალოს გარდა, გერმანული კომპანია „როუზ ოფისი“ დაინტერესებულია ტყის არამერქრული პროდუქტების ფართო სპექტრით, მათ შორისაა კენკროვანი კულტურების ფოთლები (შავი კუნელი, მაყვალი), კრაზანა, ფარსმანდუკი (მელისკუდა), ბაბუაწვერა, ასკილი, ფურისულა და სხვ.
„ჩვენი დამკვეთი, კომპანია „როუზ ოფისი“, ჩვენს მიერ მიწოდებულ პროდუქტს აწვდის მთელი ევროპის მასშტაბით. შარშან გავიტანეთ ფურისულა, ახლა დაგეგმილია მელისკუდას და ფურისულას ვარდის გაგზავნა. ჩემი მოსაზრებით, თუ ხარისხი მოთხოვნილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ქართულ პროდუქტს ევროპულ ბაზარზე დიდი პოტენციალი ექნება“, - ამბობს EUGeorgia.info-სთან საუბარშიკომპანია ‘კახეთი ბიო“-ს დირექტორი ლიზი ხნიადაშვილი.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.