ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება
გასულ კვირას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, დემოკრატიის პრინციპების უზრუნველყოფის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პირობებში, საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის.
„კარგია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებიდან ერთ-ერთი, ამ შემთხვევაში, ევროპის პარლამენტი აღიარებს, რომ საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლის გამოყენებით, განაცხადი შეიტანოს ევროკავშირში წევრობაზე, - ამბობს EUGeorgia.info-სთან საუბარში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, - ეს ევროპარლამენტის მხრიდან, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპული პერსპექტივის არსებობას. ამას გარდა, საინტერესოა ისიც, რომ ევროპის პარლამენტი ხაზს უსვამს ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნის აუცილებლობას, რომელიც, გარკვეულწილად, „Instrument for Pre-accession“- ის (IPA) მსგავსი იქნება”.
რეზოლუციაში დაფიქსირებული ეს პუნქტი ძალზე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ IPA (“ინსტრუმენტი გაწევრიანებამდე დახმარებისთვის“), მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც წევრობის პოტენციური კანდიდატები და კანდიდატი ქვეყნები არიან. „IPA II“-ის 2014-2020 წლების პროგრამისთვის 11,7 მილიარდი ევროს ოდენობის ბიუჯეტია გათვალისწინებული და, ამჟამად, პროგრამის ბენეფიციარები ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი არიან.
IPA-ს მიზანია, გაუწიოს ბენეფიციარ ქვეყნებს ფინანსური და ტექნიკური დახმარება, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად და მოამზადოს ქვეყნები იმ ვალდებულებებისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობით არის გათვალისწინებული. IPA-ს ფარგლებში, ევროკავშირი დახმარებას უწევს ქვეყანას რიგ სფეროში, მათ შორისაა მდგრადი მდგრადი ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, გარემო და კლიმატური ცვლილებები და სხვ.
„თუ სწორად მახსოვს, ეს ფრაზა პირველად გაჩნდა ორმხრივ დოკუმენტში. აქამდე IPA იხსენიებოდა მხოლოდ გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნებთან მიმართებაში, ახლა კი ამ დოკუმენტში საქართველოსთან მიმართებით არის ნახსენები, რომელიც ოფიციალურად არ ითვლება გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნად“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.
მისი მოსაზრებით, რეზოლუციაში დაფიქსირებული დებულებები ერთგვარი პოლიტიკური გზავნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ სამიტზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრებმა უნდა მიიღონ დეკლარაცია, რომელიც უნდა ასახავდეს პროგრამის ყველა წევრი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ „დიფერენციაციის“ პრინციპის შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრმა ქვეყანამ, ევროკავშირთან თანამშრომლობა, საკუთარი ამბიციებიდან და რეფორმების ტემპებისა და ხარისხიდან გამომდინარე უნდა გააღრმავოს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი 24 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართება. 12 სექტემბერს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკავიჩუსმა განაცხადა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წევრ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა მიეცეს.