ქართულ ექსპორტიორ ფირმებს შპს "აგროექსპორტი" შესაფუთი მასალებით ამარაგებს
შპს "აგროექსპორტი" 2002 წლიდან ფუნქციონირებს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ჩაბარებას, პირველად გადამუშავებას და ექსპორტს ახორციელებს. წლების განმავლობაში საოჯახო ბიზნესს ხელს უშლიდა შესაფუთი მასალის არარსებობა ქართულ ბაზარზე. კომპანიას ყუთები თურქეთიდან შემოჰქონდა ან იმპორტირებული პროდუქციის მეორად ყუთებს იბარებებდა. შესაბამისად, ორგანიზაციის დამფუძნებლებმა ნუგზარ და ირაკლი სურმანიძეებმა გადაწყვიტეს თავად ეწარმოებინათ ხილ-ბოსტნეულის შესაფუთი მასალა საქართველოში. მათი იდეა დაფინანსდა USAID REAP პროექტის ფარგლებში და პლასტმასის ყუთების საწარმომ ფუნქციონირება 2014 წელს დაიწყო.
ქართული პროდუქციის ექსპორტის შემაფერხებელ ფაქტორად შესაფუთ მასალებზე არაერთი ფირმა და ექსპერტი მიუთითებს. მაგალითად, მიმდინარე წელს ერთ-ერთ ბიზნესჯგუფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი ახლო აღმოსავლეთში გაუჭირდა არასათანადო შეფუთვის გამო.
შესაფუთი მასალების წარმოებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და მოხმარებას ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა სტრუქტურები. Eugeoriga.info-ს სტატიაში "საქართველო ცდილობს შესაფუთი მასალების წარმოება ევროპის სტანდარტებს დაუახლოოს" ვკითხულობთ: "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და PricewaterhouseCoopers (PwC)-Georgia-ს თანამშრომლობით შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიათა სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც იმუშავებს წარმოების გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე. პროექტის პირველ ეტაპზე მოიწვიეს ბრიტანეთის სურსათის შემფუთველთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მარტინ კერში, რომელმაც ქართველ მწარმოებლებს ჩაუტარა ტრენინგი და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება შესაფუთი მასალების სფეროში. ამასთანავე, ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფსა და ბრიტანეთის სურსათის შემფუთველთა ასოციაციას შორის. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, იმისათვის, რომ მათ საშუალება ჰქონდეთ გაიტანონ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისკენ.
მარტინ კერშმა გაამახვილა ყურადღება შესაფუთი მასალების მნიშვნელობაზე სასურსათო პროდუქტებისთვის, რადგან სწორედ შესაფუთი მასალები უზრუნველყოფს სურსათის დაცულობას და მისი ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივებას. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაფუთი მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა შეძლონ ევროპული კონკურენციის გათავისება და ამ პირობებში ბაზარზე თავის დამკვიდრება.
“დღევანდელ მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დანაკარგის წილი მაღალია. სწორი და ხარისხიანი შესაფუთი მასალების გამოყენებით შესაძლებელია ამ დანაკარგის მინიმუმამდე შემცირება“-აღნიშნა მარტინ კერშმა."
შპს "აგროექსპორტის" დამფუძნებელი ნუგზარ სურმანიძე აღნიშნავს, რომ თანამედროვე (და არა ხის ყუთების) წარმოებამ ქართველი ფირმებისთვის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაადვილა. საწარმო პლასტმასის ყუთებს არაერთ ქართულ ექსპორტიორ ფირმას და ხილ-ბოსტნის მწარმოებელ საოჯახო მეურნეობებსაც აწვდის. სურმანიძის თქმით მომხმარებელთა რიცხვი წლიურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა წარმოებამ მნიშვნელოვნად გააიაფა შესაფუთ მასალებზე ხარჯი. სურმანიძის თქმით, თუ 2014 წელს ერთი ყუთის იმპორტი თურქეთიდან 1 USD (2,5 ლარი) უჯდებოდა, დღეს ადგილზე მისი შეძენა 0,6 USD ღირს.