“ქარელის ჩირი” ევროპის ბაზარზე გავიდა
“ქარელის ჩირი” ევროპის ბაზარზე გავიდა. პროდუქცია კომპანიამ გერმანიასა და ჰოლანდიაში შეიტანა. თუმცა, ექსპორტი სატესტო რეჟიმშია და გრძელვადიანი კონტრაქტები ჯერ გაფორმებული არ არის.
როგორც eugeorgia.info-ს „ქარელის აგროინდუსტრიული კომპანიის“ წარმომადგენელმა თაკო რაზმაძემ განუცხადა, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და ახლა შედეგების მოლოდინში არიან.
“პროცესი ნორმალურად მიდის. მაგრამ ჯერ არ ვიცით პარტნიორებთან ხელშეკრულება როდის გაფორმდება. ვფიქრობთ, მაისში ყველა დეტალი გვეცოდინება. რადგან წარმოების სეზონი ზაფხულიდან იწყება და შესაბამისად პროდუქციის მოცულობებიც ამ პერიოდისთვის უნდა დავგეგმოთ,”–განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
„ქარელის აგრო ინდუსტრიული კომპანია“ შიდა ქართლში შვიდი წლის წინ დაფუძნდა და 25 ჰა მიწაზე ადგილობრივი და უცხოური (მათ შორის, „სტენლისა“ და „იმპრესის") ჯიშის ქლიავის ბაღი გააშენა. კომპანიას ხილის გადამამუშავებელი ხაზი და საშრობი 2 მილიონი ლარი დაუჯდა. აღნიშნული თანხა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიდან მოიძია.
პირველი პროდუქცია ქლიავის ჩირი კურკით და უკურკოთ 2016 წელს გამოუშვა. მოგვიანებით ასორტიმენტი გააფართოვა და დღეს 20–მდე სახეობის პროდუქტს უშვებს. ძირითადად ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი. 2018 წლიდან ახალ ბაზრებზე გავიდა. გერმანიისა და ჰოლანდიის გარდა პროდუქციის საცდელი პარტია რუსეთსა და ჰონგ კონგში შეიტანა.
ავტორი: მარი როჭიკაშვილი