წელს საქართველოში ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება
ქართული კომპანია „ფრეგობასი“, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების მწარმოებელ ქარხანას გახსნის. როგორც კომპანიის დირექტორმა მურმან პატარაიამ EUGeorgia.info-ს განუცხადა, საწარმო თბილისთან ახლოს განთავსდება, სადაც დაახლოებით, 150 ადამიანი დასაქმდება.
მურმან პატარაიას თქმით საწარმოში ელექტროავტობუსების აწყობა და საჭირო ნაწილების წარმოებაა დაგეგმილი, ხოლო თანამშრომლების გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ევროპელი პარტნიორების ჩართულობით მოხდება. ელექტროავტობუსებისთვის საჭირო დამტენი მოწყობილობები პარტნიორი კომპანიების მიერ იქნება უზრუნველყოფილი.
„სულ მცირე 300-400 ავტობუსის აწყობის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვთ დაინტერესება, საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში გაიტანონ და ამას თავად უზრუნველყოფენ“, - განმარტავს მურმან პატარაია.
ქართულმა კომპანია „ფრეგობასმა“ საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების მიზნით, გერმანულ კომპანია Eurobus-თან და ჩინურ ZTE Corporation-თან შეთანხმებას 2017 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი.
მურმან პატარაია ამბობს, რომ საქართველოში აწყობილი სატრანსპორტო საშუალებები ქართულ ბაზარზეც იქნება წარმოდგენილი.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ვფიქრობ, რომ სწორედ ის დროა, როცა თბილისმა ელექტროავტობუსებზე გადასვლა უნდა დაიწყოს, განსაკუთრებით დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. თბილისის მერიას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ დაინტერესება იქნება, შეგვიძლია ეს პროექტი შევთავაზოთ. საუბარია ინოვაციურ, 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე და, რაც ყველაზე მთავარია, დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის კომფორტულ ელექტროავტობუსებზე“, - ამბობს მურმან პატარაია.
კომპანია „ფრეგობასი“ ქართულ ბაზარზე მეორე წელიწადია ოპერირებს, მისი ძირითადი საქმიანობა ელექტროავტობუსების წარმოება და იმპორტ/ექსპორტია.