“ქარელის ჩირი“ ევროპულ ბაზარზე შესვლას გეგმავს
“ქარელის ჩირს“ ევროპულ ბაზარზე შესვლა სურს, - ამის შესახებ „ქარელის აგროინდუსტრიული კომპანიის“ დამფუძნებელმა, გიორგი კვირიკაძემ, eugeorgia.info-ს განუცხადა. კომპანია საქართველოში შავი ქლიავის ყველაზე დიდ ბაღსა და ჩირის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს.
„პროდუქცია წელს პირველად გამოვუშვით და ჯერ შიდა ბაზარზე ვართ წარმოდგენილნი. ჩვენი დაფასოებული ჩირი „გუდვილის“, „ორი ნაბიჯისა’ და „ზღაპარის“ სავაჭრო ქსელებში იყიდება. „ქარელის ჩირი“ იმპორტირებულთან შედარებით, გაცილებით იაფია: ერთი პაკეტის ფასი 3-3,5 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა თურქული ჩირი 5,7 ლარი, გერმანული კი - უფრო ძვირი ღირს“, - აღნიშნა კვირიკაძემ.
როგორც მეწარმე ვარაუდობს, შავი ქლიავის ჩირის მოხმარება საქართველოში მცირეა, წელიწადში - 55 ტონამდე, ამიტომ სამომავლოდ საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას აპირებს.
„გერმანიაში უზარმაზარი ბაზარია,საქართველოსთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე შავი ქლიავის ჩირის მოხმარება 10-ჯერ მაღალია. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით უნდა გავვაქტიურდეთ. ჯერჯერობით, უცხოეთში პარტნიორები არ მოგვიძიებია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, პრობლემა არ იქნება“, - მიიჩნევს მეწარმე.
„ქარელის აგრო ინდუსტრიული კომპანია“ შიდა ქართლში ექვსი წლის წინ დაფუძნდა და 25 ჰა მიწაზე ადგილობრივი და უცხოური (მათ შორის, „სტენლისა“ და „იმპრესის") ჯიშის ქლიავის ბაღი გააშენა.
„ძალიან გვინდოდა, რომ აგრობიზნესი დაგვეწყო. გვქონდა მიწა, ანალიზები ავიღეთ, რომლებმაც გვიჩვენა, რომ აქ ყველაზე გემრიელი ქლიავი მოდის. ავდექით და ნერგები ჩავყარეთ. საკმაოდ კარგი ჯიშებია - წესით, ჰა-ზე 20-30 ტონა მოსავალი უნდა ავიღოთ. ერთი კგ ჩირის წარმოებას კი 6 კგ ხილი სჭირდება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაძემ.
კომპანიას ხილის გადამამუშავებელი ხაზი და საშრობი 2 მილიონი ლარი დაუჯდა. აღნიშნული თანხა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიდან მოიძია.
ევროკავშირი მსოფლიოში ჩირის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია, იმპორტში კი ყველაზე დიდი წილი (25%) დიდ ბრიტანეთს უკავია. ამ ქვეყანაში 2014 წელს 900 ათასი ტონა ჩირის იმპორტი განხორციელდა. ევროკავშირში, ძირითადად, ბანანის, ფინიკის, ლეღვის, ფორთოხლის, გრეიფრუტის, გარგარის, ვაშლის, მსხლისა და ქლიავის ჩირი შედის. ძირითადი ექსპორტიორები არიან: თურქეთი, გვატემალა, კოლუმბია, ბანგლადეში და ეკვადორი. ევროკავშირში ჩირის შეტანისას უვნებელი საკვების წარმოების სერტიფიკატებს - BRC, IFS, FSSC22000 და SQF-ს ითხოვენ.
ბელა ნოზაძე