რუსეთი ირანის რკინიგზაში ინვესტირებას გეგმავს - დარჩება თუ არა საქართველოს ირანის ტრანზიტული ტვირთები
რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, კომპლექსურად შეისწავლონ ე.წ. სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო კორიდორის პროექტირების საკითხი, - ამის შესახებ სამი ქვეყნის დიპლომატებმა დღეს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.
საუბარია ყაზვინი-რეშტ-ასტარას სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაზე, რომელიც ირანის ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი მეშვეობით ირანი აზერბაიჯანსა და რუსეთს დაუკავშირდება. როგორც რუსული და აზერბაიჯანული მედია იუწყება, რუსეთი პროექტში ინვესტიციის ჩადებას აპირებს.
„განიხილებოდა საკითხები, რომლებიც ეხებოდა მატერიალურ სფეროში თანამშრომლობას. ჩვენი შესაბამისი უწყებები სამხრეთ-ჩრდილოეთის პროექტის რეალიზაციის პრაქტიკული ასპექტების შესწავლას დაიწყებენ. ტრანსპორტის სამინისტროები პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ პარამეტრებს გადახედავენ, საბაჟო და საკონსულო სამსახურები კი ერთმანეთთან ითანამშრომლებენ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ირანის ტერიტორიაზე სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაში ინვესტიციის ჩადებაზე მზადყოფნა ბაქომაც გამოთქვა.
ექსპერტების პროგნოზით, ყაზვინი-რეშტ-ასტარას მონაკვეთის მშენებლობა 400 მილიონი დოლარი დაჯდება, პირველ ეტაპზე რკინიგზის მეშვეობით 6 მილიონი ტონა ტვირთი, მომავალში კი 15-20 მილიონი ტონა გადაიზიდება.
რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, სამხრეთ-ჩრდილოეთ სატრანსპორტო კორიდორის მეშვეობით ინდოეთიდან ტვირთების გადაზიდვის დრო რუსეთამდე ორჯერ შემცირდება.
დაინტერესება ყაზვინ-რეშტ-ასტარას მონაკვეთის მიერთებაზე აზერბაიჯანის რკინიგზასთან ირანმა ჯერ კიდევ სანქციების მოხსნამდე, 2014 წელს, გამოხატა. თუმცა, მაშინ ქვეყნის პირველმა პირმა სურვილი გამოთქვა, რომ ირანული და აზიური ტვირთები ევროპაში საქართველოს გავლით გადაზიდულიყო (სავარაუდოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის, ან ბათუმის/ფოთის პორტების მეშვეობით).
„პრეზიდენტმა რუჰანიმ განაცხადა,რომ ირანი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებაზე. მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე, ისლამური რესპუბლიკის სურვილზე, საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა განავითაროს. ირანი გეგმავს, თავისი რკინიგზა აზერბაიჯანის გავლით საქართველოს დაუკავშიროს. ამით მთელი რეგიონი ისარგებლებს“,- აღნიშნული იყო ირანის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე.
ბელა ნოზაძე