თხილი სექტემბრიდან ორჯერ გაიაფდა - ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება
თხილზე ფასები დაეცა. როგორც eugeorgia.info-ს კომპანია “ნათინვესტის” დამფუძნებელმა, დავით სვანიძემ განუცხადა, გასული წლის სექტემბრიდან დღემდე 1 კგ თხილის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 10-11 დოლარიდან 5,5-6,5 დოლარამდე შემცირდა.
„თურქეთში 2014 წელს ყინვების გამო მოსავალი განახევრდა, ამიტომ 2014-2015 წლებში თხილი ძვირი ღირდა. შარშან, აგვისტოში უკეთესი მოსავალი მოვიდა, მიუხედავად ამისა, თურქები, რომლებიც მსოფლიოში თხილის ძირითადი მწარმოებლები არიან, ფასებს ძველი ინერციით ინარჩუნებდნენ. ახლა მარაგები დაუგროვდათ და პროდუქცია გააიაფეს“, - აღნიშნა სვანიძემ.
საერთაშორისო ბაზრების კვალდაკვალ შემოდგომიდან დღემდე, თითქმის, ორჯერ გაიაფდა თხილი საქართველოშიც - ექსპორტიორები მოსახლეობისგან 1 კგ ნედლეულს 4-4,5 ლარად იბარებენ.
„გლეხები თხილის გაყიდვისგან თავს იკავებდნენ. ეგონათ, როგორც შარშან, უფრო ძვირად გაყიდდნენ, მაგრამ მოლოდინი გაუცრუვდათ. ფასი თხილზე არც წელს გაიზრდება. წინასწარი პროგნოზით, თურქეთში წელსაც კარგი მოსავალი მოვა“, - აცხადებს ექსპორტიორი.
თხილს საქართველოს საექსპორტო პროდუქტებს შორის მეოთხე ადგილი უკავია. შარშან თხილის ექსპორტის მოცულობამ 176,4 მილიონი დოლარი შეადგინა, ქართული თხილის გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია.
ბელა ნოზაძე