აჭარაში ტურისტების ბუმს ელოდებიან
მაისისთვის ბათუმის სასტუმროებში ადგილის უდიდესი ნაწილი დაჯავშნილია, - განუცხადა eugeorgia.info-ს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამუკა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, პირველიდან ათ მაისამდე უკრაინაში, რუსეთსა და ბელარუსში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი არდადეგებია, შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან აჭარაში ბევრ სტუმარს ელოდებიან.
„სტატისტიკა მომდევნო თვის შუა რიცხვებში გვექნება, ეს ჩვენთვის ერთგვარი სატესტო მაჩვენებელი იქნება, თუ როგორი ზაფხულის სეზონი გველოდება. წინასწარი ინფორმაციით, თურქეთ-რუსეთის კონფლიქტის გამო, რუსი ტურისტების დიდი ნაწილი საქართველოში ჩამოვა დასასვენებლად, გარდა ამისა, გაზრდილ ნაკადს ველოდებით სხვა ქვეყნებიდანაც დაგეგმილი აქტივობების გამო“, - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.
როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, უცხოელ ვიზიტორთა მისაღებად ბათუმის აეროპორტმა ფრენის სიხშირეები გაზარდა, მათ შორის, ისრაელის, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და თურქეთის მიმართულებით.
რაც შეეხება სასტუმროებისა და საზკვების ფასებს, მამუკა ბერძენიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი არ იხელმძღვანელებს მოკლევადიანი მოგების მიღების სურვილით და ტარიფებს მნიშვნელოვნად არ გაზრდის.
„მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ, რომ ტურისტები მომსახურებითა და ფასით კმაყოფილები დარჩნენ, რადგან ერთი კმაყოფილი ტურისტი ნიშნავს ხუთ ახალ სტუმარს მომავალ სეზონზე“, - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.
Eugeorgia.info დაინტერესდა რა ჯდება შვიდი ღამის გატარება ორადგილიან ნომერში. Booking.com-ზე განთავსებული განცხადებების მიხედვით, პრესტიჟულ სასტუმროებში, მათ შორის, „რედისონ ბლუში“, „შერატონში“, „ჰილტონში“, „ინტურისტში“, „პიაცაში“, „ბათუმი ვორლდ პალასში“, „გოლდენ პალასში“ და „სპუტნიკში“ აღნიშნული პირობებით მომსახურება მაისში 1038 -1947 ლარში, ხოლო აგვისტოში 1681- 2758 ლარში მერყეობს. რაც შეეხე ბა გესთჰაუზებს, იქ დასვენება მსურველებს მაისში 295 ლარიდან შეუძლიათ.
აჭარის რეგიონში დღეს 15 ათასი საწოლი ადგილია, ამ რაოდენობას 2017 წელს 3 500 ახალი საწოლი დაემატება, ხოლო 2019 წლამდე კი 19 ათასამდე გაზრდა იგეგმება.
„ახალი სასტუმროების მშენებლობა იწყება, წელს მაგალითად, ქართულ-თურქული კომპანია ბათუმში „ეიფორიას“ ქსელის სასტუმროს გახსნის, მომავალ წელს კი სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მშენებლობა დასრულდება“, - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.
ბელა ნოზაძე