ქართული ბრენდი აზერბაიჯანში -„ანტრე“ ბაქოში მესამე კაფეს ხსნის
ქართულ-ფრანგული კაფეტერიების ქსელი „ანტრე“ აზერბაიჯანში რიგით მესამე კაფეს ხსნის. როგორც eugeorgia.info -ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ჟან-მიშელ შარლმა განუცხადა, პირველი ობიექტი ბაქოში 2014 წლის შემოდგომაზე დააფუძნეს, პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, შესაბამისად, მეზობელ ქვეყანაში ქსელის გაფართოება გადაწყვიტეს.
„საკმაოდ რთულია აზერბაიჯანში ბიზნესის წარმოება, იქ სრულიად სხვა სისტემაა, პრობლემებია, თითქმის, ყველა რგოლში, როგორც საბაჟოზე, ასევე საგადასახადო ორგანოებში. თანაც ცხოვრების დონე შედარებით მაღალია, პრაქტიკულად ორჯერ მეტი ინვესტიცია სჭირდება, განსაკუთრებით ძვირი კომერციული ფართის ქირაა. ბევრი ნიუანსის გათვალისწინება მოგვიხდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ადგილობრივი გემოვნებისაც კი. მაგალითად, აზერბაიჯანი საქართველოსგან განსხვავებით აღმოსავლური კულტურაა, ნამცხვრები და ფუთუშები გაცილებით ტკბილი მოსწონთ. ასევე უპირატესობას ანიჭებენ მეტ ბოსტნეულს. თუმცა, წინააღმდეგობების მიუხედავად, მუშაობით კმაყოფილი ვართ“, - განაცხადა ფრანგმა ბიზნესმენმა.
მისი თქმით, „ანტრეს“ განხორციელებულმა ინვესტიციებმა აზერბაიჯანში მილიონ დოლარს გადააჭარბა.
კაფეტერიების ქსელის დამფუძნებლები ქართული ბრენდის გატანას ევროპაშიც ფიქრობენ, თუმცა, ჯერჯერობით, შესწავლის სტადიაში არიან. „ანტრე“ 2008 წელს ქართული ინვესტიციით დაფუძნდა და ამ ეტაპზე თბილისში 10 კაფეთია წარმოდგენილი.
„ერთ თვეში მეთერთმეტე ობიექტს ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ვხსნით. მართალია, საკმაოდ დიდი კონკურენციაა ამ სეგმენტში, მაგრამ ჩვენ გაფართოებას მაინც ვახერხებთ, ძირითადად, ხარისხის შენარჩუნების ხარჯზე“, - აღნიშნა ჟან-მიშელ შარლმა.
ბელა ნოზაძე