წვენებისა და კონსერვების ექსპორტი ევროპაში შემცირდა, ხის ნაწარმის - გაიზარდა
ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტი პირველ კვარტალში გასულ წელთან შედარებით 35%-ით შემცირდა და 111 მილიონი დოლარი შეადგინა.
როგორც eugeorgia.info-ს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, საექსპორტო პროდუქტების თითქმის მესამედს (29%-ს) კვლავ სომხეთიდან რეექსპორტირებული სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოაგდენს, მისი მოცულობა 17,5%-ით, ღირებულებით გამოხატულებაში კი- 23%-ით შემცირდა და 32 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
მეორე ადგილზე თხილია, რომლის ექსპორტის მოცულობა, მართალია 14%-ით გაიზარდა, მაგრამ საერთაშორისო ფასების ვარდნის გამო ღირებულებამ გასულ წელთან შედარებით 37%-ით მოიკლო და 28 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
იგივე ტენდენცია დაფიქსირდა მინერალური სასუქების (მათ შორის, აზოტოვანის) ექსპორტზე (მოცულობა +24%, ღირებულება -5%) და 9 მილიონი დოლარი შეადგინა.
თითქმის ორჯერ შემცირდა ფეროშენადნობების რეალიზაცია ევროპაში (ღირებულებით გამოხატულებაში 2,4-ჯერ) და 2,6 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება სურსათსა და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის პროდუქციას, 76%-ით გაიზარდა სპირტიანი სასმელების ექსპორტი მოცულობაში და 367 ათასი ტონა შეადგინა (3 მილიონი დოლარი).
მცირედ, 6%-ით, გაიზარდა ღვინის ექსპორტი და 821 ათასი ტონით (2,9 მილიონი დოლარით) განისაზღვრა. 7%-ით შემცირდა მინერალური წყლების ექსპორტი, 2,7 მილიონ დოლარამდე.
ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 4-ჯერ შემცირდა, 591 ტონამდე, ღირებულებით გამოხატულებაში კი - 3-ჯერ, 648 ათას დოლარამდე. კონსერვები- 2,5-ჯერ, 89 ტონამდე, ღირებულებით გამოხატულებაში 4-ჯერ, 645 ათას დოლარამდე. სამაგიეროდ, 43%-ით გაიზარდა გამხმარი პარკოსანი მცენარეებისგან ფხვნილის რეალიზაცია ევროპაში და მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ახალი პროდუქციის სახით ექსპორტში გაჩნდა ბოცები და მინის ბოთლები და ხის ნაწარმი, რომელთა ღირებულებამ 1,4 მილიონი და 1,5 მილიონი დოლარი შეადგინა, მანგანუმის ოქსიდების ექსპორტის მოცულობა 74 %-ით, ხოლო ღირებულებით გამოხატულებაში 28%-ით გაიზარდა და 1,1 მილიონი დოლარი შეადგინა.
35%-ით შემცირდა საქონლის გათრიმული ტყავის ექსპორტი, 731 ათასი დოლარამდე. 24%-ით იკლო ნავთობის ექსპორტმა, ღირებულებით გამოხატულებაში - 34%-ით და 5,4 მილიონი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ტრადიციულ საექსპორტო ჯგუფს, როგორიცაა ტექსტილის ნაწარმი, მისი ექსსპორტის მოცულობა უცვლელი დარჩა (9,4 ტონა), თუმცა, ღირებულებით გამოხატულებაში 30%-ით, 710 ათას დოლარამდე დაეცა.
ბელა ნოზაძე