მარნეულში ბიოუსაფრთხოების მეორე დონის ლაბორატორია ფუნქციონირებს
მარნეულის ლაბორატორიას საერთაშორისო ორგანიზაცია ANAB-მა ISO 17025 სტანდარტზე აკრედიტაცია მიანიჭა, შესაბამისად, იქ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ლაბორატორიაში განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველთა დაავადებების, ასევე ბრუცელოზის, ჯილეხის, მასტიტის, ნიუკასლისა და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა ხორციელდება.
„სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია. წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი დარგი მეცხოველეობაა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცხოველების ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი. ლაბორატორია ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტს (მარნეული, წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, ბოლნისი, გარდაბანი და რუსთავი) ემსახურება. ასევე, შესაძლებლობა აქვს სასაზღვრო პუნქტებზე, ვახტანგისში, წითელ ხიდზე, სადახლოსა და გუგუთში განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველების დაავადების გავრცელების რისკის დროს ლაბორატორიულ კვლევებში მონაწილეობა მიიღოს“, - აცხადებენ სამინისტროში.
აშშ-ს მთავრობის დახმარებით 2015 წელს აშენდა ახალი შენობა და აღიჭურვა თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რის შედეგადაც, ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მეორე დონის შესაბამისი გახდა.
აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ საქართველოს მასშტაბით 11 ლაბორატორიის შენობა განახლდა და საერთაშორისო დონის აპარატით აღიჭურვა. მარნეულის ლაბორატორია ბოლო ობიექტია, სადაც სააგენტომ აღდგენა-აღჭურვის სამუშაოები განახორციელა.