საფონდო ბირჟის ახალ სამეთვალყურეო საბჭოში 42%-ის მფლობელ აქციონერთა წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა
სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ აქციონერთა კრებაზე დღეს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს. საბჭო 12 წევრისგან შედეგება. ესენი არიან : გიორგი ბაჩიაშვილი, გიორგი ფარესიშვილი, ეფრემ ურუმაშვილი, ნიკოლოზ ენუქიძე, კახაბერ კიკნაველიძე, გიორგი ჭირაქაძე, კახა ჩარგეიშვილი, არჩილ გაჩეჩილაძე, გიორგი შაგიძე, ნატო ხაინდრავა, თეიმურაზ ირემაშვილი და ბიძინა ბეჟუაშვილი. ახალი არჩევნების შედეგები მიუღებელი აღმოჩნდა 42%-ის მფლობელი აქციონერებისთვის, მათი წარმომადგენლები სამეურვეო საბჭოში ვერ მოხვდენენ, რის გამოც აქციონერთა კრება პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საფონდო ბირჟის აქციათა 56 %-ის მფლობელმა აქციონერებმა („გალტ ენდ თაგარტი“, „ქართუ ბროკერი“, „ლიბერთი სექიურითიზ“, „თი ბი სი ბროკერი“, „აბბი ასეთ მენეჯმენტი“, „პრიმა ბროკერი“) სამეთვალურო საბჭოს არჩევნების ჩატარება 27 აგვისტოს მოითხოვეს.
საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი ვახტანგ სვანაძე ახცადებს, რომ საბანკო სექტორმა სამეთვალყურეო საბჭო მხოლოდ საკუთარი წამომადგენლებით დააკომპლექტა:
„საბანკო სექტორის წარმომადგენელმა აქციონერთა ჯგუფმა ისარგებლა რა 2008 წელს კანონიდან საფონდო ბირჟის მესაკუთრეობის შემზღუდავი ნორმების ამოღებით, ფეხქვეშ გათელა საფონდო ბირჟის მცირე აქციონერთა და ბირჟის არასაბანკო წევრთა უფლება, ყავდეთ წარმომადგენელი ბირჟის მმართველ ორგანოში.კერძოდ, ამ კრებაზე 58%-ის ხმების მქონე საბანკო ჯგუფმა, აქციონერთა 42%-ის ინტერესთა სრული უგულვებელყოფით, 100%-ით თავისი წარმომადგენლებით დააკომპლექტა ბირჟის სამეთველყურეო საბჭო, რითიც კონტროლი დააწესა ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მთელს ინფრასტრუქტურაზე. იგნორირებულია არამარტო საერთაშორისოდ აღიარებული კორპორატიული მართვის პრინციპები, არამედ თვით ევროკავშირის დირექტივათა სულისკვეთებაც.
მიუხედავად მცირე აქციონერთა და ბირჟის არასაბანკო წევრთა მოთხოვნისა, თავიანთი ხმების პროპორციულად ჰყოლოდათ წარმომადგენლები ბირჟის მმართველ ორგანოში, ბანკების ზემოაღნიშნულმა ჯგუფმა დაამტკიცა სამეთვალყურეო საბჭოში თავისი წარმომადგენლების 12-კაციანი სია, რომლის სათავეშიც დგას გიორგი ბაჩიაშვილი“.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013 წლის 30 სექტემბრიდან თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორია. მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. საქართველოში ჩამოსვლამდე ბაჩიაშვილი რუსეთში ივანიშვილის აქტივების მმართველი კომპანიის - „უნიკორის“ მთავარი ფინანსური ოფიცერი იყო. დღეიდან საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომრის თანამდებობა ვაკანტურია - გოგი ლოლაძე ბირჟის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აღარ არის, რადგან მას საბჭოს წევრის სტატუსი აღარ აქვს.
„საქართველოს ბანკი“-ს კუთვნილი კომპანიის - სააქციო საზოგადოება „გალტ ენდ თაგარტი“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი კირტავა ამბობს, რომ საბანკო სექტორი საფონდო ბირჟაზე დომინანტი საკანონმდებლო ცვლილებების დახმარებით კი არა, არამედ ეფექტიანი მუშაობის შედეგად გახდა. :
„ბანკები შეიძლება არიან დომინანტები ბირჟაზე, მაგრამ დომინანტები უპირველეს ყოვლისა არიან თავიანთი აქტიურობით საფონდო ბირჟაზე. ყველა ძირითადი ემისია, რომელიც განხორციელებული იყო 2005 წლიდან 2008 წლის დასაწყისამდე, განხორციელებული იყო საბანკო ჯგუფების მიერ, რასაც ზუსტად ის საფუძველი აქვს, რომ საბანკო სექტორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია ანგარიშგების და კორპორატიული კულტურის კუთხით და ამის იგნორირება არ შეიძლება უბრალოდ“.
საფონდო ბირჟის აქციონერი „თი ბი სი ბროკერი“-ს წარმომადგენელი ზურაბ ფიჩხაია ამბობს, რომ საბჭოს წევრების არჩევისას აქციონერთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი არ შელახულა:
„სწორი გადაწყვეტილება მიიღო კრებამ და საკმაოდ კარგი გუნდი შეიკრიბა. ის, რომ პარიტეტი არ იქნება დაცული და მხოლოდ ბანკების წარმომადგენლები არიან სამეთვალყურეო საბჭოში, არ არის სწორი. ნახეთ სია, საბჭოს წევრები არ არიან მხოლოდ ბანკების წარმომადგენლები. ისინი ნამდვილად საფონდო ბირჟის განვითარების ხელშემწყობები არიან“.
ირაკლი კირტავას აზრით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ არსებული კანონმდებლობა მისაღებია და არ არის სასურველი ძველ კანონმდებლობაში უპირობოდ დაბრუნება.
„ჩვენ უნდა ვუყუროთ ევროკავშირისა და წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საკონონმდებლო ცვლილებების განხილვა იყო მიმართული იმისკენ, რომ განხილვის პროცესში ყოფილიყო მაქსიმალური ინფორმაცია საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისას გავითვალისწინოთ უცხოური საუკეთესო პრაქტიკა. ამ მხრივ ახალი რამის გამოგონებები არ არის სასურველი, განსაკუთრებით ძველ კანონმდებლობაში უპირობოდ დაბრუნება, ან კანონში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც იწვევს თუნდაც არასაბირჟო ბაზრის საერთოდ აკრძალვას“, - ამბობს კირტავა.
P.S. 15 სექტემბერს ჩვენს მიერ მომზადებულ სტატიაში „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონპროექტის განხილვები გიორგი კვირიკაშვილმა გააჩერა“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თვმჯდომარის დავით ონოფრიშვილის კომენტარი გავიდა:
„მე ვიყავი კანონპტოექტის ინიციატორი, მოქმედ კანონში უნდა შესულიყო ცვლილებები. კანონპროექტის განხილვები პარლამენტში მთავრობის ინიციატივით შეწყდა. კონკრეტეულად ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც კურირებს მთავრობის მხრიდან ფინანსური ბაზრის განვითარებას, გვთხოვა კანონპროექტის განხილვების შეჩერება და თავისი პოზიცია ახსნა იმით, რომ საფონდო ბირჟის განვითარებას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ განაპირობებს და მთავრობას ამ საკითხზე მიდგომების ფუნდამენტურად შეცვლა სურს. ფინანსური ბაზრის გაძლიერების ერთ-ერთ საშუალებად, მაშინ საფონდო ბირჟის მფლობელად გავლენიანი ინვესტორი კომპანიის შემოყვანის შესაძლებლობა დასახელდა. კანონპროექტი ამ მოტივით შეჩერდა, თუმცა ამის შემდეგ მთავრობიდან გამოხმაურება აღარ ყოფილა.
უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ, მთავრობას ამ თემაზე დაველაპარაკოთ და თუ მათი მხრიდან გამოხმაურება ისევ არ იქნება, მაშინ ისევ გავიტანთ კანონპროექტს პარლამენტში და მთავრობას სამართლებრივი ვალდებულება ექნება კანონპროექტზე თავისი შეხედულება დააფიქსიროს და შენიშვნები გამოგვიგზავნოს“.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ 16 სექტემბერს დავით ონოფრიშვილი დაგვიკავშირდა და გვთხოვა მისივე კომენტარის დაზუსტება: „კანონპროექტის განხილვისას საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ მითხრა, რომ განხილვები დროებით შეგვეჩერებინა. მთავრობიდან ამ თემაზე საკონტაქტო პირად კი ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა. უშუალოდ კვირიკაშვილს ჩემთვის კანონპროექტის განხილვების შეწყვეტა არ უთხოვია. როდესაც გიორგი კვირიკაშვილს ვესაუბრე, მისი პოზიცია იყო, დაგვეცადა სანამ მთავრობა ამ საკითხის გადაჭრაზე მუშაობდა. ჩვენ ვაპირებთ მთავრობას ამ თემაზე კიდევ ველაპარაკოთ, დავაზუსტოთ პოზიციები და შესაძლებლობის ფარგლებში კანონპროექტი პარლამენტში წლის ბოლომდე გავიტანოთ და კანონად ვაქციოთ“.
ზურაბ მოდებაძე