"ყველა ციხეში"
როდის და როგორ გახდა წამალდამოკიდებული, კოტე რუხაძეს არ ახსოვს. ის ახლა თვითორგანიზაცია "ჰეპა+"-ის ხელმძღვანელია და ნარკომომხმარებლებთან, C ჰეპატიტით ინფიცირებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან მუშაობს. კოტე ამბობს, რომ ადამიანთა იმ გამორჩეულ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან მუდმივად დისკრიმინაციას განიცდის: "პოლიციელის უკანონო ქმედების გამო გენინსპექციაში განცხადება შევიტანე. სასამართლო პროცესზე პროკურორმა მოსამართლეს ჩემზე უთხრა: იცით, ვინ არის ის ადამიანი, ვინც განცხადება შეიტანა? ნარკოტიკების მომხმარებელი და სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 273-ე მუხლით ნასამართლევი, რომელიც ამჟამად ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობის კურსს გადის-ო. პროკურორმა საჯარო გახადა ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურია და მას არ უნდა ჰქონოდა, რადგან ბრალდებული არ ვიყავი. მისი დამოკიდებულება ჩემდამი არის ზუსტად ისეთი, როგორი დამოკიდებულებაც აქვს სახელმწიფოს ნარკომომხმარებლების მიმართ: ჩვენ ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფი ვართ ქვეყანაში. სახელმწიფო მუდმივად ხაზს უსვამს იმას, რომ ნარკომანის ნდობა არ შეიძლება, რომ ის არის საშიში, კრიმინალი, გარეწარი და ბოროტმოქმედი. ეს სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკა გაამართლოს და საზოგადოებაშიც გაამყაროს აზრი, რომ ნარკომანს კი არ უნდა უმკურნალოს, არამედ დასაჯოს. მქონდა იმედი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ნარკოპოლიტიკა და წამალდამოკიდებულებთან დამოკიდებულება შეიცვლებოდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა."
საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ნარკოკანონმდებლობა საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა. 2002 წელს წამალდამოკიდებულება დაავადებად აღიარეს, მაგრამ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა, რის გამოც ეს კანონმდებლობა დღემდე წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების უმთავრეს პრინციპებთან: ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანი ერთსა და იმავე დროს ავადმყოფიც არის და დამნაშავეც.
„კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკების შენახვაზე გამკაცრებულ სასჯელს ითვალისწინებს... ამ დანაშაულებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს - ყველა ციხეში!“, - ეს განცხადება ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში 2006 წლის 14 თებერვალს გააკეთა, მაშინ, როცა კანონპროექტი - „ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ“ წარადგინა.
ექსპრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ კანონი გამკაცრდა. ახლა საქართველოს პოსტსაბჭოთა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვს: ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით ისჯება, რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება ( სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი), რაც 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან დაჯარიმებას გულისხობს.
სსკ 260-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ფლობა ნებისმიერი ოდენობით სისხლის სამართლის დანაშაულია. კანონი არც ნარკოტიკების მომხმარებელს და გამსაღებელს და არც მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს ერთმანეთისგან არ მიჯნავს. 260-ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშულების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის დამზადება, შეძენა-შენახვა ან გასაღება მცირე ოდენობით 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების (ჰეროინის შემთხვევაში 1 გრამზე მეტი) შენახვა კი 8-დან 20 წლამდე თავისუფლების, ან თავისუფლების უვადო აღკვეთით. მაშინ, როდესაც იგივე კანონმდებლობა, გაუპატიურების შემთხვევაში დამნაშავეს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას უსჯის, განზრახ მკვლელობის ჩამდენს კი 7-15 წლით აპატიმრებს.
კანონმდებლობით სათანადოდ არც ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებია განსაზღვრული. 2003 წლის პარლამენტის დადგენილებაში, რომელშიც განსაზღვრულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობები, ბევრ ნივთიერებას არ აქვს განსაზღვრული მცირე ოდენობა, რის გამოც ნებისმიერი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობა დიდ ოდენობად ითვლება და სასჯელის მკაცრ ზომას ითვალისწინებს.
გიორგი მ. ბუპრენორფინის მოხმარებისთვის გაასამართლეს. "3 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს და ჯარიმის სახით 5000 ლარი გადამახდევინეს. მე არ ვიყავი დამნაშავე. არც დაკავების მომენტში და არც დაკავებამდე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ნარკოტიკების რეგულარული მომხმარებელი არ ვიყავი. ვიყავი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რის გამოც საკასაციო საჩივრით სასჯელის შემსუბუქება მოვითხოვე. სასამართლომ ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა“, -ამბობს გიორგი. ახლა ის თავისუფალია. ამჟამად უმუშევარია და ამბობს, რომ ნარკომანისა და ნასამართლევის იარლიყის მიკერებით ის სამუდამო უმუშევრობისთვის გაწირეს.
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროექტების კოორდინატორი პაატა საბელაშვილი აცხადებს, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის მიუხედავად საქართველოში ნარკომომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა. ის საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და ორგანიზაცია „ბემონის“ მიერ 2013 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს იმოწმებს: „კვლევებმა აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 40 ათასიდან 45 ათასამდე გაზარდა. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად ნარკომომხმარებელთა ნაწილი უფრო მეტად დამაზიანებელი, ე.წ. კუსტარული ნარკოტიკების მოხმარებაზე გადავიდა“.
ნარკოპოლიტიკის გამკაცრების კვალდაკვალ ნარკოტიკების ქართული ბაზრის სტრუქტურაც შეიცვალა. ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა ჰეროინისა და სუბოტექსის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა. სამაგიეროდ, შავ ბაზარზე კუსტარული, ბევრად უფრო იაფი და დამაზიანებელი ნარკოტიკები: „ვინტი“, „ჯეფი“ და „ნიანგი“ გამოჩნდა. მათი მოხმარება კი გადაჯაჭვულია ზედოზირებასთან, რაც სიკვდილიანობის რისკის ზრდას იწვევს.
ზედოზირება - წართმეული სიცოცხლის უფლება
ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია საქართველოში არ არსებობს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებს წამალდამოკიდებულის ოჯახი და ახლობელთა წრე საგულდაგულოდ მალავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზედოზირების ყოველი 100 შემთხვევიდან 4 სიკვდილით მთავრდება.
ექსპერტები არასრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის ძირითად მიზეზად არაკეთილგანწყობილ სამართლებრივ გარემოს ასახელებენ. ზედოზირების შემთხვევაში ნარკოტიკების მომხმარებლები სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას თავს არიდებდნენ, რადგან შემთხვევის ადგილზე მედპერსონალს პატრული და კრიმინალური პოლიცია უნდა გამოეძახა, რაც შემდეგ წამალდამოკიდებულის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი ხდებოდა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2014 წლის 11 აგვისტოდან ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევაში ექიმებს პოლიციის გამოძახება აღარ ევალებათ. "საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ იყო ზედოზირების რამდენიმე შემთხვევა, როცა გამოძახების ადგილზე პატრული მაინც მივიდა. "112"-ში გვითხრეს, რომ ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა შეტყობინების დროს არ არის განმარტებული, რა გახდა ადამიანის უგონო მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი და თუ გვექნება ინფორმაცია, რომ ზედოზირების შემთხვევაა, პატრულს აღარ შევატყობინებთ-ო. "112" შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ძნელი დასაჯერებელია, რომ მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს ინფორმაცია არ მიაწოდონ. ამასობაში ახალი პრობლემა გაჩნდა - ნალოქსონი, წამალი, რომლის გამოყენებაც ზედოზირების დროს აუცილებელია, 1 სექტემბრიდან მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. არავინ იცის, ასეთი შემთხვევა თუ იქნება, ადამიანი მდგომარეობიდან სწრაფად როგორ უნდა გამოიყვანონ", - ამბობს პაატა საბელაშვილი.
წამალდამოკიდებულები და ბიუჯეტი
მას შემდეგ, რაც ნარკოტიკების მოხმარებაზე ჯარიმა გაიზარდა, ნარკოტესტირების ჩატარება კი შსს-ს დაევალა, ქუჩიდან ტესტირებაზე ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მიჰყავთ. პოლიციელის "გონივრული ეჭვი" საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ნებისმიერი გამვლელი ნარკოტესტირებაზე აღმოჩნდეს. რომელი გარეგნული ნიშნებია საეჭვო, ამას თითოეული პოლიციელი ინდივიდუალურად, თვალის ერთი შევლებით ადგენს. პოლიციელთა მხრიდან ნარკოტესტირებაზე გადასაყვან პირთა თვითნებურ და დაუსაბუთებელ შერჩევის ფაქტზე ყურადღება სახალხო დამცველმაც გაამახვილა. "სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის სამმართველოს მიერ იანვრიდან ივნისის ჩათვლით ნარკოტიკული ნივთიერებების სავარაუდო მოხმარებისთვის დაკავებულ იქნა 1600-მდე პირი, მათგან მხოლოდ 130-მდე პირს დაუდგინდა სამართალდარღვევის ჩადენა. აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოა, რადგან ფაქტობრივად დაკავებულ პირთა 90 პროცენტზე მეტს არ დაუდგინდა სამართალდარღვევის ჩადენა. ეს აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომ პოლიცია პირთა დაკავებისას მოქმედებს არა საფუძვლიანი ეჭვის კრიტერიუმის გამოყენებით, არამედ თვითნებურად,"- აღნიშნულია სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში.
ერთი ნარკოლოგიური შემოწმება სახელმწიფოს 52 ლარი უჯდება. შსს-ს ინფორმაციით, 2010–2013 წლებში ნარკოშემოწმება 142 716-მა ადამიანმა გაიარა, აქედან 76 535-ს (საერთო რაოდენობის 53,6%) ნარკოტიკების მოხმარება არ დაუმტკიცდა. მხოლოდ გასულ წელს ნარკოტესტირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ-ზე მეტი თანხა დაიხარჯა.
2008-2009 წლებში სახელმწიფომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს ბიუჯეტის სასარგებლოდ 44 მლნ ლარზე მეტი თანხა გადაახდევინა, იმავე პერიოდში კი ნარკომომხმარებელთათვის გამიზნულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში 2 მლნ ლარი დახარჯა.
ჩანაცვლებითი თერაპია და პროგრამის მიღმა დარჩენილი ნარკომომხმარებლები
2014 წელს წამალდამოკიდებულთა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისთვის 5 მლნ ლარია გამოყოფილი. ჩანაცვლებითი თერაპიის პირველი პროგრამა შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის დაფინანსებით საქართველოში 2005 წელს ამოქმედდა. წამალდამოკიდებულებს ასეთივე პროგრამა სახელმწიფომ 2008 წლიდან შესთავაზა. ორივე პროგრამის ფარგლებში ახლა ჯამში 2300 ადამიანი მკურნალობს - ეს ნარკოტიკების ინექციური მოხმარებლების 5,1 პროცენტია. 2300 წამალდამოკიდებულიდან 600 ადამიანის (აქედან 100 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება) მკურნალობას გლობალური ფონდი აფინანსებს. ფონდის პროგრამა წამალდამოკიდებულებისთვის უფასოა, მაგრამ პროგრამაში მხოლოდ აივ/შიდსით ინფიცირებულები და სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზაში მყოფი პირები ხვდებიან. სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ მეთადონის საფასურს ფარავს, სერვისის ღირებულება - თვეში 110 ლარი კი პაციენტმა უნდა გადაიხადოს.
ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი გელა ლეჟავა პროგრამის დადებით მხარეებზე საუბრობს: "პროგრამაში მყოფი ადამიანი ნაკლებ ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და საზოგადოებას. კლებულობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული და სარისკო ქცევა. პაციენტი, რომელიც მკურნალობს, ინექციური მომხმარებელი აღარ არის. შესაბამისად, გადამდები ინფექციების, აივ/შიდსის და ჰეპატიტების გავრცელება აღარ ხდება". ლეჟავა ამბობს, რომ დაავადების რემისიის მხრივ პროგრამის შეფასება ძალიან რთულია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს მკურნალობის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმები და სისტემა.
ეკა გ.- ძე რამდენიმე წელია ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაშია. ამბობს, რომ პროგრამამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ახლა ის აქტიურია, შრომისუნარიანი და რაც მთავარია, ფხიზელი. ეკა პროგრამის პრობლემებზე საუბრობს: "ჩანაცვლების პროგრამები არის მხოლოდ დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, გორში, თელავში, ბათუმსა და ოზურგეთში. შეუძლებელია ადამიანმა ყოველდღე ლაგოდეხიდან თელავში იაროს, გზის ფულს ვერ გადაიხდის. ცენტრი მხოლოდ სამუშაო საათებში მუშაობს. დასაქმებული ადამიანისთვის ეს სერიოზული პრობლემაა - ჯერ ერთი, დამსაქმებელს უნდა აუხსნა, სად და რისთვის დადიხარ და ისიც, რომ ყოველდღე, სამუშაო საათებში მინიმუმ 2 საათი სამსახურში არ იქნები. არც ყოველთვიური 110 ლარის და ყოველდღიური გზის ფულის გადახდაა ადვილი. ძალიან ბევრ მოხამრებელს უნდა მკურნალობა, მაგრამ თანხა მათთვის ბარიერია. თუ ქალაქიდან რამდენიმე დღით გასვლა გიწევს, წამლის მარაგს არ მოგცემენ, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის ბრძანებით ამის უფლება გვაქვს - ე.ი. საცხოვრებელ ადგილს ერთი დღითაც ვერ დავტოვებთ. ბევრი ამის გამო მკურნალობაზე უარს ამბობს. ყველაზე მთავარი პრობლემა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის არარსებობაა. ადამიანს, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში შედის, ცხოვრებაში დაბრუნება უნდა. პროგრამის დამთავრების შემდეგ კი მას სახელმწიფოც და საზოგადოებაც ხელს ჰკრავს. მის დასაქმებასა და რესოციალიზაციაზე არავინ ზრუნავს - რჩება ისევ უსამსახუროდ, უფულოდ და იძულებული ხდება უკან, ქუჩას და ქუჩის ნარკოტიკებს დაუბრუნდეს".
ახალი ნარკოპოლიტიკა
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის და ნარკოკომისიის წევრი პაველ ბემი მიიჩნევს, ქართულ ნარკოპოლიტიკაში დასჯაზე მიმართული სტრატეგია საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა უნდა შეცვალოს: „უკანასკნელი 20 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვა ძალიან არაეფექტურია, მათი ციხეში შენახვა სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება. ამით ვკარგავთ მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო რესურსს. მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციას ბევრი პოზიტიური შედეგი აქვს. დეკრიმინალიზაციის პროცესში ადვილია წვდომა ე.წ. დამალულ ნარკომომხმარებლებთან, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროსთან კონტაქტი არ აქვთ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში არსებული 45 ათასი ნარკომომხმარებლიდან ჯანდაცვის სერვისებით მხოლოდ ერთი მეოთხედი სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი ნარკომომხმარებლები შეიძლება დაავადდნენ შიდსით, ან C ჰეპატიტით და ამით დანარჩენ საზოგადოებასაც საფრთხე შეუქმნან“. ბემი ამბობს, რომ დასჯაზე მიმართული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად უცხოეთის საუკეთესო გამოცდილების ქართულ გარემოსთან ადაპტაციაა აუცილებელი.
ექსპერტები საუკეთესო გამოცდილებად პორტუგალიაში ჩატარებულ რეფორმას ასახელებენ. პორტუგალიამ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციითა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომებით 10 წლის განმავლობაში მკვეთრად შეამცირა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, ნარკომოხმარებით ინფიცირების მასშტაბი და მკვეთრად გაზარდა პოლიციის მიერ ნარკოტიკების ბრუნვიდან ამოღების მაჩვენებელი.
ანტინარკოტიკული კომისიის წევრი და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობს: "მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, ფლობა და გასაღება. უნდა მოწესრიგდეს და განახლდეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების სია და ოდენობები და ნარკოტიკებით მიყენებული ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებისთვის კანონში უნდა გაჩნდეს უფრო მეტი გარანტიები".
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა განიხილოს.
მანანა ვარდიაშვილი