ავტომფლობელის პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევა 100–150 ლარი ეღირება
100–დან 150–მდე ლარი წელიწადში - ეს ის სავარაუდო თანხაა, რომელსაც ავტომობილის ყველა მფლობელი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ გადაიხდის. ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. კანონი 2015 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სერვისი საქართველოში ახლაც არსებობს. მაგრამ, ქვეყანაში დარეგისტრირებული 950 000 ავტომფლობელიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევით ამჟამად მხოლოდ 38 674 ავტომანქანის მესაკუთრე სარგებლობს. კანონის ამოქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა ავტომფლობელისთვის სავალდებულო იქნება.
სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ავტომფლობელთა სავალდებული დაზღვევის საკითხზე 3 წელია მუშაობს. ის ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს კანონპროექტის გატანა ვერ მოხერხდა, რადგან მთავრობამ ულტრალიბერალური მოსაზრებების გამო სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღება გამართლებულად არ მიიჩნია.
ავტო ავარიების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე სრულდება ტრაგიკულად, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი კი სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს, ბევრი მათგანი სამუდამოდ ხეიბრდება. ავტო ავარიების შედეგად გარდაცვალების შემთხვევების 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის. ავარიების შედეგად მიყენებული ზარალი დაუზღვეველ მოქალაქეებს და სახელმწიფოს მძიმე ტვირთად აწვება.
გასულ წელს საქართველოში 5 510 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიების შედეგად 8 045 ადამიანი დაშავდა, 514 კი გარდაიცვალა. ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა ამბობს, რომ საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკა სრულყოფილი არ არის: „მსოფლიოში მიღებული წესის თანახმად, თუ ადამიანი საგზაო შემთხვევიდან 30 დღის განმავლობაში იღუპება, მაშინ ითვლება, რომ გარდაცვალების მიზეზი საგზაო შემთხვევა იყო. საქართველოში გარდაცვლილთა აღრიცხვა ასეთი წესით არ ხდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მაღალი უნდა იყოს. მაღალია დაშავებულთა რიცხვიც. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ჯანდაცვის ბიუჯეტის 30% საგზაო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმების მკურნალობაზე იხარჯება. ავარიების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2-3%-ს უტოლდება. ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას შეუძლია გარდამტეხი როლი ითამაშოს ავტოავარიების შედეგად ადამიანებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში,“– ამბობს კვაშილავა.
Eugeorgia.info-სთან საუბარში დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ: „საგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის გარკვევა ახლა პირადი გარჩევების დონეზე ხდება. დაზარალებულ ადამიანს მიყენებულ ზიანს ხშირად ობიექტურად არ უნაზღაურებენ. ავარიებით გამოწვეული ტრავმების მკურნალობა ირიბ ტვირთად მთავრობას აწვება. ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაში იგულისხმება ის, რომ თუ ასეთი დაზღვევის მქონე ადამიანი სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას მიაყენებს ზიანს, დაზარალებული ადამიანის მკურნალობის, ან დაზიანებული ქონების შეკეთების ხარჯებს მთლიანად სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. ეს არის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში. კანონმდებელი ადგენს, რომ მესამე პირისადმი მიყენებული ზარალი იყოს დაფარული ობიექტურად, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა დამზარალებელს მისი დაფარვის საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო დატვირთვა იზრდება“.
შსს–ს ინფორმაციით, საქართველოში ავტომანქანების რაოდენობაყოველწლიურად ათი პროცენტით იზრდება. ავტომობილების რაოდენობის ზრდის გამო ავტო- ავარიების რიცხვიც მატულობს. ხშირია შემთხვევები, რომ ავტომობილის მართვის დროს მძღოლი სხვა მანქანას, ან ფეხით მოსიარულეს ეჯახება და სხვის ქონებას აზიანებს.
„ასეთ დროს მძღოლს ორმაგი ხარჯის გაღება უწევს: უნდა შეაკეთოს საკუთარი ავტომობილი, რაც თავისთავად დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული და გადაიხადოს მის მიერ დაზიანებული ავტომობილის შეკეთების თანხაც. შეიძლება საკუთარი ავტომობილის შეკეთება ადამიანმა ცოტა ხნით გადადოს, მაგრამ იმ მანქანის შეკეთება, რომელიც მან დააზიანა, ყველა შემთხვევაში დამზარალებლის ვალდებულებაა“, – ამბობს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილი, –„თუ საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, მაგალითად დაშავდა ფეხით მოსიარულე, ან ავტომობილის მგზავრი, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება. ასეთ დროს თუ მძღოლს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა აქვს, მაშინ დაზარალებულ მხარეს მიყენებულ ზიანს მთლიანად სადაზღვევო კომპანია უნაზღაურებს. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გადის სადაზღვევო კომპანიის მობილური ჯგუფი და ავარიით გამოწვეულ ყველა პრობლემას (იქნება ეს საბუთების მოწესრიგება, სხვისი მანქანის შეკეთება თუ დაშავებული მგზავრების სტაციონარში გადაყვანა) ის აგვარებს. ასეთი ტიპის დაზღვევა ყველა განვითარებულ ქვეყანაში სავალდებულოა. ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ყველაზე კარგი გამოსავალია დაზარალებული მხარისთვის, ავტომფლობელისთვის, ვისი მიზეზითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და სახელმწიფოსთვის. სადაზღვევო კომპანიები სრულად უზრუნველყოფენ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წარმოქმნილი ასეთი ტიპის ზარალების ანაზღაურებას და ტრავმ ებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე სახელმწიფოც ნაკლებ ფულს ხარჯავს“.
ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოლისის მაქსიმალურ ფასს პარლამენტი განსაზღვრავს. ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობას და მომსახურების სერვისებს სადაზღვევო კომპანიები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესაძენად ავტომობილის დაზღვევის ყიდვა აუცილებელი არ იქნება.