მეწარმეებს HACCP-ის დასანერგად საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობა დასჭირდებათ
„11 მლნ ევრო გათვალისწინებულია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე იმ ინსტიტუციებისთვის, რომელიც ხელს უწყობს წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას“
2012 წლის 7 მარტიდან სასაკლაოებსა და რძის გადამამუშავებელ საწარმოებს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP - Hazard Analysis and Critical Control Point) დანერგვა კანონით მოეთხოვებათ. თუმცა ამ საწარმოების უდიდეს უმრავლესობას HACCP-ი დანერგილი არ არქვთ.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის პრინციპები ჯერ კიდევ 1970 წელს აშშ-ში შემუშავდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა. დღეისათვის HACCP-ი საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის ყველაზე გავრცელებული სისტემაა, რომელიც სურსათით გამოწვეული საფრთხეების დადგენასა და მათ პრევენციას ემსახურება.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის IFC-ის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოში HACCP-ის დანერგვის რამდენიმე წინანპირობაა განმარტებული:
• მენეჯმენტის მტკიცე, მონდომება, მზადყოფნა და მოტივაცია, რაც ქმედითი სისტემის დანერგვის უმთავრესი პირობაა.
• პერსონალის რეგულარული ტრეინინგი, რაც აუცილებელია სისტემის შემუშავების, დანერგვისა და შემდგომი წარმართვის ყოველ ეტაპზე.
• HACCP-ის ჯგუფის ტრეინინგი.
• სისტემის დანერგვისთვის საჭირო რესურესების გამოყოფა (ფინანსური, ტექნიკური, ადამიანური და სხვა).
• საინფორმაციო წყაროების ხელმისაწვდომობა, რაც მოიცავს სამეცნიერო სახელმძღვანელო მასალებს, კანონებს, მონაცემთა ბაზებს , სამეცნიერო და საკონსულტაციო ორგანიზაციებს და სხვა.
eugeorgia.info დაინტერესდა როგორ ემზადებიან საქართველოს რეგიონებში მეწარმეები მათთვის ახალ საწარმოო სისტემაზე გადასასვლელად. ინფორმაციის ადგილზე მოსაპოვებლად ახალციხის რაიონში მდებარე რამდენიმე საწარმოს ვესტუმრეთ.
კახა ტეფნაძე ახალციხის რაიონის სოფელ მინაძეში ცხოველთა სასკლაოს ფლობს და შპს „კუშა 2011“-ის სახელით ოპერირებს. მისმა საწარმომ ფუნქციონირება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან დამეხმარა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 100 ათასი დოლარი გამოვიტანე. საპროცენტო განაკვეთის 2%-ს მე ვფარავ, დანარჩენს სახელმწიფო იხდის. ამ ფულით სასაკლაოს გარდა საკალმახე მეურნეობას ვაფართოებ და ასევე 40 სულ საქონელზე გათვილ ფერმასაც ვაშენებ. ჯერჯერობით კრედიტის მიზნობრიობა შესრულებეული არ მაქვს, რადგან ზამთარმა მოგვისწრო და შეუძლებელია საამშენებლო საქმიანობის დასრულება.
მანქანა მაცივრის და საწარმოო დანადგარების შეძენაში არასამთავრობო ორგანიზაცია„ მერსი კორპსიც“ დაგვეხმარა. საბოლოო ჯამში ამ ორგანიზაციამ წარმოების გასაუმჯობესებლად 52 ათასი ლარი გადმოგვცა“, - ამბობს კახა ტეფნაძე.
სასაკლაო შპს „კუშა 2011“
ამ სასაკლაოს წარმადობა დღეში 30 პირუტყვია, რაც ყოველთვიურად 900 პირუტყვის დაკვლის შესაძლებლობაა, თუმცა სასაკლაო კლიენტების სიმცირის გამო სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. მიუხედავად ამისა, საწარმოს მეპატრონეს იმედი აქვს, რომ სასაკლაოში ჩადებული ინვესტიცია გაამართლებს და ბევრად მეტ ადამიანსაც დაასაქმებს: „სასაკლაოს ვამატებთ ნახევარფაბრიკატების წარმოებას და ყველაზე ცოტა 15 ადამიანი უნდა დავასაქმოთ. ახლა 6 ადამიანი გვყავს დასაქმებული, რასაც ახლო მომავალში დაემატება ეს 15 ადამიანი. ასევე ვგეგმავთ საკალბასე საწარმოს გაკეთებასაც. 2-3 თვეში უკე ნახევარფაბრიკატების წარმოებას დავიწყებთ. ეს იქნება ჩვენი ბრენდირებული პროდუქცია. ჯერჯერობით ბრენდის სახელი მოფიქრებული არ გვაქვს, მაგრამ გვინდა რომ ნატურალური პროდუქტი იყოს. კანონის მოთხოვნასაც რომ თავი გავანებოთ, ჩვენ ბაზარზე სანდო პროდუქციის განვთავსება გვსურს. სახელიც მეტი გვექნება და ჩვენს მომხმარებელს ცოლ-შვილის მოწამლვის შიშიც გაუქრება. აი, ამის მიღწევა გვინდა და ამას 3 თვეში შევძლებთ“.
ტეფნაძე თბილისში ხორცპროდუქტების მცირე მარკეტების ქსელის გაკეთებასაც გეგმავს. მის საწარმოს შესაბამისობის სერტიფიკატიც აქვს და უვნებელი სურსათის წარმოების ამბიციაც, თუმცა HACCP-ის სტანდარტთნ დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს: „სიმართლე გითხრათ HACCP-თან დაკავშირებით მე დაწვრილებით ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან ეს თემა ჩემთვის ახალია. თუ მეტყვის საურსათის ეროვნული სააგენტო, რომ ჰასპი უნდა დავნერგო, ამას შევასრულებ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 3 ათასი ლარი ჯდება HACCP-ის სტანდარტის სწავლება და, რა თქმა უნდა, მაგას შევძლებ. უკვე ამხელა ხარჯი მაქვს გაწეული და რაც არ უნდა იყოს და რამდენიც არ უნდა დამიჯდეს HACCP-ი მაინც უნდა დავნერგო. თუ არ დაგვჩაგრავენ და წიხლს არ დაგვაჭერენ, მე ყველანაირად შევეცდები, რომ ჩვენი წარმოება კანონის ფარგლებში მოექცეს“.
მამა-შვილი ამირან და რეზო კაჭკაჭიშვილები ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში რძის გადამამუშავებელ კომპანიას ფლობენ. საწარმო ბიზნეოპერატორად არის დარეგისტრირებული და მისი სახელია შპს „წიფორა-სამცხე“. კაჭკაშიშვილებმა 3 წლის წინ ჯერ კომპანიის 50%-იანი წილი იყიდეს, მოგვიანებით კი ბიზნეს პარტნიორისგან საწარმოს დარჩენილი წილიც გამოისყიდეს.
საწარმო ამჟამად გადაიარაღების პროცესშია და მცირე ხნით წარმოება შეწყვეტილი აქვს. საწარმოს საშუალო წარმადობა 2400 ლიტრი რძის გადამუშავებაა, სრული დატვირთვით მუშაობისას კი საწარმოს გაცილებით მეტის გადამუშავების ტექნიკური შესაძლებლობა აქვს. „წიფორა-სამცხე“ რძეს გელეხებისგან და ფერმერებისგან იბარებს. 1 ლიტრი რძის ფასი გაზაფხულზე 70 თეთრია, ხოლო გვიან შემოდგომაზე 1 ლიტრი რძის საყიდლად 1 ლარსა და 10 თეთრს იხდიან. საწარმოში ჩვეულებრივ, შებოლილ და დაწნულ სულგუნს აწარმოებენ.
რეზო კაჭკაჭშვილის თქმით, პროდუქციის მიკვლევადობის ჯაჭვის აწყობის თავლსაზრისით დიდ პრობლებემს აწყდებიან, რადგან საწარმოს რძით მომმარაგებელი გლეხები რძის უვნებლობაზე არ ზრუნავენ: „სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არის მოთხოვნა რომ უვნებელი რძე ჩავიბაროთ. პრობლემა ის არის, რომ გლეხს არ აინტერესებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ არ წავიღებ რძეს, ყველს გააკეთებენ და გაყიდიან. მე დაახლოებით 1000 ძროხისგან ვიღებ რძეს და საიდანაც მომაქვს რძე ვცდილობ, რომ მომწოდებლების შესახებ სრული ინფორმაცია მქონდეს. არასტაბილური და საეჭვო პროდუქციის მოწოდება რომ თავიდან ავიცილოთ, გვინდა 10 -15 მსხვილი ფერმერი გავაერთიანოთ და კოოპერატივი შევქმნათ. ვეტერინარსაც მივიყვანთ, რომელიც ყველა პირუტყვს აცრის და ცხოველის საკვების ვარგისიანობას შეამოწმებს. ეს პროცესი რთულად მიმდინარეობს. როცა რაღაც პირობას ვთავაზობთ, ფერმერებს ჰგონიათ, რომ რაღაცაში ვატყუებთ. მათ არ სჯერათ, რომ მე 40 თეთრი მრჩება კილო სულგუნში, დღეში 200 კილო სულგუნს ვაკეთებ, და სწორედ ეგ არის ჩემი მოგება. ძალიან შორს არიან ჩვენი ფერმერები რეალობის აღქმისაგან“.
კაჭკაჭიშვილების საწარმოში ჭარბი რძის სეზონზე 15 ადამიანია დასაქმებული, როცა რძე ნაკლებია მინიმუმ 7 ადამიანს ამუშავებენ. დამხმარე მუშების საშუალო ხელფასი 300 ლარია, ხოლო ტექნოლოგის ხელფასი 700 ლარს შეადგენს. ქარხნის რეკონსტრუქციისთვის კაჭკაჭიშვილებს „რესპუბლიკა ბანკიდან“ 30 ათასი დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი აქვთ და საპროცენტო განაკვეთის მხოლოდ 2%-ს იხდიან, დანარჩენს კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უფინანსებთ. „წიფორა-სამცხე“-ს ქარხნის გადაიარაღებაში არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ი დაეხმარა. იმავე მიზნებისთვის რეგიონალური განვითარების პროგრამიდან (RED) 80 ათასი აშშ დოლარი მიიღეს.
„წიფორა-სამცხე“
რეზო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ სპეციალისტების დახმარების გარეშე HACCP-ის დანერგვა გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს ინფრასტრუქტურა სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და მხოლოდ პროდუქტის მიკვლევადობის პრობლების გადაჭრა სჭირდებათ: „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვის შესახებ ჯერ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არ მქონია კონკრეტული საუბარი. მე არ მაქვს პრობლემა რომ წავიკითხო და HACCP-ის დანერგვა ჩვენი ძალებით ვცადო , მაგრამ პრობლემა ის არის, რომ შეიძლება მე რაღაც სხვანაირად გავიგო და სხვა რამე იგულისხმებოდეს, ამიტომ ტრენინგები უნდა იყოს, რომ იქ მივიდეთ მეწარმეები და აგვიხსნან დაწვრილებით, თუ როგორ უნდა ავაწყოთ წარმოება. ჯერჯერობით იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც მეწარმეებს HACCP-ის დანერგვაში ეხმარებიან, კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს“.
„წიფორა-სამცხე“-ს პროდუქცია იყიდება მარკეტების ქსელში „ორი ნაბიჯი“, ასევე არაბრენდირებულ მარკეტებსა და აგრარულ ბაზრობებზეც. კაჭკაჭიშვილების დაწნულ სულგუნს ამერიკაში ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობაც ჰქონდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მათი დაწნული სულგუნი ამერიკის მოქალაქემ შემთხვევით დააგემოვდა და მოგვიანებით მისი დისტრიბუციაც გადაწყდა, თუმცა ამერიკული მხარისთვის მისაღები სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება ვერ მოხერხდა და მოლაპარაკებებიც ჩაიშალა.
„ამერიკელებმა მოითხოვეს, რომ ყველის წარმოების მთლიანი პროცესი კამერაზე გადაგვეღო. დავიქირავეთ პროფესიონალი ოპერატორი და რძის შემოსვლიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე სრული საწარმოო პროცესი გადავიღეთ. ეს მასალა გავაგზავნეთ ამერიკაში. თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგებოდა, ამერიკელებს ჰქონდათ ასეთი პირობა, რომ საწარმოში უნდა დამონტაჟებულიყო კამერები, რომ ონლაინ რეჟიმში საწარმოო პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ვერ შევძელით სურსათის უვნებლობის სამინისტროსგან ისეთი დოკუმენტის მოპოვება, რომელიც საჭირო იყო. ვეტერინარული სერტიფიკატის გამო მოლაპარაკებები ამ ეტაპზე გაიყინა. თუმცა ამ პროცესის გაგრძელების იმედი მაქვს“, - ამბომს რეზო კაჭკაჭიშვილი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იურდიული დეპარტამენრის უფროსის მაკა შუბლაძის განცხადებით, მაღალი რისკის შემცველი ქართული პროდუქციის ექსპორტზე გასვლამდე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ყველა ის სტრუქტურული რგოლი უნდა მოვიდეს, რომელიც სურსათის უვნებლობის კონტროლშია ჩართული. ეს პროცესი ექსპორტისთვის აუცილებელი სერტიფიკატების ფორმების შესაბამისობაში მოყვანასაც გულისხმობს: „ევროკავშირის წარმომადგენლები პირველ რიგში იწყებენ კანონმდებლობის შესწავლას და ეცნობიან რა მოთხოვნები და ვალდებულებებია ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მისაღწევად. ჩვენ ვთარგმნეთ ჩვენი კანონმდებლობა, გავაკეთეთ პრეზენტაციები, სადაც ნაჩვენებია როგორ არის მიახლოებული ჩვენი კანონები ევროკავშირის კანონმდებლობასთან. შემდეგ ამოწმებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც უნდა განახორციელოს კონტროლი, ამოწმებენ თანამშრომლების კომპეტენციას, რამდენად დატრენინგებულები არიან ეს თანამშრომლები, რომლებმაც ინსპექტირება უნდა გააკეთონ. ამოწმებენ ინფრასტრუქტურას აქვს თუ არა შესაძლებლობა სააგენტოს, რომ შესაბამისი კონტროლი განახორციელოს. ამის შემდეგ მოწმდება ლაბორატორიული ქსელი, რომელიც კვლევას აკეთებს, კონტროლდება სერტიფიკატის ფორმები რითაც უნდა მოხდეს ექსპორტი. შემდეგ შემოწმდება ის საწარმოები , რომლებიც შესაძლოა მზად იყვნენ იმისთვის, რომ ევროკავშირში ექსპორტი განახორციელონ. დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომ რამდენიმე მისია მივიღეთ საქართველოში და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც გამოგზავნილი იყო შესავსებად და ინფორმაციის მისაწოდებლად შევავსეთ და ჯერჯერობით მხოლოდ თაფლთან და თევზთან დაკავშირებით მათ გადაწყვეტილებას ველოდებით“.
შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონ“ ახალციხის რაიონის სოფელ წნისში ცხოველის საკვების მწარმოებელ და რძის გადამამუშავებლ საწარმო „ახალციხურს“ ფლობს. საწარმო 2008 წელს შეიქმნა და თავდაპირველად მხოლოდ 2 სული მეწველი ძროხა ჰყავდათ. თავიანთი პირუტყვის გამრავლების პარალელურად რძეს მიმდებარე სოფლებიდან იბარებდნენ, თუმცა რძის დეფიციტმა მეწარმეების წინაშე ჯიშიანი პირუტყვის მოშენების აუცილებლობის საკითხი დააყენა.
„ახალციხური“
„იაფი სესხის ფარგლებში ავაშენეთ 100 სულიანი ფერმა. პირუტყვი შემოვიყვანეთ არზნის საჯიშე მეურნეობიდან სომხეთიდან , ფაქტობრივად მოვიარეთ ყველა ქვეყანა მსოფლიოში სადაც ფერმები არსებობდა და მაინც ჩვენი არჩევანი შევაჩერეთ სომხეთზე იმიტომ, რომ ახლოა, ჩადიხარ შენ თვითონ, პირუტყვს ნახულობ, კარანტინზე შენი ზედამხედველობის ქვეშ არის. მაკე პირუტყვი შემოვიყვანეთ, რომლებმაც აქ დაიწყეს მოგება. კარგი პირუტყვია. ეს არის ჰოლსტეინის (holstein) და პლაკის (plaques) ნაჯვარი და მომთაბარეა რაც მთავარია. მომთაბარეობა ჩვენი რეგიონისთვისაა დამახასიათებელი, ჩვენ სოფელ ურაველში საძოვრები გვაქვს“, - ამბობს „ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-ის დამფუძნებელი ნინო ზამბახიძე.
„ახალციხურის“ წარმადობა რეგიონში ყველა საწაროს აღემატება. გადამუშავებული რძის მაქსიმალური ოდენობა 5.5 ტონას შეადგენს. ამ მოცულობის რძიდან 400 კილოგრამი ყველი მიიღება. ამ საწარმოში მხოლო იმერული ყველი იწარმოება და „ახალციხური“- ს დასახელებით იყიდება.
„ახალციხური“ საქართველოში არსებულ იმ იშვიათ საწარმოთა რიცხვში შედის, რომლებიც სურსათის წარმოებაში HACCP-ის სტანდარტს იყენებს. საწარმოს მფლობელებმა ინფრასტრუქტურა ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის შესაბამისად გააკეთეს, 2009 წელს კი უცხოეთიდან კონსულტანტები ჩამოიყვანეს და HACCP-ის სერტიფიკატიც აიღეს. ქართულ კანონმდებლობაში მხოლოდ 3 წლის დაგვიანებით შემოვიდა HACCP-ის მოთხოვნა.
ნინო ზამბახიძის აზრთ, HACCP-ის დანერგავა სპეციალისტების დახმარების გარეშე შესაძლებელია, თუმცა უფრო საიმედოა კვალიფიციური ტრენერების დახმარება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სტანდარტის დასანერგად მეწარმეებს საკმაოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება სჭირდებათ: „ჰასპის დანერგავა საკუთარი ძალებით თეორიულად შესაძლებელია, გაუკეთებელი ნამდვილად არაფერი არ არის, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მეწარმეებისთვის რეგიონებში ინფორმაწიის წვდომა და განათლების სერიოზული დეფიციტია და HACCP-ის ინსტრუქციები, რომელიც კარგად აღწერილია, შესაძლოა, რომ მათთვის გაუგებარი იყოს. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის უკეთესია ტრენერი დაქირავება, რომელიც შენთვის გასაგებ ენაზე გესაუბრება. ინსტრუქციამ შესაძლოა დატოვოს რაღაც კითხვის ნიშანები და პასუხი ვერ მიიღო, ამიტომ ძალიან კარგია, როცა ინსტრუქტორებს ქირაობ, თუმცა კი ეს ძვირი სიამოვნებაა. HACCP-ის დასანერგად 15 ათასი ევრო სჭირდება, მაგრამ ეს მარტო სტანდარტი ხომ არ არის, ეს მოთხოვნების შესაბამისად საწარმოს მთლიანად გადაიარაღებას ნიშნავს“.
„ახალციხური“-ს მთლიან ინფრასტრუქტურაზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხიდან 500 ათასი ლარი დონორების (CARE International in Caucasus ,CNFA, RED) თანამომაწილეობა იყო, 500 ათასი ლარი მფლობელების კონსოლიდირებული თანხები, 1 მილიონი ლარი კი საწარმოსთვის იაფი აგრო სესხის პროგრამის ფარგლებში აიღეს.
გოჩა კაპანაძეს ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში 35 სულიანი ფერმა აქვს. ამჟამად 25 მეწველი პირუტყვი ჰყავს. 10 წელზე მეტია რაც ფერმერული მეურნეობა აქვს. პერიოდულად რძეს ჰყიდის, ხანაც ყველს ამზადებს და რეალიზაციას უწევს, როგორც თვითონ ამბობს კლიენტების ნაკლებობას არ უჩივის. ფერმაში 4 ოჯახის წევრი და 2 დამხმარე მუშაა დასაქმებული. კაპანაძე ამბობს, რომ ფერმერული მეურნეობის განვითარება მისთვის ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა, ამიტომ ის ფერმის გაფართოებას აპირებს: „რძის გადამამუშავებელ მინი საწარმოს გაკეთებას ვგეგმავთ. გვინდა, რომ 4 სახეობის ყველი გავაკეთო: იმერული, სულგუნი, შებოლილი სულგუნი და ე.წ. ქარხნული ყველი. მინის სააამქროს დასჭირდება ალბათ 60 -70 ათასი დოლარი. ასეთ შემთხვევაში ადგილზე შევძლებთით რძის დამუშავებას. თუ რძის გადამამუშავებელი მინი საამქრო მექნებოდა, მაშინ მე გავზრდიდი მეწველი პირუტყვის რაოდენობას. 400 კვადრატული მეტრის ფერმის შენობა მაქვს, რაც 100 სულის შესანახად გამოდგება. ეს რომ მქონდეს, მერე უკვე რძის ხარისხის მომატებაზე ვიმუშავებ, სასილოსე ორმოს გავაკეთებ, საკვების ნედლ მასას შევინახავ, რომ წველადობა გავაუმჯობესო, ახლა თუ 5 ლიტრას იწველაბა ძროხა, მერე მოიწველიდა 10 ლიტრას და ა. შ.“
გოჩა კაპანაძის ფერმა
საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო კონტროლისგან სურსათის პირველადი წამოება გათავისუფლებულია. კაპანაძე სახლის პირობებში იმერულ ყველს ამზადებს, ანუ ის გადამამუშავებელი წარმოებითაც არის დაკავებული, თუმცა მისი წლიური ბრუნვა 200 ათას ლარს არ სცდება, რის გამოც კანონი მას ბიზნეოპერატორად დარეგისტრირებას არ ავალდებულებს. და რადგან ბიზნესოპერატორი არა არის და უბრალოდ ოჯახური წარმოება აქვს, მას HACCP-ის მოთხოვნებიც არ ეხება. იმ შემთხვევაში თუ კაპანაძე შეძლებს და რძის გადამამუშავებელ მინი საწარმოს გააკეთებს და მისი წლიური ბრუნვა 200 ათას ლარს გადააჭარბებს, მაშინ მას HACCP-ის დანერგვაზე ზრუნვა მოუწევს.
გოჩა კაპანაძე სურსათის / ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის ახალი მოთხოვნების შესახებ ინფორმირებული არ არის და არც HACCP-ის სტანდარტზე სმენია რამე, თუმცა წარმოების მეთოდების დასახვეწად გარკვეული თანხების დახარჯვისთვის მზადაა: „როგორც რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერი ბიზნესოპერატორად არ ვარ დარეგისტრირებული. საკანონმდებლო ცვლილებებსა და ახალ რეგულაციებზე არ მაქვს ინფორმაცია. HACCP-ის სტანდარტის შესახებ არაფერი გამიგია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არავინ მოსულა. არავინ მაკითხავს. კარგი იქნებოდა ფერმერებს ვინმემ ტრეინინგების გასავლელად ან კონსულტაციებისთვის რომ დაგვიძახოს. ახალგაზრდა შვილი მყავს და გვინდა, რომ ჩვენ სფეროში რაც შეიძლება მეტი ცოდნა დავაგროვოთ“.
HACCP-ის დასანერგად საჭირო ვადებსა და ინვესტიციების მოცულობის გასარკვევად eugeorgia.info HACCP-ის საკონსულტაციო კომპანიებს დაუკავშირდა.
„HACCP-ის დანერგავს მიმინუმ 6 თვე სჭირდება. ძნელია საწარმოს უნახავად განსაზღვრო ამ სტანდარტის დანერგვის ვადა და ის თანხა , რომელიც ამისთვის არის საჭირო. თანხა დამოკიდებულია იმაზე , რა ძალისხმევის გაწევაც გვჭირდება HACCP-ის დასანერგად. ჩვენი სერვისი ყველაზე მინიმუმ 10 ათასი ლარი ღირს. ჩვენ მხოლოდ იმ მეწარმეებთან ვმუშობთ, რომლებიც ბოლომდე მოგვყვებიან, ვინც ჩვენ რეკომენდაციებს სრულად არ ასრულებს, იმათთან ურთიერთობას ვწყვეტთ. ნებისმიერი მეწარმე HACCP-ის დანერგვას ძალიან კარგად შეძლებს, თუ ამის სურვილი ექნება, მაგრამ როგორც ჩანს, მეწარმე უფრო მშვიდად არის, როცა მის მაგივრად ამას გამოცდილი კონსულტანტი აკეთებს, სწორედ ამის გამოა, რომ მეწარმეები HACCP-ის დასანერგად ფულს იხდიან.“, - აცხადებს შპს „GDCI“ დირექტორი, სურსათის უვნებლობის კონსულტანტი ეკა ქიმერიძე.
„HACCP-ის დანერგვა შეიძლება ღირდეს 5 000 ან 50 000 ლარი, გააჩნია ორგანიზაციას, HACCP-ს გეგმების რაოდენობას, პროცესების სირთულეს და სხვა მრავალ ფაქტორს. ამ სტანდარტის დანერგვის დაწყებამდე მნიშვნელოვანი წინაპირობაა საწარმოო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. თუ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, შეიძლება სისტემის მინიმალური დონით რეალიზება მცირე საწარმოში 3 თვეში, საუბარია 5-20 თანამშრომლამდე. იმავე წარმოებაში შესაძლოა 6 თვე, ან 1 წელი, ან მეტიც დასჭირდეს. ყველაფერი დამოკიდებულია საწარმოს პერსონალის უნარებსა და მოტივაციაზეც“, - ამბობს „isoconsulting“-ის წარმომადგენელი ივანე დიდბერიძე.
მიუხედავად იმისა, რომ HACCP-ის სტანდარტის დანერგვა მეწარმეებს სოლიდური თანხები დაუჯდებათ, საერთაშორისოდ აღიარებულ ამ სტანდარტის შესაბაბამისად ნაწარმოები სურსათი ევროპაში ექსპორტზე მაშინვე ვერ შევა, რადგან სურსათის ქართულ სახელმწიფო კონტროლის სისტემას ევროკავშირის კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ნდობის გამოცხადება და აღიარება სჭირდება:
„რაც შეეხება ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტს ევროპაში, ამისთვის საჭიროა, რომ ევროკავშირის დარწმუნდეს ქვეყნის სურსათის უვნებლობის კონტროლის სიტემის გამართულობაში და ასევე საწარმოების შემოწმებაც ხდება ადგილზე უშუალოდ მათ მიერ. ცალკეული საწარმოს მიერ HACCP-ის დანერგვა თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირში ასეთი პროდუქციის შეტანაზე მწვანეა ანთებული“, - აცხადებს მაკა შუბლაძე.
HACCP-ის დანერგვა მეწარმეებისგან დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს ფრანჩესკა მაძუკო განცხადებით მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ სტანდარტებზე გადასასვლელად ევროკავშირი 11 მილიონი ევროთი დაეხმარება: „11 მლნ ევრო გათვალისწინებულია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე იმ ინსტიტუციებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მცირე და საშუალო ბიზნესზე გათვლილ პროექტებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით განვახორციელებთ. ღონისძიებებს და მიზნობრივ ჯგუფებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განვსაზღვრავთ. მცირე ბიზნესის დიდი ნაწილი, პრაქტიკულად მათი 70% რეალურად ერთი ადამიანის საწარმოა. მხოლოდ 30% არის ისეთი კომპანია, სადაც ორი, ან ორზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ იმ კრიტერიუმების განსაზღვრაზე, რომელთა მიხედვითაც სამიზნე მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს შევარჩევთ. ჩვენი სურვილია, რომ არ ვიყოთ ფოკუსირებული მხოლოდ თბილისზე, ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონები მოვიცვათ.“
ზურაბ მოდებაძე