მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში უნდა დაეხმაროს
www.eugeorgia.info გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშესთან, ხუან ეჩანოვესთან.
- ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 52 მილიონი ევრო გამოყო: თავდაპირველად 40 მილიონი ევრო, რომელსაც მოგვიანებით 12 მილიონი ევრო დაემატა. დახმარების ეს ნაწილი გასულ წელს დამტკიცდა. ვიცით, რომ 12 მილიონი ევროდან 6 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარებისთვის არის გამიზნული, 3 მილიონი ევრო - სოფლის განვითარების პროექტებისთვის, ხოლო 2,5 მილიონი ევრო სპეციფიური სასოსფლო-სამეურნეო მიმართულების მხარდაჭერაზე დაიხარჯება. ამჯერად სწორედ ამ 2,5 მილიონი ევროს დანიშნულება გვაინტერესებს...
- ეს თანხა განკუთვნილია კოოპერატივების მდგრადობის ხელშეწყობისთვის. ყველამ ვიცით, რომ არსებობს კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც წარმატებით მუშაობს: კოოპერატივების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამჟამად უკვე 500-მდე კოოპერატივია საქართველოში. რასაკვირველია, ზოგიერთი კოოპერატივი, შესაძლოა, უბრალოდ საჩვენებლად გაკეთდეს, მაგრამ მთლიანი შედეგი მაინც სახეზეა. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც სააგენტოს წინაშე დგას, ამ კოოპერატივების მდგრადობის უზრუნველყოფაა. მანამდე, ვიდრე რომელიმე ტიპის გრანტთან ხელმისაწვდომობა ექნებათ, ამ კოოპერატივებმა ძალიან ბევრი ტრენინგი უნდა გაიარონ, რადგან კოოპერატივი არის ბიზნესი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მენეჯმენტის ცოდნა და ბიზნესგეგმა. მარტივი ტრენინგები ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისთვის თუ არა, ყველა ლიდერისთვის მაინც. ამდენად, ამ 2,5 მილიონი ევროთი ჩვენ სასწავლო პროგრამებს დავაფინანასებთ: შესაბამის ორგანიზაციებს ჩამოვიყვანთ ევროპიდან: გერმანიიდან, ესპანეთიდან და ისინი აქ კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობაზე კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად იმუშავებენ. ესპანეთის, რუმინეთის და გერმანიის კოოპერატიული გაერთიანებების წარმომადგენლები 2 წლის განმავლობაში დაატრენინგებენ კოოპერატივების 5000 წევრს, მათ შორის ლიდერებსაც, ბორდის წევრებსაც და კოოპერატივების წევრ ფერმერებსაც. ამ სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა გადაეცემა მთავრობას. ეს არ გაკეთდება მხოლოდ იმ კოოპერატივებისთვის, რომლებსაც ჩვენ ჩვენი საგრანტო ფონდებიდან ვაფინანსებთ - ასეთი უფასო ტრენინგები საქართველოში დარეგისტრირებულ ყველა კოოპერატივს ჩაუტარდება. სწორედ ამ პროექტს მოხმარდება აღნიშნული 2,5 მილიონი ევრო.
რაც შეეხება საბიუჯეტო დახმარებას: იცით როგორ მუშაობს მთავრობის მხარდაჭერის პროექტი? ჩვენ ვაძლევთ საქართველოს მთავრობას ფულს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პირობებს შეასრულებს. ჩვენ იმდენად კმაყოფილები ვართ ENPARD-ისპროექტის შედეგებით, რომ გადავწყვიტეთ ფული დაგვემატებინა და ერთი წლის განმავლობაში საბიუჯეტო დახმარება გაგვეზარდა. საბიუჯეტო დახმარება რომ მიიღოს, საქართველოს მთავრობამ კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა უზრუნველყოს.
2016 წლისთვის მთავრობას უნდა ჰქონდეს კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა. ეს შეიძლება იყოს გრანტი, სესხი, ან რაიმეს სხვა ინსტრუმენტი. არსებობს მრავალი ტიპის პროგრამა, რომელიც მეწარმეებისთვის მოქმედებს: "აწარმოე საქართველოში", "შეღავათიანი აგრო კრედიტი" და ა.შ. თუმცა, კოოპერატივებს სახელმწიფო, ჯერჯერობით, მხოლოდ საგადასახადო შეღავათებით და აგროტექნიკით ეხმარება. მათ სახელმწოფოდან ფინანსური მხარდაჭერა აქამდე არ მიუღიათ. 12 მილიონი ევრო, რომელიც ENPARD-ისთვის არის განკუთვნილი, დაყოფილია 3 ნაწილად: პირველი ნაწილი, 3 მილიონი ევრო გათვალისწინებულია კოოპერატივების ტექნიკური დახმარებისთვის და კოოპერატივების ლიდერების ტრენინგებისთვის. მეორე 3 მილიონი გამიზნულია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისთვის. დანარჩენი თანხა - 6 მლნ ევრო კი გამოიყოფა სახელმწიფოსთვის, რათა შექმნას კოოპერატივების მდგრადობის ხელშემწყობი პროგრამა.
- ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი, აბრაამ სოლომნიშვილი, რომელიც სოფელ ვაზისუბნის მეთაფლეობის კოოპერატივის ლიდერია, ამბობს, რომ კანონით არ არის დარეგულირებული კოოპერატივის კუთვნილ საკუთრებაზე უფლებები, დავების მოგვარების მექანიზმი და ა. შ., რაც მისი თქმით, კოოპერატივების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია. რას იტყვით, კანონში არის ხარვეზები, რომლებიც კოოპერატივების განვითარებისთვის დამაზიანებელია?
- შეგნებულად არის ასე. კანონი ძალიან მსუბუქია, რათა ის მარტივად გასაგები იყოს.
- ამბობენ ,რომ გარკვეულ პრობლემას ქმნის, მაგალითად, ის გარემოება, რომ თუ კოოპერატივის რომელიმე წევრი მის დატოვებას გადაწყვეტს, არ არსებობს "გამოსვლის" კონკრეტული და გაწერილი მექანიზმი...
- როგორც უკვე ვთქვი, კანონი არის მარტივი. პრობლემური საკითხების უმეტესობა თავად კოოპერატივის წევრებისგან შემდგარმა გუნდმა უნდა გადაჭრას. რასაკვირველია, არსებობს სტანდარტული წესდება, რომლითაც წევრებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ, თუმცა, კანონში გამოტოვებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. მაგალითად ის, რაზეც აბრაამ სოლომნიშვილი საუბრობს: კანონი ნათლად უნდა განმარტავდეს, თუ რა ელის იმ წევრს, რომელიც კოოპერატივის დატოვებას გადაწყვეტს. კანონი 1 წლის წინ დამტკიცდა. ამჟამად ჩვენი ექსპერტების ჯგუფი კოოპერატივების განვითარების სააგანტოსა და პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან ერთად კანონის დახვეწაზე მუშაობს. უნდა გაირკვეს, რა უნდა შეიცვალოს. შესაძლოა, არა კანონით, არამედ სხვა სახის სამართლებრივი აქტით დარეგულირდეს ის, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. კანონი დღეს არ არის საუკეთესო, თუმცა, ფერმერებს ის დღეს აქვთ და ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. დანარჩენი თანდათან დაიხვეწება. მთავარია, რომ კანონი არის ცოცხალი - საქართველოს ისტორიაში პირველად ხალხი ხელმძღვანელობს კოოპერატივების შესახებ არსებული კანონით. კარგია ისიც, რომ ადამიანებს მისი გაუმჯობესება უნდათ. დანარჩენი პროცესია, რომელიც მასში ისეთ ცვლილებებს შეიტანს, რომ კოოპერატივებში ჩაბმული ადამიანების ინტერესები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.
- ჩვენ გვინდა რომ ქათული პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს ევროკავშირში. აი, მაგალითად, ახლა მწვანილის საექსპორტო შესაძლებლობებზე გვინდა სიღრმისეული რეპორტაჟის მომზადება. წყალტუბოში ერთ-ერთმა მეწარმემ, ზურაბ ჯანელიძემ დიდი ფინანსური რესურსი და ენერგია დახარჯა Global Gap -ის დასანერგად. დღეს "ჰერბიას" მწავნილი ადგილობრივ სუპერმარკეტებში იყიდება, თუმცა არ გადის ექსპორტზე იმის გამო, რომ ევროპაში სტაბილური და უწყვეტი მოცულობების მიწოდების შესანარჩუნებლად საჭირო რაოდენობა არ არსებობს. ხომ არ იქნებოდა უპრიანი იმავე საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა სხვა მეზობელ სათბურებში, რათა ექსპორტისთვის აუცილებელი რაოდენობა შეიქმნას?
- უპირველესი ამოცანა, ჯერჯერობით, არის სურსათის უვნებლობა. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სურსათი ელემენტალურად უვნებელია. ხარისხზე და მის გაუმჯობესებაზე ფიქრი შეიძლება მას შემდეგ, რაც უვნებლობას მივაღწევთ. თუ გინდათ, მაგალითად, სუპერმარკეტს მიჰყიდოთ თქვენი პროდუქტი, აუცილებლად უნდა გქონდეთ Global Gap-ი. მაგრამ, თუ გინდათ თქვენი პროდუქცია ვინმე სხვას მიჰყიდოთ, ეს სფერო უკვე რეგულაციებს მიღმაა. ჩვენი საზრუნავი ამ ეტაპზე სურსათის უვნებლობა უფროა, ვიდრე ექსპორტზე ფიქრი. ასევე უმნიშვნელოვანესია იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება. თუმცა, რასაკვირველია, პარალელურად იმავე კოოპერატივებისთვის განკუთვნილი გრანტების ფარგლებში ( დღეს ჩვენი ფინანსური დახმარებით საქართველოში სულ 160 კოოპერატივი სარგებლობს ) აუცილებლად ხელს შევუწყობთ ჩვენს ბენეფიციარებს იმაში, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს როგორც Gobal Gap-ი, ისე სხვა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები.
- რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას ტექნიკური გადაიარაღების სფეროში, იმისთვის, რომ მათ თანამედროვე სურსათის უვნებლობის სისტემები დანერგონ, მაგალითად თუნდაც იგივე HACCP-ი, ან სხვა საერთაშორისო სტადარტი, რაც სურსათის უვნებლობის მისაღწევად აუცილებელია და რომლის დანერგვაც, კანონით აუცილებელია იმ კომპანიებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვაც 200 ათას ლარს აღემატება. ითვალისწინებს თუ არა ასეთ დახმარებას საქართველოსთვის ევროკავშირი?
- ამჯერად ასეთი დახმარება გათვალისწინებული არ არის. თეორიულად, შესაძლებელია, რომ HACCP-ის სტანდარტის მქონე ბიზნესმა მიმართოს ფინანსურ ინსტიტუტს , რომელიც სესხებს გასცემს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ამ პროცესში ჩართული. ჩვენ მხოლოდ ტექნიკურ დახმარებას გავუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაძლევთ ცოდნას HACCP-ის შესახებ.
- ვინ უნდა გასცეს ეს თანხა ზუსტად?
- წესით, ეს თანხა უნდა გასცეს საწარმოთა განვითარებაზე ორიენტირებულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რადგან ჩვენ კოოპერატივებს მხოლოდ ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ. კომპანიებმა უნდა მიიღონ სესხები, სესხებს კი ჩვენ არ გავცემთ.
- როგორ ფიქრობთ, "აწარმოე საქართველოში" უნდა ითვალისწინებდეს სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას?
- ვიცი, რომ ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. დიახ, თუ რომელიმე საწარმოს პროფილი საკვების გადამუშავებაა, HACCP-ის დანერგვა აუცილებელია.
მთავრობამ უნდა შეიმუშავოს პროგრამა და განსაზღვროს, როგორ დაეხმაროს კომპანიებს იმ სტანდარტების დანერგვაში, რასაც მათგან ევროკავშირი ითხოვს. შესაძლოა, ევროკავშირმა, ან სხვა დონორებმა შეიმუშავონ გარკვეული მხარდაჭერის პროექტები ამ მიმართულებით. მაგრამ, ამას ვერ გავაკეთებთ მანამდე, სანამ სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებაში დახმარების კონკრეტულ გეგმას არ წამოადგენს.
ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე