მარტიდან ღვინის ექსპორტი ისევ გაიზრდება, მაგრამ 2014 წლის დონეს ვეღარ მიაღწევს
www.eugeorgia.info გთავაზობთ ინტერვიუს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი სამანიშვილთან.
- გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტის 64% რუსეთზე, ხოლო 13% უკრაინაზე მოდიოდა. 2015 წლის პირველი 2 თვის მონაცემები რომ შევაჯამოთ, შემცირდა თუ არა ღვინის ექსპორტი და ამ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, წლევანდელი ექსპორტის პროგნოზი როგორი იქნება?
- უფრო სწორი ტერმინი იქნება შენელება. ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყნები რუსეთი და უკრაინაა. იცით, ამ ქვეყნებში რაც ხდება და ძალიან ლოგიკური იყო ღვისნის გადაზიდვების შემცირება. პირიქით, გვიკვირდა, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტი 2014 წელს არ შემცირდა, რადგან იქ პრობლემები გასულ წელს დაიწყო. ახლა პოზიტიურად შევხედოთ ამ ფაქტს: თუ ავიღებთ ბოლო წლების სტატისტიკას და მხოლოდ 2014 წლის მონაცემებს არ დავეყრდნობით, ღვინის ექპორტი მაინც მზარდია.
პროგნოზის გაკეთება რთულია. წლევანდელი ექსპორტის მოცულობა დამოკიდებული იქნება ამ ქვეყნების ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე. თუ ისინი შეძლებენ თანხების სტაბილურ გადახდას, მაშინ ექსპორტი ძალიან არ შემცირდება. ვფიქრობ, რომ მარტიდან ღვინის ექსპორტი ისევ გაიზრდება, მაგრამ 2014 წლის დონეს ვეღარ მიაღწევს.
- აცხადებდით, რომ მთავარი აქცენტი გადაგაქვთ საგარეო ბაზრების დივერსიფიცირებაზე და ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთზე დამოკიდებული აღარ იქნება. რა ხდება ამ მიმართულებით?
- წლებია უკვე, რაც ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია.
- ღვინის ზოგიერთი კომპანიის ექსპორტის 40% რუსულ ბაზარზე მოდის. ეს არ არის ამ ბაზარზე დამოკიდებულება?
- მოდი, ასე შევხედოთ: 2013 წლის ზაფხულამდე რუსეთის ბაზარი ჩვენთვის დახურული იყო. კომპანიებს ჰქონდათ სტაბილური შემოსავალი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში ღვინის გაყიდვიდან იღებდნენ. 2013 წელს ამ ქვეყნების ჩამონათვალს რუსეთის ბაზარიც დაემატა და მათ უფრო მეტი შემოსავალი მიიღეს. წელს ეს შემოსავალი, ალბათ, მოიკლებს, მაგრამ მაინც 2012-2013 წლებში მიღებულ შემოსავალზე მეტი იქნება. ღვინის ბაზარიც ჩვეულებრივი ბაზარია: შემოსავალი ზოგჯერ იკლებს და ზოგჯერ იზრდება. რუსეთსა და უკრაინაში თუ ნაკლები ღვინო გაიყიდება, ეს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ღვინის კომპანიების და ზოგადად, ქვეყნის საექსპორტო შემოსავლებზეც.
- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ახალი სტრატეგიის მიხდვით, აქცენტს აკეთებთ უკვე არსებული ბაზრების გაფართოებაზე და არა ახალ ბაზრების მოძიებაზე. რატომ აირჩიეთ ასეთი სტრატეგია და რომელი ქვეყნები მიეკუთვნება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებს?
- სტრატეგიული ბაზრების განსაზღვრაზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო. ამ სამუშაოებში ექსპერტთა დიდი ჯგუფი იყო ჩართული. გადამწყვეტი მაინც კერძო სექტორის პოზიცია იყო. დივერსიფიცირებაში იგულისხმება ის, რომ უნდა გაიზარდოს საექსპორტო ქვეყნების ნუსხა და ექსპორტის ნახევარი რომელიმე ერთ ქვეყანაზე და ერთ რეგიონზე არ მოდიოდეს. ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ სტრატეგიული ქვეყნების სიაში ბევრი ქვეყანა გვყავდეს. მაგალითად, ჩვენი მიზანი არ არის ნიკარაგუაში რამდენიმე ასეული ბოთლი ღვინის გაყიდვა. მიზანი არის ის, რომ იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენი ღვინის გაყიდვის პოტენციალი დიდია, გაიყიდოს ზუსტად იმდენი ბოთლი, რამდენის გაყიდვის შესაძლებლობაც არსებობს.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებს მიეკუთვნება აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. წელს ამ ბაზრებზე აქტიური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. 2015 წლიდან ვზვერავთ იაპონიის და კორეის ბაზრებს. ამ ქვეყნებში ჯერ აქტიური ქმედებები დაგეგმილი არა გვაქვს. წელს იაპონიაში ორ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას. კომპანიები მოსინჯავენ, რომელ სეგმენტში შეიძლება რომ შევიდნენ. ვფიქრობთ, რომ ეს ორი ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება.
გვინდა გავაქტიურდეთ საქართველოშიც და ღვინის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზეც გავზარდოთ. საქართველოში ძალიან შემცირებულია ღვინის მოხმარება - 20-30 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ღვინოს მოვიხმართ. ჩვენთან მოხმარება არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე ღვინის სხვა, ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნებში - იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. 1 ადამიანი საქართველოში დაახლოებით 20-25 ლ ღვინოს მოიხმარს, მაშინ როცა საფრანგეთში 47 ლიტრია მოხმარება.
- სტრატეგიულ ბაზრებზე რომელ საფასო სეგმენტში გადის ქართული ღვინო?
- ქართული ღვინის საშუალო ფასი 3,15 აშშ დოლარია. ჩვენი ღვინის მაღალი ფასის გამო იაფფასიან სეგმენტში ვერ ვმუშაობთ. სხვა ქვეყნები კონკურენციას გვიწევენ უფრო იაფი და უფრო ცნობილი სახელებით. მაღალ საფასო სეგმენტში ქართული ღვინო ვერ გადის, რადგან მას სათანადო ცნობადობა არა აქვს. ქართული ღვინის მომხმარებელი არის ის ხალხი, ვისაც სიახლეების აღმოჩენა უყვარს, ვინც ბევრს მოგზაურობს და არა ის, ვინც ტრადიციულად მხოლოდ რომელიმე ერთი სახეობის ღვინოს სვავს.
- რა ოდენობის ღვინო იყიდება მაგალითად, ჩინეთში და როგორ ღვინოებზეა მოთხოვნა ჩვენს სტრატეგიულ ბაზრებზე?
- ჩინეთში 2014 წელს 1 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო გაიყიდა. იქ ძირითადად წითელი და ნახევრად ტკბილი ღვინოები იყიდება. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთში შედის ცოტა რაოდენობით, მაგრამ მშრალი ღვინოები. იქ "საფერავი" ლიდერობს, მაგრამ მასთან ერთად თაროზე აუცილებლად უნდა იდოს თეთრი ღვინო. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნახევრად ტკბილი ღვინოები დომინირებს. პოლონეთში კარგად იყიდება წითელი, ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოები. "საფერავი", "ქინძმარაული" და სხვა ცნობილი სახელები იქ ძალიან პოპულარულია. აშშ-ში მოთხოვნა მშრალ ღვინოებზეა. ჩვენი მთავარი კოზირი მაინც "საფერავია" და იმისთვის, რომ მოხმარებელს გავაცნოთ საქართველო, ქართული ღვინის ისტორია და ღვინის დაყენების ჩვენი ტრადიცია, მას თან აუცილებლად მიჰყვება ქვევრის ღვინო.
ჩვენი ღვინო გადის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუმინეთში, უნგრეთსა და პოლონეთში. ამ ბოლო დროს შევიდა საფრანგეთში, იტალიაში და დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთი ჩვენი სტრატეგიულ ბაზარია და იქ ცოტა, მაგრამ სტაბილური ექსპორტი გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯისთვის. სხვა ქვეყნები რომ მოვიცვათ, ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობა უნდა გავზარდოთ. გაყიდვები უფრო დიდი არის იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს და ქართულ კულტურას კარგად იცნობენ. ასეთია პოლონეთი. გასულ წელს პოლონეთში 1 მლნ 250 ათასი ბოთლი ღვინო გაიყიდა.
- წლევანდელი პროგნოზი როგორია, როგორი რთველი გვექნება?
- პროგნოზის გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა. როგორც წესი, ჩვენი მოსავალი წლიურად 150 000-200 000 ტონა ყურძენს შეადგენს.
- სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ წელს საფერავზე სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს...
- ასე არ თქმულა. იყო დაზუსტება, რომ სუბსიდირება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა იქნება.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ორ დიდ საექსპორტო ბაზარზე ჩავარდნაა და იქ ქართული ღვინის გაყიდვები და შესაბამისად, ღვინის კომპანიების შემოსავალი შემცირდება, როგორ ფიქრობთ, წელს ამის აუცილებლობა არ იქნება?
- აპრილში გვეცოდინება, დაგვჭირდება თუ არა საფერავის სუბსიდირება. სახელმწიფო შესყიდვების და იაფი აგროკრედიტის პროგრამის კომბინაციით ვცდილობთ, რომ სუბსიდირება მინიმუმამდე დავიდეს. დარგი უკვე საკმაოდ წარმატებულია. შეუძლია, რომ რყევები აიტანოს და მცირედი დახმარება დასჭირდება. წელს შარშანდელთან შედარებით უფრო ნაკლები ჩარევა იქნება საჭირო.
- თქვენი აზრით, ასეთი ჩარევა მიზანშეწონილია? ღვინის კომპანიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევის გამო მათ უძვირდებათ ყურძენი, და შესაბამისად ღვინოც...
- არასწორი ინტერპრეტაციაა. სოფლის მეურნეობაში ხშირად არის საჭირო ჩარევა, მითუმეტეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. კარგად უნდა დაიგეგმოს, რომ ჩარევა იყოს მინიმალური. მარტში შევხვდებით ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს 2015 წლის რთველთან დაკავშირებით. შესაძლოა, დავეთანხმოთ, რომ ფასი ბაზარმა დაარეგულიროს. თუმცა, ეს არ უნდა იყოს მიზერული თანხები.
- კახეთში ხალხმა მასიურად დაიწყო ახალი ვენახების გაშენება. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს, გამართლებულია მათი სტრატეგია?
- ვენახის გაშენება ყოველთვის პოზიტიური მოვლენაა. კიდევ რამდენიმე წელი ვერ მივაღწევთ იმ ზღვარს, რომ გაშენდეს იმაზე მეტი ვენახი, ვიდრე ღვინის გაყიდვა შეგვიძლია. უფრო კარგი იქნება თუ არსებული ვენახები განახლდება და ჯიშები შეიცვლება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ადგილობრივი ბაზარი, რომელსაც ვერ ვიყენებთ. სამწუხაროდ, ჩვენი ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია იაფფასიანი, რაღაც ჩამოსახმელი სითხეებით. ეს სეგმენტი ნამდვილი ღვინით რომ შეივსოს, ჭარბი ყურძენი არ გვექნებოდა.
- რა უნდა გააკეთონ გლეხებმა იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქციიდან ღვინო თავად დააყენონ და შემდეგ ის ევროპაში გაყიდონ?
- მთავარია, მყიდველი ნახონ. თუ მყიდველს ნახავენ, განსაკუთრებული არაფერი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ არის საჭირო. ჩვენ ყველა ოჯახში შეგვიძლია იმდენი და ისეთი ხარისხის ღვინის წარმოება, რომელიც ევროკავშირში თავისუფლად გაიყიდება. ევროკავშირის ბაზარზე ჩვენი ღვინო უკვე დიდი ხანია გადის და მოთხოვნების მხრივ მათთან არაფერი შეცვლილა. მყიდველის ნახვა ჭირს. განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ არ გვიცნობენ. მყიდველში იმპორტიორს ვგულისხმობ.
- იმპორტიორი თუ მოინახება, შემდეგ ალბათ დადგება ღვინის რაოდენობის პრობლემა...
- დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება. ცალკე აღებული ერთი გლეხი საკუთარ ღვინოს ბრიუსელში ვერ გაიდის, მაგრამ რამდენიმე გლეხის გაერთიანებით შესაძლებელია იმ რაოდენობის მიღება, რომ ერთი იმპორტიორი მაინც დააკმაყოფილონ. წარმოების გამსხვილების ეტაპი გასავლელი გვაქვს. ჩვენ ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიები გვაკლია. გვაქვს ოჯახური მეღვინეობა, სადაც მზადდება 400 ლ ღვინო და გვაქვს კომპანიები, სადაც მილონ ლიტრ ღვინოს აწარმოებენ. კომპანები, სადაც 100 000-300 000 ლ ღვინოს დაამზადებენ, არ გვყავს.
- რა პოტენციალი აქვს ქვევრის ღვინოს ევროკავშირის ბაზარზე?
- საფრანგეთსა და იტალიაში ძირითადად ქვევრის ღვინოები გადის, როგორც განსაკუთრებული ღვინოები. მნიშვნელოვანია, რომ ქვევრის ღვინოს ამ ქვეყნებში შეაქვს ინფორმცია საქართველოს შესახებ. ქვევრის ღვინო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენს მარკეტინგულ სტრატეგიაშიც.
- 16 თებერვლიდან საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირების ახალი წესი ამოქმედდა. რა მნიშვნელობა აქვს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა?
- კანონმდებლობის გამარტივების მიმართულებით მივდივართ. ავიღოთ ეტიკეტირების წესი. ძალიან ბერვი მოთხოვნა იყო შესასრულებელი და კომპანიებს ძალიან უჭირდათ ამ წესის დაცვა. გავითვალისწინეთ საერთაშორის ნორმები, სხვა ქვეყნების გამოცდილება და ეს მოთხოვნები მინიმუმამდე დავიყვანეთ. სეტიფიცირების სფეროშიც ევროკავშირის მაგალითი გადმოვიღეთ. სერტიფიცირება შეიძლება მოხდეს ცალკეულ ლოტზე - ერთ პერიოდში ჩამოსხმულ ღვინის ერთგვაროვან პარტიაზე. ამ პარტიის ყველა ბოთლს ლოტის ერთი და იგივე ნომერი ექნება. ეს აადვილებს მიკვლევადობას, გარდა ამისა, სერტიფიცირებისთვის საჭირო ალაბორატორიული შემოწმება ჩატარდება ერთი ლოტის ერთ ბოთლზე. ეს ამცირებს ფინანსურ დანახარჯს. ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიკვლევადობა იქნება ზუსტი.
ვისაც უნდა სერტიფიცირება, ანუ ის, რომ ლოტის ნომერი დაიტანოს ბოთლზე, ის უნდა დარეგისტრირდეს ღვინის მწარმოებელი კომპანიად. ამის გაკეთება ინტერნეტითაც შეიძლება და ამ პროცედურას მაქსიმუმ 15 წუთი დასჭირდება. სერტიფიცირების გარეშე ღვინო ექსპორტზე ვერ გავა. ადგილობრვ ბაზარზე გარკვეული კატეგორიების ღვინო სერტიფიცირების გარეშეც შეიძლება გაიყიდოს. თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ ყველა ღვინო სერტიფიცირებული იყოს. სერტიფიცირებისთვის საჭიროა ლაბორატორიული შემოწმების ჩატარება, ზოგიერთ შემთხვევაში დეგუსტაციაც - ერთ ლოტზე მხოლოდ ერთხელ.
ლაბორატორიული შემოწმების ჩატარება რაიონებშიც შეიძლება. ევროკავშირის მიერ აკრედიტებული 5 ლაბორატორია გვაქვს საქართველოში. მათ მიერ გაცემულ ლაბორატორიულ დასკვნას ევროკავშირის ყველა ქვეყანა იღებს.
- ღვინის ექსპორტზე გატანისთვის საჭიროა თუ არა ჰიგიენური სერტიფიკატი?
- ჰიგიენურ სერტიფიკატს ითხოვს ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ჩინეთი. ევროკავშირი ჰიგიენურ სერტიფიკატს არ ითხოვს.
სტატისტიკური ინფორმაცია
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 59 067 335 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა.
2013 წელს ექსპორტზე 46,7მლნ ბოთლი ღვინო გავიდა.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეულში შედის: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და პოლონეთი,
რუსეთი ექსპორტის მთლიან მოცულობაში ლიდერობს 63%-ით. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წელს 37 615 052 ბოთლი შეადგინა.
საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია. ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში - ჩინეთი (34%), იაპონია (32%), გერმანია (23%), პოლონეთი (22%), ყაზახეთი (21%), ლატვია (18%), ბელარუსი (13%)