ევროკავშირი მთავრობას ურჩევს ინვესტიციების სოციალურ-ეკონომიკური გავლენა შეისწავლოს

უცხოელებისათვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი გაუქმებულია, თუმცა ამის მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს, როგორც მცირე, ისე მსხვილი უცხოელი ინვესტორისთვის. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებისათვის მიყიდვის საკითხი არაერთხელ მწვავედ დამდგარა ევროპაშიც. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისას მორატორიუმის შენარჩუნება მოითხოვეს, ვინაიდან შიშობდნენ, რომ უცხოელები მიწაზე დაბალი ფასით ისარგებლებდნენ და ადგილობრივ სოფლის მეურნეობაზე კონტროლს დაამყარებდნენ. შეზღუდვების შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ნაციონალისტური პარტიების აქტივობაც. ამის მიუხედავად, მორატორიუმს სრული აკრძალვის სახე არ მიუღია. სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკავშირის ატაშე საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითის გაზიარებას ურჩევს.
“ევროკავშირის ძველ წევრებში მიწის ფასი საკმაოდ მაღალია და იქ არ ყოფილა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მიწის მასობრივი ყიდვის საფრთხე. ესპანეთში, საფრანგეთსა თუ ინგლისში არ მოქმედებს რეგულაციები ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის, გარდა მცირე გამონაკლისებისა. ამ შემთხვევაში, საქართველოს უფრო მეტად გამოადგება აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება.”-ამბობს ჰუან ეჩანოვე.
ეჩანოვე საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ მიწის კანონპროექტს დადებითად აფასებს, თუმცა ხელისუფლებას ურჩევს მიწის ფართობზე ზღვრული ოდენობების დაწესების ნაცვლად ყურადღება უცხოური ინვესტიციების სოციალურ და ეკონომიკურ გავლენასა და მნიშვნელობას მიაქციოს.
“კანონპროექტში მითითებულია, რომ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია უცხოელისათვის 200 ჰექტარზე მეტის მიყიდვა. ამ შემთხვევაში, ჩემი რჩევა იქნება, ხელისუფლებამ ინვესტორისაგან მოითხოვოს საინვესტიციო გეგმა და შეისწავლოს ამ ინვესტიციის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა. მაგალითად, რუმინეთში მიწის 15% უცხოელი კერძო პირების ხელშია, აქედან მნიშვნელოვან ნაწილს არა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, არამედ ნადირობისთვის იყენებენ, ფერმერები ვერ სარგებლობენ და საბოლოო ჯამში, ამას მცირე სარგებელი მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის.”
რუმინეთში, ისევე როგორც ბულგარეთში, უცხოური ინვესტიციების მისაზიდად ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იურიდიული პირებისათვის დაწესებული გამონაკლისები იყო. კერძოდ, მიწის შეძენა შეეძლოთ ნაწილობრივ ან მთლიანად უცხოელის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, რომელთაც რუმინული ან ბულგარული იურიდიული პირის სტატუსი ჰქონდათ. სრული აკრძალვა არ ვრცელდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე დამოუკიდებელ ფერმერებზეც, რომელთაც ამ ქვეყნებში ბინადრობის მიღება სურდათ.
ბულგარეთში მორატორიუმის გაგრძელების თაობაზე მოთხოვნა დააყენა ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა და პარლამენტმა მას მხარი დაუჭირა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციასა და ევროკავშირთან ხელშეკრულებას ეწინააღმდეგებოდა. ევროკავშირთან შეთანხმების თანახმად, სოფიას 7 წლის ვადაში უნდა გაეუქმებინა შეზღუდვები, შესაბამისად, პარლამენტის გადაწყვეტილება უკანონოდ გამოცხადდა.
ძლიერი ნაციონალისტური განწყობების მიუხედავად, გარდამავალ პერიოდში გამონაკლისები ჰქონდა უნგრეთსაც. მიწა შეეძლო შეეძინა ევროკავშირის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონოდა უნგრეთში კანონიერად ყოფნისა და სასოფლო-სამეურნეო დარგში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, ან დაქორწინებული იყო უნგრელ პარტნიორზე. უნგრეთში დღეს უკვე მოქმედებს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ უნგრეთის მოქალაქე ფიზიკურ პირებსა და უნგრეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს შეუძლიათ მიწის ყიდვა, თუმცა ამისთვის მაინც უნდა ჰქონდეთ მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო სფეროში. ასევე, დაწესებულია ზღვარი- 300 ჰექტარი, იურიდიული პირებისთვის კი კანონი 1200 ჰექტარამდე მიწის მაქსიმუმ 20 წლით იჯარით აღების შესაძლებლობას იძლევა. ევროკომისიამ მიიჩნია, რომ ახალ კანონში არსებული რამდენიმე მკაცრი რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს -კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას და უნგრეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
გარდამავალ პერიოდში ლატვიაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა შეეძლო ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელსაც ჰქონდა მინიმუმ 3-წლიანი სასოფლო-სამეურნეო გამოცდილება ამ ქვეყანაში. ასევე თუ პირი დაქორწინებული იყო ლატვიელ პარტნიორზე. შეზღუდვები დარჩა გარდამავალი პერიოდის შემდეგაც.
პოლონეთი 2004 წლიდან, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, დღესაც გარდამავალ პერიოდშია. აქ უცხოელმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა ერთ ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის შესაძენად ნებართვა შსს-დან უნდა აიღოს. დაშვებულია გამონაკლისი შემთხვევები: თუ პირს აქვს მინიმუმ 5–წლიანი ბინადრობის ცენზი და პოლონეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული. გარდა ამისა, განსაზღვრულია რეგიონები, სადაც მიწის შეძენის შეზღუდვა არ ვრცელდება ევროკავშირის მოქალაქეებზე თუ მათ ეს მიწა სამ ან შვიდწლიანი იჯარით აქვთ აღებული.როგორ შეძლო ქვეყანამ აკრძალვების პარალელურად უცხოელი ინვესტორების შენარჩუნება - ამ შეკითხვით eugeorgia.info-მ საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიმართა.
“პროაქტიური სისტემა გვაქვს უცხოელი ინვესტორების მხარდსაჭერად, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივი მთავრობის დონეზე, რაც ეხმარება მათ ნებართვის მიღების პროცესში. მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეებს ვთავაზობთ შეღავათებს იმ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის დროს, რომელიც მათ ადრე იჯარით ჰქონდათ აღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლონეთში, სასოფლო-სამეურნეო სფეროში ინვესტიცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში მხოლოდ მცირე წილს შეადგენს.“ -აცხადებს საქართველოში პოლონეთის საელჩოს პირველი მდივანი ეკონომიკურ საკითხებში მაჩეი ხჟანოვსკი.
სოფლის მეურნეობის საკითხში ევროკავშირის ატაშეს მიაჩნია, რომ არც სრული თავისუფლება და არც სრული აკრძალვა მისაღები არ არის. ჰუან ეჩანოვე eugeorgia.info-სთან საუბრისას ამბობს, რომ მთავარია გამჭვირვალე კანონმდებლობა, სადაც წესები ყველასათვის გასაგები იქნება. მისივე თქმით, დღეს საქართველოში მიწის უცხოელებისათვის მიყიდვასთან დაკავშირებული თემის დრამატიზება ხდება.
“დღეს საქართველოში უცხოელები სასოფლო-სამეურნეო მიწის დაახლოებით 3% ფლობენ. აქ პრობლემა არ ყოფილა ის, რომ დიდი ინვესტორები მასიურად ყიდულობდნენ მიწას, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, არამედ აქ პრობლემა იყო სოციალური- ის რომ მიგრანტები კულტურულად განსხვავებული ქვეყნებიდან- ინდოეთიდან თუ ჩინეთიდან ყიდულობდნენ მიწებს. ადგილობრივმა ფერმერებმა ეს მათი ტრდიციებისა და კულტურისთვის საფრთხედ მიიჩნიეს. საკითხი უფრო მეტად დაკავშირებულია მიგრაციასთან, ნაკლები საერთო აქვს მიწის ყიდვის პოლიტიკასთან და ამ ორი საკითხის არევა მოხდა”-ამბობს ეჩანოვე.
დღეს აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან გარდამავალი პერიოდი პოლონეთში მოქმედებს, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების წინ ყველაზე დიდი დრო-12 წელი მოითხოვა. პოლონეთის სასოფლო-სამეურნეო ბაზარი ვროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოქალაქეებისა და კომპანიებისათვის სრულად 2016 წლის მაისში უნდა გაიხსნას. აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში 7-წლიანი გარდამავალი პერიოდი დასრულებულია და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა აკრძალვები კვლავ რჩება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის.