ფერმერებს ცოდნას ევროპული ბაზრების შესახებ არავინ უზიარებს
"ხალხს ინფორმაცია არ აქვს, არ იციან, რომელი კულტურის მოყვანა სჯობს, რაზეა მოთხოვნა მსოფლიოში"
ამერიკული უეკლო მაყვალი "ჩესტერი", რომელიც კახეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ევროპის ქვეყნებში 200 გრამი მაყვალი 3 ევრო ღირს. ფერმერი იზოლდა ქიტესაშვილი, რომელსაც ამერიკული "ჩესტერი" გურჯაანში 2 ჰა-ზე აქვს გაშენებული, წელს 20 ტონა მოსავალს ელოდება.
"2009 წელს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში ჟოლოს, მოცვის და მაყვლის ნერგები გვაჩუქეს. ჟოლო და მოცვი ვერ ვახარე. ამერიკული უეკლო მაყვლის - "ჩესტერის" 50 ნერგი კი გავამრავლე და გასულ წელს 1 ჰა-დან 8 ტონა და 324 კგ მოსავალი მივიღეთ. 1კგ მაყვალი 3 ლარად გავყიდეთ. წელს 20 ტონა მოსავალს ველოდებით", - ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.
იზოლდა ქიტესაშვილი გურჯაანში ცხოვრობს. ის პროფესიით ექიმია და გურჯაანის სამედიცინო ცენტრში - "კახეთი იონი" ნევროლოგად მუშაობს.
- რამდენიმე წლის წინ გურჯაანის რაიონის მთავარი ნევროლოგი ვიყავი. მთავარ ნევროლოგობაზე უარი მას შემდეგ ვთქვი, რაც ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობას დავუკავშირე. 1993 წელს მეუღლე უმუშევარი დარჩა. ამის შემდეგ ხილის მოყვანას მივყავით ხელი და ალაზნის პირზე ატმის ბაღი გავაშენეთ. 2009 წელს ჩემი მეუღლე კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში მიიწვიეს. მეუღლეს არ ეცალა, მის მაგივრად მე წავედი და მაყვლის ნერგები წამოვიღე. ასე დავუკავშირდი მაყვალს და სოფლის მეურნეობას. ჩვენი საარსებო საშუალება ისედაც მიწა და ხილი იყო და მეც ახალი ჰობი გამიჩნდა. ახლა ძალიან მიყვარს ეს საქმე და სხვადასხვა ხილის თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანით დიდ სიამოვნებას ვიღებ.
ყველაზე რთული იყო მეუღლის დარწმუნება, რომ ატმის მაგივრად მაყვალი გაგვეშენებინა. აბა, ვის აქვს მაყვალი? სად გაიყიდება? რომ არ გაიყიდოს? - კითხვები და ეჭვები არ ასვენებდა. მაყვალი რომ პერსპექტიული კულტურაა, ამაში ახლა ისიც დარწმუნდა. გასულ წელს ბაღის გაშენების ხარჯიც დავფარეთ და მოგებაზეც გავედით. ახლა მაყვალი 2 ჰა-ზე გვაქვს გაშენებული. პირველ წელს მიღებული მოსავალი ტკბილი არ იყო. მეორე წელს ჩვენმა ნიადაგმა მაყვალს გემო შეუცვალა და ძალიან კარგი საგემოვნო თვისებების მქონე მოსავალი მივიღეთ. ნაყოფის საშუალო წონა 12 გრამია, შაქრიანობა - 12%.
ამერიკული უეკლო მაყვალი „ჩესტერი“
- მოსავლის გაყიდვა არ გაგიჭირდათ?
- შარშან ჩვენი მოსავლის დიდი ნაწილი, დაახლოებით 60% ექსპორტზე სომხეთში გავიდა, ნაწილი კი აზერბაიჯანში გაიყიდა.
- წელს 20 ტონა მოსავალს ელოდებით. სად გაიყიდება თქვენი მაყვალი?
- მოსავლის ნაწილი ისევ გავა სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი სომეხი პარტნიორი ძალიან კმაყოფილი იყო. გვითხრა, რომ ერევანში მაყვალი ძალიან კარგად იყიდებოდა და ყიდვა-გაყიდვის შემდეგ კარგი შემოსავალიც დარჩა.
რაჭაში არსებული კომპანია "გეოფლავერი" ყოველ თვე ჩვენგან 1 ტონა მაყვალს წაიღებს, ჩირს დაამზადებს და შემდეგ მას ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გაიტანს.
მაყვლის შეძენით დაინტერესდა ებრაელი ბიზნესმენიც, რომლისგანაც ხილის საშრობი დანადგარი შევიძინე. როცა გაიგო, რომ მაყვლის ბაღი მქონდა, ძალიან დაინტერესდა, აქ ჩამოვიდა და ბაღი საკუთარი თვალით ნახა. გვითხრა, თქვენი ვაშლი და ატამი არავის უნდა, მსოფლიოში ვაშლის და ატმის ჭარბწარმოებაა, აი, მაყვალი და ზოგადად, კენკრა კი ძალიან კარგად იყიდება-ო. ევროპაში 200 გრამიან კონტეინერში დაფასოებული მაყვალი 3 ევრო ღირს. ეს ბიზნესმენი მზად არის, 100 ტონა მოსავალი იყიდოს და 1 კგ-ში შარშანდელ ფასზე - 3 ლარზე მეტი თანხაც გადაიხადოს. მაგრამ, მცირე რაოდენობის მოსავლისთვის - 10 და 20 ტონა პროდუქციისთვის აქ ჩამოსვლა არ უღირს. წელს მე 20 ტონაზე მეტი მოსავალი არ მექნება. ჩვენი მაყვლით, უფრო სწორად მაყვლის მურაბით, ინდოელი ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ. მათთან მოლაპარაკება ახლა მიმდინარეობს. ამიტომ, დეტალებზე ვერაფერს გეტყვით.
მაყვალი გურჯაანის რაიონში კიდევ ხუთმა ფერმერმა გააშენა. ისინი პირველ მოსავალს მომავალ წელს მიიღებენ. გასაყიდი მაყვლის დიდ მოცულობას თუ შევქმნით, გაყიდვა არ გაგვიჭირდება. მასზე დიდი მოთხოვნაა მსოფლიოში. მოთხოვნაა როგორც ახალ მაყვალზე, ისე ჩირზე. მაყვლის ჩირს კომპანია "Humana" ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებაში იყენებს. ამიტომ, მაყვლის მოშენებას რეკომენდაციას ვუწევ.
- რატომ უნდა მოაშენონ მაყვალი?
- უეკლო მაყვალი მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეა. ის ყველანაირ კლიმატს კარგად ეგუება. მაყვლის გაშენება განსაკუთრებულ პირობებს და შრომას არ მოითხოვს. მას შეწამვლა არ სჭირდება, ძალიან ადვილად მრავლდება და რაც მთავარია, შუა ზაფხულიდან სექტემბრამდე უხვად მსხმოიარობს. უეკლო მაყვლის, "ჩესტერის" ნაყოფი ველურ მაყვალზე ორჯერ მსხვილია.
კახეთში ხალხი უზომოდ ბევრს მუშაობს. ადამიანებმა არ იციან, შრომა როგორ შეიმსუბუქონ და ნაკლები ფინანსური და შრომითი დანახარჯით უფრო დიდი შემოსავალი როგორ მიიღონ. ყურძნის მოყვანას ძალიან დიდი შრომა და ფული სჭირდება. ვაზი პირველ მოსავალს მე-4 წელს იძლევა. მაყვალს ამდენი შრომა არ სჭირდება: წამლობას არ მოითხოვს, მოსავალსაც მეორე წელს იძლევა. რაც მთავარია, მისი გაყდვა არ ჭირს. სოფლის მეურნეობაში ყველაზე დიდი პრობლემა მოსავლის რეალიზაციაა.
- საშრობი დანადგარები რადგან შეიძინეთ, ალბათ ჩირის წარმოებას თქვენც აპირებთ...
- USAID- ის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ხილის საშრობის მოწყობისთვის 47 000$ მივიღე. ამ თანხის ფარგლებში ორ სამაცივრე მეურნეობას მოვაწყობთ. ერთში 10 ტონამდე ხილი, მეორეში კი 7 ტონამდე ჩირი შეინახება. ხილის საშრობის მშენებლობა უკვე დავიწყეთ და ის 9 თვეში დასრულდება. როცა საშრობი მზად იქნება, ადგილობრივი მოსახლეობისგან გუდა ლეღვს ჩავიბარებ და მის ჩირს დავამზადებ. მაღაზიები მზად არიან, 1 კგ ლეღვის ჩირში 10 ლარი გადაიხადონ. სხვა ხილის ჩირსაც გავაკეთებთ.
- თქვენ სოფლის მეურნეობას უკვე კარგად იცნობთ. რა არის ფერმერის მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე?
- ფერმერის ყველაზე დიდი პრობლემა ინფორმაციის და განათლების ნაკლებობაა. სოფლის მეურნეობის რომელიმე ახალი კულტურის მოშენებას თუ ვაპირებ, მის შესახებ ინფორმაციას თვითონ ვეძებ და ვაგროვებ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ სტერეოტიპებით აზროვნებს - რადგან მამა-პაპას ვენახი ჰქონდა, ისიც ყურძნის მოყვანას აგრძელებს. თან, ისევ ძველი, მამა-პაპური მეთოდებით. არადა, ჭარბი ყურძენი გვაქვს და მისი გაყიდვა ყოველთვის გვიჭირს.
ხალხს ინფორმაცია არ აქვს. არ იციან, რომელი კულტურის მოყვანა სჯობს, როგორ მოიყვანონ, რაზეა მოთხოვნა მსოფლიოში, რომელი პროდუქტი რომელ ქვეყანაში რა ღირს და მოწეული მოსავალი სად გაიტანონ. ასეთ კვლევას სახელმწიფო უნდა აკეთებდეს.
ესაუბრა მანანა ვარდიაშვილი