ინტერნეტი და “ელექტრონული დემოკრატია”
2016 წლიდან რეგიონებისთვის “იაფი კომპიუტერების” პროგრამა დაიწყება
ელექტრონული მმართველობის შესახებ გაეროს 2014 წლის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ინტერნეტი მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს აქვს. დღეს, სხვადასხვა გამოთვლებით, ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა 45-დან 50%-მდე მერყეობს. ყოველწლიურად მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ინტერნეტი მოსახლეობის უმეტესობისთვის კვლავ ხელმიუწვდომელია, განსაკუთრებით, რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც მძიმე სოციალური პირობების გამო, მოსახლეობას უჭირს კომპიუტერის შეძენა და დაბალია “ციფრული წიგნიერების” დონეც.
“სოფელს იმიტომ სჭირდება ინტერნეტი, რომ ჩაკეტილი წრე გაარღვიონ ადამიანებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, მიიღონ ინფორმაცია- როგორ ვითარდებიან სხვაგან, რომ არსად არაა "სამოთხე" და საკუთარი შრომით შეუძლიათ საკუთარ სოფელში შეცვალონ არასასურველი გარემო, უფასოდ მიიღონ ფორმალური/არაფორმალური განათლება“-უთხრა eugeorgia.info-ს ნანა ბაგალიშვილმა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო ინიციატივა” წევრია. ნანა, პარტნიორ ორგანიზაცია "ნუკრიანთან" ერთად, პროექტის “ჩემი სოფელი” ფარგლებში ცდილობს ინტერნეტის დახმარებით სოფლის მოსახლეობა თვითმმართველობის პროცესებში ჩართოს-“საჯარო მოხელეები უფრო მეტად რეაგირებენ საჯაროდ გამოქვეყნებულ პრობლემაზე. "ჩემი სოფელი" ვებგვერდისა და Facebook გვერდის მეშვეობით ადგილობრივებს შეუძლიათ შეგვატყობინონ საკუთარი სოფლის/უბნის/ქალაქის პრობლემის შესახებ. 2013-2014 წლის მონაცემებით, სიღნაღის მუნციპალიტეტის 14 სოფლისგან მივიღეთ 100-მდე შეტყობინება. “წნორის ღია თავისუფალი ბიბლიოთეკაც” ინტერნეტის დახმარებით გავაკეთეთ - განვათავსეთ განცხადება, რომ გვჭირდებოდა ფული ბიბლიოთეკის გასახსნელად”.
პროცესებში ჩართვას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლის “ერის იმედის” მცხოვრებლები. სოფელი ადმინისტრაციული ცენტრიდან 70-მდე კილომეტრითაა დაშორებული. ინტერნეტი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს და გადასახადიც ძვირია-“ავარიული საავტომობილო გზის გამო, 2 საათზე მეტი დრო სჭირდებათ თვითმმართველობის შენობამდე მისასვლელად. შესაბამისად, “ერის იმედელი” ახალგაზრდის სურვილი მონაწილეობა მიიღოს საკუთარი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრაქტიკულად განწირულია”-ამბობს ბაგალიშვილი.
2014 წლის გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევაში, საქართველო, კოსტა-რიკასა და ეგვიპტესთან ერთად მოყვანილია იმ ქვეყნის მაგალითად, სადაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს- 45%-ს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე, ყველაზე რთული ვითარებაა ზემო სვანეთში, ქვემო სვანეთსა და რაჭაში. ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა 2000-მდე დასახლებულ პუნქტში ოპტიკურ-საკაბელო სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, გამარჯვებული 14 ივნისს უნდა დასახელებულიყო, თუმცა როგორც ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გვითხრეს, 4 კომპანიის განაცხადი შევიდა და არცერთი არ პასუხობდა მოთხოვნებს- “არ იყო წარმოდგენილი კონკრეტული გაანგარიშებები, დამტებითი ვადა მივეცით მონაცემების დასაზუსტებლად. მათ დააზუსტეს და კომისია მსჯელობს, რომ შეარჩიოს და საქ-ოს მთავრობას წარუდგინოს რეკომენდაციისთვის, მთავრობა ან შეარჩევს ან გადაწყვეტს რა გზით წავიდეს” - ამბობს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე eugeorgia.info-სთან საუბრისას.
ერთ-ერთი ვინც განაცხადი შეიტანა კომპანია ”სილქნეტია”, რომელსაც ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს დღეს საქართველოში. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ღირებულება 100 მილიონი დოლარის ფარგლებშია, რისი დაფარვაც არცერთ კერძო კომპანიას არ შეუძლია- “ძალიან ძვირი ჯდება და შემოსავალი ვერ დაფარავს სავარაუდო საოპერაციო ხარჯებსაც კი, რომ არაფერი ვთქვათ კაპიტალურ ხარჯებზე. იყო ელემენტები, სადაც სახელმწიფო იძლეოდა გარატიებს, მაგრამ ეს არ იყო მყარი ვალდებულებები, პროექტის ხარჯებთან შედარებით. კარგია, რომ სახელმწიფო აპირებს ინტერნეტის განვითარებას ხელი შეუწყოს, თუმცა მხოლოდ კერძო ინვესტიციით ამის გაკეთება არ გამოდის”- განაცხადა “სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსმა ილია ენუქაშვილმა. eugeorgia.info-ს შეკითხვაზე ხომ არ შეფერხდება პროექტი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გვითხრეს, რომ პროექტი მთავრობას უმნიშვნელოვანესად მიაჩნია და ის აუცილებლად განხორციელდება.
eugeorgia.info უცხოური გამოცდილებითაც დაინტერესდა- როგორ მიმდინარეობდა ინტერნეტიზაციის პროცესი ევროპის ქვეყნებში, სადაც აღმოჩნდა,რომ კომპიუტერების ხელმისაწვდომობასა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ- “ევროპაში სახელმწფომ იზრუნა, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი არ დარჩენილიყო მხოლოდ ელიტარული ფენისთვის ხელმისაწვდომად. კერძო კომპანიებთან ხელშეკრულებით მოახდინეს მოსახლეობაში ციფრული წიგნიერების ზრდა, ამან, საშუალოდ, გამოიწვია 30-დან 60%-მდე პროდუქტიულობის, დასაქმების მატება, იდეების გენერირება, სახელმწიფო მართვაში ჩართულობა”-ამბობს ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე.
დასაველთში, ბოლო წლებში, განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტერმინი “ელექტრონული მმართველობა” (E-Governance) ანუ ქვეყნის მართვის პროცესში ინფორმაციისა და კომუნიკაციათა ტექნოლოგიების გამოყენება, რისთვისაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მასშტაბური ინტერნეტიზაცია და კომპიუტერების ხელმისაწვდომობა- “ქვეყნებმა ელექტრონულ მმართველობაზე მას შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რაც დაინახეს, რომ ამას დიდი ეკონომიკური სარგებელი აქვს - დასაქმების, ბიზნესის სტიმულირების კუთხით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოქმნის ალბათობა იზრდება, შესაბამისად, იზრდება შემოსავლები. დღეს ციფრული ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში დაახლოებით 25%-ია. ევროპამ ჯერ ხელი შეუწყო ინტერნეტკომპანიების წარმოქმნას და შემდეგ შექმნა ელ. მმართველობის სისტემა, ჩვენთან კი ჯერ შეიქმნა ინტერნეტინფრასტრუქტურა და შემდეგ დაიწყო კომპიუტერიზაციის პროცესი. ელ. მმართველობის მომსახურების კომპონენტების შექმნა დაიწყეს, მაგრამ არა სისტემის. ჯერ უნდა განევითარებინათ ინტერნეტბაზარი და შემდეგ დაეწესებინათ გადასახადი, ფასწარმოქმნის პოლიტიკას არავინ აკონტროლებს. სამართლებრივი რეგულირება არა გვაქვს, ელ. კომერციის კანონი არ არის-ამბობს დოქტორი აბულაძე.
დღეს გაეროს წევრი ქვეყნების 40% სოციალურ ქსელებს- Facebook და Twitter- სამთავრობო პროცესების განხორციელებაში აქტიურად იყენებს.სოციალური ქსელების მნიშვნელობა კარგად დაინახა მსოფლიომ ე.წ. ინტერნეტრევოლუციების დროსაც. კომპანია Google-ის მარკეტინგის თანამშრომლის მიერ Facebook-ში შექმნილი გვერდი, სახელწოდებით- “ჩვენ ყველანი ხალედ საიდები ვართ” 2010 წელს ეგვიპტეში რევოლუციის შთაგონების წყაროდ იქცა. ხალედ საიდი 28 წლის ეგვიპტელი იყო, რომელიც პოლიციამ ალექსანდრიაში აქციის დროს სასიკვდილოდ ცემა. ზუსტად 3 თვეში 250 ათასამდე მოქალაქე შეუერთდა ონლაინპროტესტს, რომელმაც მალე ქუჩებში გადაინაცვლა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ Facebook-ის ერთ გვერდს ამდენი ადამიანის ქუჩაში გამოყვანა შეეძლო, რაც საბოლოოდ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადაყენებით დასრულდა.
“სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით, Facebook, აქტიურად იყენებდნენ უკრაინელი აქტივისტები, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ევრომაიდანის აქციები ბევრად უკეთესად იყო ორგანიზებული, ვიდრე 2004 წელს ნარინჯისფერი რევოლუციის დროს-გვითხრა ანა მასნამ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 2013 წლის ნოემბერში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებში.სოციალური ქსელში გამოხატული პროტესტი ახლახან ქუჩის აქციებში გადაიზარდა მეზობელ სომხეთშიც. ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ დემონსტრაციები სოციალურ ქსელებში დაიგეგმა.
ევროპაში, იტალია და რუსეთი აღმოჩდნენ სოციალურად ყველაზე აქტიურები, სადაც მომხმარებლები ინტერნეტში ყოფნის 40%-ზე მეტ დროს სოციალურ მედიას უთმობენ. “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოშიც ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე მეტ დროს სოციალურ ქსელებში ატარებენ.
დღეს ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს “იაფი კომპიუტერების” პროგრამაზე, რომელიც კომპანია “ინტელთან” ერთად სოფლის მოსახლეობისთვის კომპიუტერის შეძენისას რისკების დაზღევასა და განვადების მისაღები პირობების შეთავაზებას ითვალისწინებს. ასევე, მიმდინარე წელს დაგეგმილია საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრების გახსნა ჭოპორტში, ხარაგაულსა და ამბროლაურში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარდება ტრენინგები. პროექტების განხორციელების პარალელურად, საქართველოს მოუწევს ელექტრონული კომერციის შესახებ კანონმდებლობის შემუშავება და სფეროს მოწესრიგება, რასაც მას ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს.
მაიკო გაბულდანი