საქართველო მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებს მოემსახურება - დაინტერესდებიან თუ არა სხვა მსხვილი ინვესტორები
თბილისის საავიაციო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. აქ ძველი შენობები უნდა დაინგრეს და სივრცე ახალი შენობებისთვის მომზადდეს. ძალიან მალე სწორედ ამ ადგილას საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო, თანამედროვე საავიაციო ნაწილების ქარხანა უნდა აშენდეს.
ეს წარმოება საქართველოში პირველია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ და წამყვან ისეთ კომპანიებს უნდა მოემსახუროს, როგორებიცაა ავიამწარმოებლები Bombardier-ი, Boeing-ი და Airbas-ი. ეს ორი უკანასკნელი მსოფლიოს ავიაინდუსტრიაში ყველაზე შემოსავლიანი კომპანიებია.
მსგავსი მასშტაბის ბიზნესის წარმოებამ და მსხვილ პარტნიორებთან თანამშრომლობამ საქართველოს კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა საერთაშორისო კომპანიებისთვის ბიზნესის გასაფართოებლად მიმზიდველ ქვეყნად იქცეს. მით უმეტეს, რომ ბოლო ტენდენციებით მსხვილი კორპორაციები სულ უფრო ინტერესდებიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქმიანობის გაფართოებით.
მაგალითად, 2014 წელს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბლუმბერგის შეფასებით პოლონეთი დასახელდა ბიზნესის კეთების მხრივ წამყვან ქვეყნად. მიზეზი განვითარებული ინფრასტრუქტურა და გაზრდილი სამომხმარებლო ბაზარია. ევროპაში საქმიანობის გაფართოება სწორედ პოლონეთში გადაწყვიტა მსოფლიოს უმსხვილესმა ელექტრონული ვაჭრობის კომპანია Amazon.com-მა, ასევე International Business Machines-მა და Procter & Gamble-მა. პოლონეთს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ჩეხეთი და უნგრეთი ჩამორჩებიან. ჩეხეთში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი სათამაშოების დანიური კომპანია LEGO-ა. კომპანიას 2013 წლის შემდეგ ჩეხეთში 50 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე შესაფუთი მასალების საწარმო აქვს. ასეთივე წარმოება დაიწყო LEGO-მ ჩინეთში.
რაც შეეხება საქართველოს: პროექტს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის პარტნიორობით ისრაელის კომპანია Elbit Systems-ი განახორციელებს. საავიაციო ნაწილების ქარხნის სამართავად საპარტნიორო ფონდმა (66%) და Elbit Systems–ის შვილობილმა Elbit Systems – Cyclone-მა (33.3%) ერთობლივი საწარმო Aero-Structure Technologies (Cyclone)-ი დაფუძნეს. ქარხანამ სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური დეტალები უნდა აწარმოოს.
Elbit Systems-ი ამ სფეროში საკმაოდ გამოცდილია. კომპანია სამხედრო და სამოქალაქო საავიაციო, კოსმოსური და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების სისტემებს, მართვის, კონტროლის, კომუნიკაციის, კომპიუტერულ და სადაზვერვო სისტემებს, ასევე ელექტრო ოპტიკურ და სხვა ხელსაწყოებს აწარმოებს. Elbit Systems-ს სხვადასხვა სახის წარმოება რამდენიმე ქვეყანაში აქვს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიაში, მაკედონიაში, რუმინეთში, დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში. კომპანია Elbit Systems-ის აქციები NASDAQ-ის და თელავივის საფონდო ბირჟებზე ივაჭრება.. 2014 წელს კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
პროექტის ხელმძღვანელი ქართული მხრიდან საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი ნინო ჩოლოყაშვილი ამბობს, რომ საქართველოში წარმოების მშენებლობა 3 მიზეზის გამო გადაწყდა. ესენია: მუშახელის ანაზღაურება, ადგილმდებარეობა და ხელსაყრელი საგადასახადო გარემო.
ისრაელში საშუალო ხელფასი 2 ათას 500 ამერიკული დოლარია, რაც საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია. შესაბამისად, საქართველოში საწარმოს განთავსებით Elbit-ი იმედოვნებს, რომ შეძლებს ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას და ბაზარზე შესათავაზებელი პროდუქციის ფასის შემცირებას;
ამ ბიზნესში მნიშვნელოვანია მიწოდების ვადები და საწარმოს ადგილმდებარეობა. საქართველოს სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ კი ჩოლოყაშვილის აზრით, მნიშვნელოვანი როლი იქონია ELBIT-ის გადაწყვეტილებაზე საქართველოს სასარგებლოდ.
“ბოლო წლებში თვითმფრინავის ნაწილების წარმოების ბაზარზე კონკურენცია იზრდება. ამის საპასუხოდ კი უმეტესობა მსხვილი მწარმოებლები ალტერნატიულ ქვეყნებს ეძებენ წარმოებების გადასატანად და ხარჯების შესამცირებლად. კომპოზიტური მასალის წარმოებისთვის, სადაც ხარჯის მინიმუმ 40-50 პროცენტს მუშახელის ხარჯი შეადგენს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმოების ქონა ისეთ ქვეყანაში, სადაც მუშახელის ხარჯი შედარებით ნაკლებია”, - ამბობს ჩოლოყაშვილი და განმარტავს, რომ ELBIT Cyclone-ი კომპოზიტურ მასალებს ამზადებს ისრაელში, ქალაქ ჰაიფას საწარმოში, თუმცა ამ საწარმოს სიმძლავრეები მათ თითქმის ათვისებული აქვთ და სარეზერვო სიმძლავრის შექმნის აუცილებლობა დაუდგათ. კომპანია რამდენიმე ალტერნატიულ ქვეყანას შორის აკეთებდა არჩევანს და საბოლოოდ - საქართველოზე შეაჩერა ,.
საავიაციო ნაწილების ქარხნის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს. წარმოება კი 2018 წლიდან უნდა დაიწყოს. კომპანიაში 300-მდე ადგილობრივი უნდა დასაქმდეს, თუმცა ამ სპეციალობის ადამიანები, რაც ქარხანას სჭირდება, საქართველოში დღეს არ არიან. საინვესტიციო შეთანხმების მიხედვით Elbit-ის წარმომადგენლები უნივერსიტეტებში გადაამზადებენ სპეციალისტებს და მხოლოდ ამის შემდეგ აიყვანენ თანამშრომლებს. უნივერსიტეტები ჯერ შერჩეული არ არის. გადამზადების პროცესი დაახლოებით 4-6 თვეს გაგრძელდება. კომპანია თანამშრომლებით კი ერთი წლით ადრე უნდა დაკომპლექტდეს.
იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე მოხვდეს, მან პირველ რიგში ISO-ს და NADCAF-ის სერტიფიკატები უნდა მიიღოს, შემდეგ კი იმ კომპანიებმა უნდა დაამოწმონ მისი პროდუქციის ხარისხი, ვინც საავიაციო ნაწილების შეძენას გადაწყვეტს.
საწარმოს მშენებლობის დაწყებისას 7 სექტემბერს Elbit Systems-ის პრეზიდენტმა ბეჟალელ მაჩლისმა განაცხადა, რომ გარდა ქარხნის აშენებისა, საქართველოში სხვა პროექტებსაც განიხილავენ.
“საქართველოში ვაპირებთ ავაშენოთ ქარხანა, მაგრამ განვიხილავთ სხვადასხვა კომერციული პროექტების განხორციელების საკითხსაც, რაც საქართველოს შესაძლებლობებს განავითარებს”, - აღნიშნა მან.
მაჩლისის ეს სიტყვები შესაძლოა სიგნალი იყოს სხვა მსხვილი კომპანიებისთვისაც, ვინც ბიზნესის გასაფართოებლად ახალ შედარებით ნაკლებხარჯიან სივრცეს ეძებს. ქართული მხარე ფიქრობს, რომ ერთი მსხვილი კომპანიის შემოსვლით, სხვა კორპორაციებსაც დააინტერესებს.
“კომპანიების გადაწყვეტილება საწარმოს კონკრეტულ ქვეყანაში გადატანის, ან გაფართოების თაობაზე მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია აღნიშნულ ქვეყანაში სხვა მსხვილი კომპანიების არსებობა და მათი გამოცდილება. ამ კუთხით გიგანტი კომპანიის გადაწყვეტილება, როგორიცაა ELBIT-ი ნამდვილად იქონიებს გავლენას სხვა მსხვილ კომპანიებზე და საქართველოს მათ ალტერნატივების სიაში წამყვან პოზიციებზე განათავსებს”, - ამბობს ნინო ჩოლოყაშვილი.
მსხვილი კომპანიების ქვეყანაში მოსაზიდად სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა იმუშაონ, პირველ რიგში კი - ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ. როგორც სამინისტროში ამბობენ, ისინი ინვესტიციების მოსაზიდად სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ეს არის ტურიზმის გაფართოება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რაც მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გეგმავს რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემოს გაცნობას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას”, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.
როგორ ცდილობენ, ან აპირებენ მსხვილი კორპორაციების დაინტერესებას, ამის შესახებ უწყებაში არ საუბრობენ. სამინისტროს თანამშრომლები თავს იკავებენ იმ მსხვილი კომპანიების დასახელებისგანაც, რომლებთანაც ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს და სხვადასხვა ინვესტიციის ჩადება იგეგმება.
მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საქართველოში ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქარხანა, რამდენიმე სასტუმრო და გასართობი ცენტრი უნდა აშენდეს. ჯამში დაახლოებით 265 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმება.
სამინისტროში დარწმუნებულები არიან, რომ სხვადასხვა რეიტინგში საქართველოს პოზიციით ინვესტორები აუცილებლად დაინტერესდებიან.
საქართველო ბიზნესის კეთების (World Bank; Doing Business) რეიტინგში, 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის - მე-9 ადგილზე. Moody’s Investors Service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა. ასევე, Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2015-ის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.4 პუნქტით გაუმჯობესდა წინა წელთან შედარებით და 73.0 ქულა შეადგინა. „ფორბსი“-ს კვლევის თანახმად, საქართველო იკავებს მეოთხე ადგილს გადასახადების სიმცირის კუთხით, კატარის, გაერთიანებული საამიროების და ჰონგ - კონგის შემდეგ.
მაია წიკლაური