ტრანსფორმირებულ საპარტნიორო ფონდში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი კვლევებს დაეთმობა
დღეს “საპარტნორო ფონდის” გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვთხოვეთ მის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს გაეზიარებინა ჩვენთვის ხედვა სტრუქტურის ტრანსფორმაციასთან და მუშაობის სამომავლო წესთან დაკავშირებით
- რა პრინციპით განაგრძობს ფონდი პროექტების შერჩევას და დაფინანსებას?
- პირველ რიგში უნდა შეიქმნას ინსტიტუტი, რომელმაც ის ამოცანები უნდა განახორციელოს რაზეც ვსაუბრობთ, ხალხს კონკრეტიკა აინტერესებს, აინტერესებს ექნება თუ არა საშუალება აწარმოოს ის პროდუქტი, რომელსაც გაიტანს უცხოეთში, ან აწარმოოს პროდუქტი, რომლის გაყიდვას შიგნით შეძლებს და კონკურენციას გაუწევს გარედან შემოსულ ანალოგიურ იაფფასიან პროდუქტს. ან გვექნება თუ არა ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს ის დარგები განვითარებული, რომელიც გაჩერებულია,არადა უნდა მუშაობდეს
- აი, რომ ბრძანებთ, ქვეყანას უნდა ჰქონდეს განვითარებული ესა და თუ ის დარგიო იქნებ არ არის პერპსექტიული რაღაც კონკრეტული დარგი, ვინმე რომ შეგედავოთ, რას უპასუხებთ, ვინ უნდა განსაზღვროს დარგებიდან რომელი არის პრიორიტეტული საქართველოსთვის?
- ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, როდესაც ამ ახალი სტრუქტურის მუშაობაზეა საუბარი არის ანალიზის, კვლევების და რისკების შესწავლის დეპარტამენტის შექმნა, რომელმაც უნდა გაანალიზოს რა დარგებია ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მე ვამბობ, ჩვენ ყველა დარგს ვერ განვავითარებთ. უნდა განვსაზღვროთ პირველი 5 წელი, ვთქვათ, რა უნდა იყოს ყველაზე მეტად განვითარებული, რაში უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები, რა დარგები უნდა წავახალისოთ, რა დარგებში შევქმნათ ისეთი ოაზისური გარემო, რომ შიდა თუ გარე ინვესტორისთვის საინტერესო იყოს ზუსტად ამ დარგის განვითარება და არა ის, ვის რა მოეხასიათება. ვისაც რა მოეხალისება ის აკეთოს, არავინ უშლის ხელს, მაგრამ თუ ამას აკეთებს, მაშინ იქ შევქმნათ საკანონმდებლო ბაზა, საინვესტიციო ბაზა ისეთი, რომ იცოდეს, რომ აი ეს დარგი არის პრიორიტეტული. ეგ ერთი, მეორე, მაგალითად, რახან თქვენ ახსენეთ მეკარტოფილეობა, უნდა ვთქვათ, რომ კი ბატონო, კარტოფილის წარმოება ან დავუშვათ პომიდვრის წარმოება ეს არის პრიორიტეტი და თუ ამ დარგში დებს ადამიანი ფულს, მაშინ ჩვენ მას ვუქმნით ასეთ პირობებს, მაგრამ თუ უნდა მაინცდამაინც კივის მოყვანა, კი ბატონო, მოიყვანოს, მაგრამ მოიყვანოს თვითონ. ისიც უნდა იცოდეს, ვინც ამ ბიზნესით არის დაკავებული, რომ მეკარტოფილეობის განვითარება არის პრიორიტეტული კონკრეტულად ამ რეგიონში, იმიტომ, რომ კვლევებმა უნდა გვიკარნახოს ასევე რა რეგიონებია იდეალური, სიტყვაზე, კარტოფილის მოსაყვანად. ჩვენ ასეთ ინვესტორს, მეწარმეს თუ ფერმერს ვეტყვით, რომ მოგცემთ ასეთ საშუალებებს, დაგეხმარებით ამით, გაგათავისუფლებთ ასეთი გადასახადისგან და ა.შ. თუ უნდა, რომ მაინცადამაინც ამ რეგიონში კი არადა, წაიღოს და გურიაში გააკეთოს, სიკეთეში მოახმაროს ღმერთმა, მაგრამ ის ამ სიკეთეებით ვერ ისარგებლებს.
თუ ვნახეთ, რომ რაღაც სფეროში არსებობს გარკვეული რისკები უნდა ვთქვათ, რომ ამ დარგში განვითარება ჩვენთვის არ არის პრიორიტეტული, ერთი და მეორე, მიგვაჩნია რომ არ არის საჭირო იმიტომ, რომ არსებობს ეს რისკები, ეს რისკები რა შეიძლება იყოს? ჭარბწარმოება მეზობელ ქვეყანაში ამ კონკრეტული პროდუქტის ან ის კლიმატი, რომელიც ამ პროდუქციის წარმოებისთვის არ არის ხელსაყრელი, ან თუნდაც მარტო სოფლის მეურნეობაზე რომ არ ვისაუბროთ, წავიდეთ უფრო შორს, ინდუსტრიულ სფეროში, მაგალითად, თუ გვინდა მანქანათმშენებლობის განვითარება უნდა ვიცოდეთ ზუსტად მოთხოვნა, მიწოდება, პოტენციალი, ფასწარმოქმნა, მარჟები, რამდენია სხვა ქვეყნებში რომ ვთქვათ, რომ თუ ამის დაწყება გინდა ეხლავე გეუბნები, რომ არ დაიწყო იმიტომ, რომ შენ შეიძლება ამ რისკებს წააწყდე და შენთვის რაც არის უცნობი უნდა მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ გარკვეულად გავუფრთხილდეთ ინვესტორს, ქვეყნის იმიჯს, რატომ ავითარებ იმას, რაც ზედმეტია და არ არის სწორი. ასე თუ ისე, ინფორმაცია მივაწოდოთ თუ მაინც მოუნდება, მისი საქმეა, ხელს არავინ შეუშლის და ა.შ. ეს სამსახური ამ ახალ სტრუქტურაში უნდა იყოს მთავარი და რგოლი, რომელსაც მნიშვნელოვანი დაფინანსება დასჭირდება. როდესაც სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციები ჩამოდიან და სტრუქტურა როცა დიდ ბიზნესგეგმას აკეთებს თუ საშუალოს, თუ მცირეს ვიღაცას მაინც ქირაობს, რომ ბიზნესგეგმა დაწეროს და იმაში მარკეტინგული ნაწილი ძალიან დიდია და ამაში დიდ თანხებს იხდიან, ეს შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს და სახელმწიფომ ამაზე არა ბიუჯეტის ფული არამედ... აი ამას ვამბობ სწორედ რომ ამ ახალი საფინანსო თუ განვითარების კორპორაციის მნიშვნელოვანი ფუნქცია ეს უნდა იყოს, მაგრმა ეს ფუნქცია ამ ორგანიზაციამ ისე უნდა შეასრულოს, რომ ბიუჯეტს კი არ დააწვეს კისერზე, არამედ ან გრანტები მოიზიდოს ან გარეთა დაფინანსებები მოიზიდოს იმიტომ, რომ ეს ხომ ჩაკეტილი ინფორმაცია არაა, ეს ინფორმაცია საჯარო მოხმარებისთვისაა ამ ინფორმაციას გამოიყენებს ნებისმიერი ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურა, ორგანიზაცია, მეწარმე, ბიზნესმენი, ინვესტორი ან უცხოელი, რომელიც მოვა იმ ერთ კარებს გააღებს და ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებს. შესაბამისად ამ კვლევების დაფინანსება ერთი კომპანიის, ერთი ორგანიზაციის საქმე არ უნდა იყოს, აქ ჩვენ უკვე სხვა წყაროები უნდა ვნახოთ დაფინანსების.
- ანუ არასაბიუჯეტო?
- არა შეიძლება გარკვეული ნაწილი იყოს ბიუჯეტიდანაც იმიტომ, რომ ბიუჯეტის ინტერესიცაა, მაგრამ აქ უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ამისთვის თანხები გარედან მოვიტანოთ
- ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული?
- გრანტებს ათას რამეში იძლევიან და მოვძებნით, ისეთებს, ვისაც ექნება ინტერესი
- რაც შეეხება მეწარმეების მხარდაჭერას, როგორ შეარჩევთ ამ მეწარმეებს? რის მიხედვით?
- მეწარმეს ჩვენ არ ვარჩევთ მეწარმეს მოაქვს ბიზნესპროექტი და ჩვენ ვარჩევთ ბიზნესპროექტს. თუ მისი ბიზნესგეგმა იქნება დამაჯერებელი, მყარი და დავინახავთ, რომ ამის უკან დგას მყარი ბიზნესი, ან თუ სტარტაპია არსებობს ამ სტარტაპისთვის ხელშემწყობი გარემო, არსებობს პირობები რომ განვითარდეს და არა ის, თუ ვინაა ჩემთვის მისაღები პიროვნება, იმის მიხედვით შევარჩიოთ მეწარმეები
- სტარტაპი რა დონის სტარტაპი უნდა იყოს?
- ნებისმიერ დონეზე, ყველა ის ინოვაციები, რომელიც სამეცნიერო და სასწავლო წრეებშია მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი შესწავლა, მათი გამოყენება და მათი ინდუსტრიალიზაცია. მე შევხვდი, მაგალითად, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, შევხვდი სხვა უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობას და ახლა მინდა უკვე შევხვდე იმ ჯგუფებს, რომლებიც სწორედ ასეთ ინოვაციებს, ასეთ ნოუ ჰაუებს, ასეთ აღმოჩენებს აკეთებენ
- და მათ თუ ბიზნესის ცოდნა არ გააჩნიათ? როგორ უნდა გამართონ წარმოება ან ბიზნესგეგმა როგორ უნდა დაწერონ სწორად?
- ხოდა, მაგაში უნდა დავეხმაროთ, თუ ვნახეთ, რომ საინტერესოა თემა,რომ მისი ინდუსტრიალიზაცია ქვეყანას მისცემს სერიოზულ მოგებას. მაგალითად, ვინმემ აღმოაჩინა, რომ არსებობს რაღაც ძალიან კარგი რამ, რომელიც საშენ მასალაში გაძლევს სერიოზულ წარმატებას, ბევრი გვყავს ასეთი გარშემო, მაგრამ გადარჩევაა საჭირო, ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა გეტყვის, რომ მისი გამოგონება უნიკალურია მსოფლიოში.
- რის მიხდვით უნდა შეაფასოთ, ვისი აღმოჩენაა ღირებული და ვისი არა? ვთქვათ საზღვარგარეთ გამოქვეყნებული რეცენზიების მიხედვით თუ რა კრიტერიუმით?
- ყველაფრის შეფასების კრიტერიუმი არსებობს, საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს თუ არა სტატია ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, შეიძლება გენიალური გამოგონება ჰქონდეს კაცს და არსად იყოს გამოქვეყნებული.
- ვინ უნდა შეაფასოს, რომ გენიალურია?
- დარგების მიხედვით, ენერგეტიკაში ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებმა, სოფლის მეურნეობაში სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა და ა.შ.
- ჩვენმა სპეციალისტებმა ხომ?
- აბა ვინ? ამერიკაში თუ გააგზავნი შეფასებაზე რაღას გავაკეთებთ ჩვენ? თუ ამ გამომგონებელს დასჭირდება ექსპერიმენტის ჩატარება, შესაძლოა ჩვენმა ორგანიზაციამ გაწიოს ეს ხარჯები იმიტომ, რომ თუ ვიღაც გარწმუნებს, რომ ეს არის კარგი საშენი მასალა, რომლითაც შენ შეიძლება შეცვალო, პირობითად, აგური ან ბლოკი, იქნება მასზე მსუბუქი, მასზე მყარი, ნაკლებად გაატარებს ხმაურს და ა.შ. მაშინ საცდელი მაინც ხომ უნდა გააკეთო? აი ამ საცდელს სჭირდება დაფინანსება, რადგან იმ გამომგონებელს ამის საშუალება არ აქვს. შენ თუ მიხვდი, რომ ეს მართლაც საინტერესოა, მაშინ დააფინანსებ, თუ ხედავ, რომ სისულელეა არ დააფინანსებ, ამიტომ აქ ბევრი რამეა.
- რა ერქმევა ამ ახალ ორგანიზაციას? კორპორაცია?
- ამას ყველაზე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, რაც გინდათ ის დაარქვით, მთავარია შინაარსი რა იქნება, დაფინანსების წყაროები რა იქნება, სტრუქტურა როგორი ექნება და ბერკეტები როგორი ექნება, რომ თავისი დავალება შეასრულოს
- ფინანსები საიდან უნდა მოიპოვოს ამ ახალმა ორგანიზაციამ?
- არ მინდა, დეტალურად შევიდე ამ საკითხში, ჩვენი თანადაფინანსებით მოხდება პროექტების ხელშეწყობა, ჩვენ არანაირ ბიზნესში არ შევალთ 49% ზე მეტით, ბიზნესი უნდა წარმართოს იმან, ვისიც არის ბიზნესი, ჩვენ უნდა მივიდეთ და იმ ბიზნესს მივეხმაროთ მანამ, სანამ არ დაქოქავს იმ ბიზნესს, სანამ არ გავა იმ მოგებებზე, თუ იმ წარმადობაზე, რაც მას სჭირდება და როგორც კი მაგას მიაღწევს, ჩვენ გამოვალთ, შეტანილ თანხას გამოვიტანთ და ამ თანხას უკვე მივმართავთ სხვა პროექტებზე.
- მაშინ, აქვე გკითხავთ, როდესაც სტარტაპებზე არის საუბარი, ამ ჭრილში, როგორ შეიძლება დავინახოთ დაფინანსების საკითხი?
- სტარტაპს ხომ თავისი ბიზნესგეგმა გააჩნია
- იმას ხომ ფული არ აქვს საერთოდ?
- გასაგებია, თუ მან ამ ფულის ნახევარი მაინც შეიძინა, ისიც საქმეა, და თუ პროექტია საინტერესო, ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენ შევიდეთ საწესდებო კაპიტალში, ანუ ექუითის ვუქმნით ამ კომპანიას, როცა საწესდებო კაპიტალი კომპანიას გააჩნია, ის საინტერესო ხდება მერე ბანკისთვის, თქვენ რომ სტარტაპს იწყებთ და არ გაქვთ ფული არც ერთი ბანკი თქვენ არ დაგაფინანსებთ, მაგრამ როცა სტარტაპს იწყებთ და ამის ნახევარი ფული უკვე გაგაჩნიათ მერე ბანკისთვისაც საინტერესო ხდებით, ჩვენ უნდა გაგხადოთ თქვენ ბანკისთვის საინტერესო კლიენტი, რის საფუძველზეც ბანკი შემდეგ მოგცემთ კრედიტს. სიტყვაზე ბიზნესს სჭირდება 2 მილიონი დოლარი, 2 მილიონს თუ ჩადებ და აამუშავებ ქარხანას, 5 წლის შემდეგ იმ 2 მილიონ დოლარსაც ამოიღებ და კიდევ გექნება 10 მილიონი მოგება, მაგრამ რითი უნდა დაიწყო? ჩვენ რომ ვამბობთ, რომ მოგვწონს პროექტი, საინტერესოა, ბიზნესში 51%-ის მფლობელთან შევალთ და მივცემთ ამ 2 მილიონიდან 1 მილიონს გარკვეული გარანტიებით და ა.შ. ამის მერე ჩვენ ვეხმარებით, რომ წავიდეს და ბანკიდან მოიტანოს 1 მილიონი, ბანკსაც ვაინტერესებთ, ვუხსნით, ვემუშავებით, ბანკი რახან ხედავს, რომ 1 მილიონი უკვე დევს შიგნით, მოდის და ამ 2 მილიონს უკვე კრავს თავისი მილიონით. ახლა თუ სულ არაფერი აქვს დამწყებ ბიზნესმენს ეგეც პრობლემაა რაღაც მაინც უნდა ჰქონდეს, მისი რისკიც უნდა იყოს გათვალისწინებული. კაცი თუ მოვა, შენ ფული ჩადე და მე გარედან გიყურებო, მასე არ იქნება
- ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ ჩაუვარდა კომპანიას ბიზნესი?
- არსებობს რისკების განაწილების სოლიდარული მეთოდები, რაღაცაზე ჩვენ, რაღაცაზე თვითონ, ვინცაა მონაწილე ისაა პასუხისმგებელი
- ჩვენ ანუ ვინ თავად სტრუქტურა? სახელმწიფო ბიუჯეტი ხომ არ იქნება რამეზე პასუხისმგებელი?
- თუ სახელმწიფო მონაწილეობს, ბუნებრივია სახელმწიფო სტრუქტურაა პასუხისმგებელი, სუბიექტი ვინც არის მონაწილე ისაა პასუხისმგებელი
- რომ უთხრათ გადასახადის გადამხდელებს, რომ აი ეს სტრუქტურა რაღაც ბიზნესში დებს ფულს, რომელიც შესაძლოა საბოლოო ჯამში გაკოტრდეს და ამაზე ბიუჯეტმა აგოს პასუხი, რამდენად მისაღები იქნება ეს თქვენი აზრით მათთვის?
- მაშინ საერთოდ არაფერში არ ჩავდოთ ფული, სახელმწიფომ არაფერში მიიღოს მონაწილეობა? რომელი ბიზნესია, სადაც რისკი არ არის? მიწისძვრა რომ მოხდეს? თუ რისკს ვინმე ხედავს კორუფციულ ელემენტებში, უნდა დაიჭირო და ასე შემდეგ. ეს ისეთი კითხვებია, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს? რა ინგლისის რომელიმე კომპანია ამერიკის, გერმანიის მერსედესს რისკი არ აქვს, როგორ ფიქრობთ? ან როცა სახელმწიფო ბანკები როცაა და კრედიტს აძლევენ, იბიარდი როცა კრედიტს აძლევს საქართველოში რომელიმე სტრუქტურას, რისკი არ აქვს? და ამიტომ იბიარდი აღარ არსებობს, რახან მან საქართველოში დააფინანსა რომელიმე სასტუმროს მშენებლობა? მსოფლიო ბანკმა როცა დააფინანსა რომელიმე პროექტი, განა რისკი არ გაწია? ამიტომ მსოფლიო ბანკი აღარ არსებობს? ჩინეთის განვითარების ბანკი, სახელმწიფო ბანკია, როცა გაძლევს შენ სესხს, რისკი განა არ არსებობს? 500 მილიონიან საკედიტო ხაზს როდესაც გაძლევს და ის ბიზნესი დაინგრა, რა მოხდება? ის ბანკი არ განადგურდება! თუ რისკი იყო უაზროდ გაწეული ბანკის ხელმძღვანელს დაიჭერენ ან გაათავისუფლებენ ან მადლობას გადაუხდიან
- როგორ მიდის ამ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესი?
- ჯერჯერობით კანონი მზადდება, KFW მუშაობს ამ თემაზე და იმედია, რომ წლის ბოლომდე გვექნება სტრუქტურის პროექტი.
- ახალ ფონდში თანხები ხომ დივიდენდებიდან შემოდის?
- ის შვილობილი ორგანიზაციები, რომელიც ჰყავს ფონდს ამ შვილობილ ორგანიზაციებს ზოგს აქვს დივიდენდი, ზოგს არ აქვს, ზოგს რამდენიმე წელი დივიდენდი არ ჰქონია. რაც აქვს დივიდენდი ამ დივიდენდების ნაწილი ხმარდება ფონდის პარტნიორი პროექტების დაფინანსებას.
- რაზედაც თქვენ თქვით, რომ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ამუშავდეს ეს ორგანიზაციაო.
- როცა არ იცი რამდენი გაქვს დივიდენდი, მომავალ წელს, როცა გეგმავ, შენს საქმიანობას გეგმავ, პრაქტიკულად ბრმად.
- ახლა ხომ ამ სისტემით მუშაობს საპარტინორო ფონდი?
- კი, ახლა ამაზე დგას, რაც მიმაჩნია, რომ მანკიერი მხარეა და უნდა შევცვალოთ.
- დაფინანსების წყაროები სად უნდა მოიძიოთ?
- ვმუშაობთ, ჯერჯერობით, ამ საკითხზე.
ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე