ხურმის ჩირის საექსპორტო შესაძლებლობები
ქართული ხურმის ჩირი ჰოლანდიაში
გიორგი კოჭლამაზაშვილი 20 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს. შარშან მან კომპანია „GEOFOOD“ ჩამოაყალიბა და საქართველოდან ჰოლანდიაში ხურმის ჩირის პირველი პარტია გაიტანა. პარტია საცდელი იყო და სულ 100 კილოგრამი ჩირისგან შედგებოდა. ეგზოტიკური პროდუქტი ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში ჩააბარა, რომლებიც ბიოპროდუქტებით ვაჭრობენ. საქართველოდან ევროპაში ჩატანილი ხურმა ჰოლანდიელებს მოეწონათ და ის იოლად გაიყიდა, მაგრამ როგორც გიორგი ამბობს, ჩირმა უმნიშვნელო მოგება დატოვა, იმის გამო, რომ საქართველოში პროდუქტი ძვირად შეიძინა.
წელს ის ხურმის მეორე პარტიას ჰოლანდიაში 15 დეკემბრისთვის ჩაიტანს. მეწარმეს პროდუქტის დამზადება მარტვილში ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქვს შეკვეთილი და მის კარგად გაშრობას ელოდება.
„წელს 200 კილომდე გავზარდე შეკვეთა, – ამბობს გიორგი კოჭლამაზაშვილი, – რადგან ხურმის ჩირი აქ მაინც ახალი პროდუქტია და დიდ რისკზე წასვლა არ მინდა. თანაც, შარშანდელ პარტიაში ბევრი აღმოჩნდა გაფუჭებული, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ამიტომ ცოტა შიშით ველოდები შეკვეთის ჩამოსვლას. თან შარშან საკმაოდ ძვირად მოგვყიდეს. როცა ადგილობრივი მოსახლეობა იგებდა, რომ ჩირი ევროპაში გასატანად გვინდოდა, მაღალ ფასს ადებდა. მოსახლეობასთან გამიძნელდა ფასზე და ხარისხზე მოლაპარაკება. ეს იმის ბრალია, რომ ბევრი დღევანდელი დღით ცხოვრობს და ბიზნესსაც ასე უყურებს. სანდოობის პრობლემა ამჟამად ყველაზე დიდი საფიქრალია ჩემთვის. არადა პოტენციალი არის, რომ ევროპაში ექსპორტი გაიზარდოს. ამისთვის საჭიროა აშენდეს საწარმოები, სადაც პროდუქტი შეიფუთება და ევროპაში გასატანად სასურველ სარეალიზაციო სახეს მიიღებს. ახლა მე მიწევს პროდუქტის დაფასოება, ყუთებში ჩალაგება, შემოწმება, გაფუჭებული რომ არ შეერიოს, ამას კი დიდი დრო სჭირდება“.
გიორგი ამბობს, რომ ჩირმა ევროკავშირის საზღვარი მარტივად გადალახა. მას საქართველოში მხოლოდ პროდუქტის ვარგისიანობის სერთიფიკატის აღება დასჭირდა და ჰოლანდიაში შეტანის პროცედურაც საკმაოდ იოლი აღმოჩნდა. გიორგი ფიქრობს, რომ ჩირის რეალიზაცია წელს უკვე მომგებიანი იქნება.
„საქართველოში, ადგილზე კილოგრამ ჩირში 5–დან 6 ლარამდე ვიხდი თუ მერე ფასი არ შემიცვალეს. ამიტომ წელს უკვე 3–4 ევრომდე მოგების მიღებას ველოდები“, –ამბობს „GEOFOOD“ –ის დამფუძნებელი.
თუ ბიზნესი გაამართლებს, გიორგი კოჭლამაზაშვილი ჩირს შპს „ზაზას“ შეუკვეთავს, რომელიც ჩხოროწყუში ხურმის საშრობის აშენებას გეგმავს. მისი ბიზნეს–გეგმა ამჟამად „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში განხილვის პროეცესშია და თუ კომპანია დაფინანსებას მიიღებს, მომავალი წლის შემოდგომაზე ხურმის ჩირს საექსპორტოდ დაამზადებს.
„ხურმის ჩირის გატანას ჰოლანდიაში, საბერძნეთში, ლიტვაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში ვაპირებ,– ამბობს შპს „ზაზას“ დამფუძნებელი ზაზა დარსალია,–ჰოლანდიაში გიორგი კოჭლამაზაშვილს უკვე შევუთანხმდი. პარტნიორი ლიტვაში და საბერძნეთშიც მყავს, მაგრამ ჯერ ნიმუშების გაგზავნას ითხოვენ, პროდუქტის ხარისხი რომ შეამოწმონ. წინასწარ არ ვიცი რამდენს გავიტან, მაგრამ მოთხოვნა არის და ნედლეულიც საკმაოდაა. ხურმის ნაწილს ჩხოროწყუს და უფრო მეტს მარტვილის მოსახლეობისგან შევისყიდი. სულ პროექტისთვის 800 ათასი დოლარია საჭირო. 8 საშრობი დანადგარი უნდა შევიძინო, რომელთაგან თითოეული 20 ათასი დოლარი ღირს. ასევე უნდა დამონტაჟდეს ხილის საწმენდი აპარატები. ჩინური დანადგარის ყიდვას ვვარაუდობ, რომელიც კარგი ხარისხისაა და მწარმოებელი კომპანია თავად ამონტაჟებს. პროდუქციის ექსპორტზე გასატანად რა დოკუმენტები დამჭირდება დაახლოებით მაქვს ინფორმაცია. ვიცი, რომ პროდუქტის წარმოშობის სერთიფიკატია საჭირო. სხვა ინფორმაციას ალბათ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოვიძიებ“,– ამბობს ზაზა დარსალია.
ხურმა წელს ექსპორტზე „ქართული ხილის კომპანიამაც“ გაიტანა, რუსეთსა და უკარაინაში. კომპანიის დირექტორი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ხურმასა და მის ჩირზე მოთხოვნაც მზარდია და შესაბამისად ფასიც.
„რუსეთში რამდენიმე კლიენტი გვყავს, რომელსაც ვერ ვაკმაყოფილებთ. იქ ხურმა ეგზოტიკურ ხილად ითვლება და სულ უფრო მეტ რაოდენობას ითხოვენ. მთავრია, იქ კარგი კონტრაქტორის მონახვა და გაყიდვა პრობლემა არ იქნება. წელს 200 ტონამდე ხურმა გავიტანეთ. მაღალი ხარისხის ერთ კილოგრამ ხილში ადგილობრივ გლეხებს 90 თეთრი და 1,20 ლარიც გადავუხადეთ. უმეტესად მოგრძო ფორმის ჯიში– ჰაჩია გაგვაქვს ექსპორტზე, რომელსაც ჩვენთან იაპონურ ხურმას ეძახიან. კიდევ ერთი გავრცელებული ჯიში იაპინაა, რომელიც ჩინური წარმოშობისაა. ასევე ბრტყელი ფორმის ხურმა– ფუიუ, რომელსაც ბრტყელი ფორმა აქვს და შედარებით იშვიათია. ის მარტვილის რაიონში მოდის და საჩირე სახეობად ითვლება. ჩვენთან ამ ჯიშს ჩინებულს და ხაჭაპურასაც ეძახიან. ამ ჯიშების ხილს წელს მაღალი ფასი ჰქონდა. ხურმა, როგორც კი სიმწიფეში შევა, მაშინვე იკრიფება, შემდეგ მაცივარში 4–5 გრადუს ტემპერატურაზე ვაციებთ და საექსპორტოდ ასე ვგზავნით. რუსეთსა და უკრაინაში მოსწონთ მწკლარტე გემო რომ აქვს, ამიტომ ხურმას დარბილებამდე ყიდულობენ. ევროპის ბაზარზე ხურმის გატანაზე ჩვენც ვმუშაობთ, საინტერესოა ეს სეგმენტი და პერსპეტქივა აქვს, მაგრამ რუსეთიდან მოთხოვნა იმდენად დიდია, ვერ ვაკმაყოფილებთ. თან უფრო ახლოსაა. მას შემდეგ, რაც ევროპიდან იმპორტი შეზღუდა, რუსეთში ხილზე ფასებმა მოიმატა. ამიტომ საქართველოდან შეტანილი პროდუქტი ესპანურთან და ფრანგულთან შედარებით იაფი გამოდის. კვირაში 100 ტონის გავყიდდით, აქ ამ ოდენობის მაღალი ხარისხის ხურმის შეგროვება რომ შეგვძლებოდა. ჩვენთან დღეს ხარისხია პრობლემა. საექსპორტო ხურმა სანთელივით უნდა იყოს, ხაზები და ლაქები არ უნდა ჰქონდეს. ხურმის ხესაც ისევე სჭირდება შეწამვლა, როგორც სხვა ხეხილს. ჩვენთან მოსახლეობა კი სათანადოდ არ უვლის“, ამბობს სოსო მანჯავიძე.
კომპანია „გეო ფლავერის“ ხელმძღვანელი მინდია ხურციძე, რომელმაც ევროპის ბაზარზე ძალები უკვე მოსინჯა და საქართველოში დამზადებულ ხილის ჩირს გერმანიაში წარმატებით ყიდის, ამბობს, რომ ხურმის ჩირის დამზადება ძვირი ჯდება და მისი ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით ამიტომ არ უცდია. „გეო ფლავერი“ საექსპორტო ჩირს რაჭაში, საკუთარ საწარმოში ამზადებს.
„ექსპერიმენტი ჩავატარე. საშრობ ღუმელებში ხურმა შევიტანე, ძალიან დიდი დრო და ბევრი ელექტროენერგია დასჭირდა. დაახლოებით 60 საათი სჭირდება გაშრობას. თანაც ხურმა უნდა დამუშავდეს, საჭმელად რბილი და კარგი რომ იყოს. ამიტომ ხურმის ჩირის დამზადებისგან თავი შევიკავე. თან ამ სეზონზე საშრობსაც არ ეცალა. რაჭაში კიდევ ერთი ახალი საშრობი გავაკეთე და ვაპირებ ხურმის გამოშრობა მომავალ წელს ვცადო“, –ამბობს „გეო ფლავერის“ ხელმძღვანელი.
სამეგრელოშიც და დანარჩენ საქართველოშიც ხურმის ჩირს ჯერჯერობით სახლის პირობებში, ტრადიციული მეთოდით ამზადებენ, კანს აცლიან და მზეზე აშრობენ. მზეზე დაჩირებას დაახლოებით ორი კვირა სჭიდება, საშრობში კი პროცესი სამ დღეში შეიძლება დასრულდეს. მზით დაჩირებული ხილი უფრო კალორიული გამოდის, ვიდრე ხელოვნურ საშრობში. როგორც მეწარმეები ამბობენ, საშრობში დამზადებულს უკეთესი, მოწითალო ფერი აქვს და კომერციულად მიმზიდველია, მზეზე გამშრალი შედარებით მუქი გამოდის და მომხმარებელს ნაკლებად მოსწონს.
მარტვილში, რომელიც საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე დიდ ხურმის მწარმოებელ რაიონად ითვლება, კილოგრამი ჩირის გაყიდვას საოჯახო მეურნეობები წელს 5 ლარად აპირებენ. რუსეთში კი კილოგრამი ჩირის ფასი 10 დოლარს აღწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ქვარცხავა ამბობს, რომ წელს ამ რაიონში 4 ათას ტონამდე ხურმა მოიკრიფა. კილოგრამი ხურმა მოსახლეობამ 30–50 თეთრად ჩააბარა დისტრიბუტორებს, რომლებმაც სამაცივრე მანქანებით ხილი უმეტესად რუსეთსა და უკრაინაში გაიტანეს( სამეგრელოდან ხურმის ექსპორტმა განსაკუთრებით რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ მოიმატა). ხურმის ჩირის დიდი ნაწილი კი ჯერჯერობით ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, როგორც ამ სფეროში მომუშავე მეწარმეები ამბობენ, ჩირის ექსპორტსაც დიდი პერსპექტივა აქვს.
ხურმის ჩირს გურჯაანელი იზოლდა ქიტესაშვილიც დაამზადებს, რომელსაც ხილის საშრობი მომავალ წელს ზაფხულში მზად ექნება. ფერმერი ამბობს, რომ ხურმის ჩირზე დიდი მოთხოვნაა და მას გაყიდვა არ გაუჭირდება, არც ადგილობრივ ბაზარზე და არც ევროპაში. როგორც ფერმერი ამბობს, მას ადგილობრივი ფერმერები წინასწარ სთავაზობენ, რომ ხურმას, რომლის რეალიზაცია წუნის გამო უჭირთ, 20 თეთრად მოუტანენ ქარხანაში. „ნედლეული ძალიან ბევრია და მისგან დიდი რაოდენობით ჩირის დამზადება შემიძლია. ჩირის ნაწილს ჯერ ადგილობრივ ბაზარს მივაწვდი, სადაც დიდი მოთხოვნაა და ნაწილს ევროპის ბაზარზე გავიტან“,– ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.
ხურმის ჩირის დასამზადებლად საშრობის მოწყობას აპირებს ველისციხელი ფერმერი მარინა აკოლაშვილიც.მეწარმე ხურმის ექსპორტს უკრაინასა და მოლდოვაში წლებია ახორციელებს. სამომავლოდ გეგმავს, რომ ხურმაც და მისი ჩირიც ევროპის ბაზარზე გაიტანოს გასაყიდად.
„ხურმის ევროპაში გატანა ვაპირებთ, მაგრამ მანამდე გვინდა ფერმერებს, ვისაც ხურმა მოჰყავს ხეხილის სწორად მოვლის შესახებ სპეციალური ტრეინინგები ჩავუტაროთ. შემდეგ კი ხელშეკრულება გავუფორმოთ, რომ ნაკლები პესტიციდები გამოიყენონ და ბიო–პროდუქტი დაამზადონ. გვინდა შევუთანხმდეთ ადგილობრივებს, რომ პლანტაციებში მხოლოდ ორგანული სასუქი შეიტანონ. უკვე გლეხებიც ფიქრობენ, რომ ხურმის ნარგავების მოვლაზე უნდა იზრუნონ, რადგან მიხვდნენ, რომ ხარისხიანი პროდუქტი ძვირად ფასობს. ხურმის ჩირი ძნელი საშოვნელია და მაღალი ფასი აქვს. ცოტა ხნის წინ საქართველოში შუა აზიიდან იყვნენ ჩამოსულები, ხურმის ჩირის ყიდვა უნდოდათ, ნებისმიერი ფასს გადაიხდიდნენ, მაგრამ საჭირო რაოდენობა ვერ იშოვეს. ვიცი, რომ ევროპაში მოსწონთ და კარგადაც გაიყიდება. ჯერ პარტნიორი არ მომიძებნია. სად და რა ფასად შეიძლება გაიყიდოს, რა საბუთები დამჭირდება ევროპის ბაზარზე შესატანად, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი ნათესავი ცხოვრობს ბელგიაში. ის დამპირდა, რომ გამირკვევს ყველაფერს. ჩვენთან სად შეიძლება შემოწმდეს პროდუქტი, რომელ ლაბორატორიაში, ეს ყველაფერი უნდა გავარკვიო“, ამბობს მარინა აკოლაშვილი.
ხურმის ჩირის დამზადებას სამომავლოდ გეგმავს ისაბალ სოლოღაშვილიც, რომელსაც ხურმის ბაღები ყვარელში აქვს. სოფელ ახაშენში მას 8 ჰექტარზე ე.წ. იაპონური ჯიშის, მოგრძო ფორმის ხურმა აქვს გაშენებული. აქედან 4 ჰექტარზე მსხმოიარე ხეხილი, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ახალი ნარგავებია. წელს ფერმერმა 14 ტონა ხურმა გაყიდა, კილოგრამი 80 თეთრად. როგორც ის ამბობს, შემსყიდველები ადგილზე ჩამოვიდნენ, მანქანები დატვირთეს და უკრაინაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში წაიღეს.
“მომავალ წელს ახალი ბაღიც მოისხამს და რამდენიმე წელიწადში სულ 40–50 ტონა მოსავალს მივიღებ. ხურმის მოყვანა იოლია, მაგრამ სეტყვა აზიანებს და მოსავლის ნაწილი სარეალიზაციოდ აღარ ვარგა. გამოსავალი ასეთი ნაყოფის ჩირად დამზადება იქნება. ვიცი, რომ ჩირზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ როცა დიდი მოსავალი მექნება, ხილის საშრობს გავაკეთებ. გამიგია, რომ აჭარაში ხურმის ჩირის დამზადების გამოცდილება აქვთ და საშრობების გაკეთებაც დაიწყეს. მინდა ჩავიდე და ვნახო, როგორია, თანხა რამდენი სჭირდება. თუ თანამედროვე საშრობს ვერ გავწვდები, პრიმიტიულად მოწყობილს მაინც გავაკეთებ. ინფორმაცია არ მაქვს, გადის თუ არა ევროპაში ჩირი, რომელ ქვეყნებშია მოთხოვნა, რა ფასად შეიძლება გაიყიდოს და ა.შ. ეს ინფორმაციაც მოსაძიებელი მაქვს“, –ამბობს ისაბალ სოლოღაშვილი.
რა ფასად და ევროპის რომელ ქვეყნებში შეიძლება ხურმის გატანა, აგრეთვე, როგორ მოიძიოს პარტნიორი, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს სოლომონ ნერსესაშვილსაც, რომელსაც ხურმის ბაღები ყვარელში, სოფელ ენისელში აქვს. ბაღში 400 ძირი ხურმა აქვს, საიდანაც 10 ტონამდე მოსავალს იღებს. ბოლო დროს მოთხოვნის ზრდის გამო აპირებს ხეხილს ახალი ნარგავები მიუმატოს.
„ხურმა კარგი კულტურაა, იმ თვალსაზრისითაც, რომ ნაკლები ფინანსები სჭირდება. სხვა ხილთან შედარებით არც ბევრ სასუქსა და მოვლას მოითხოვს. კლიენტები მოდიან, თვითონ კრეფენ და მიაქვთ ექსპორტზე. ჩვენთან ამ ხილს ნაკლებად აფასებენ. თბილისში წავიღე, მაგრამ ცოტა გაიყიდა. უკრაინასა და რუსეთში უკეთ იყიდება. ჩემი მეზობელი წლებია მოსკოვში ცხოვრობს. ახლა ჩამოვიდა სოფელში და ხურმის ნერგები გააშენა. უნდა დიდი ბაღი გააშენოს და ექსპორტზე რუსეთში გაიტანოს. 10 წელია ხურმის ბაღი მაქვს და ვაკვირდები, კილოგრამის ფასი არცერთ წელს 70–80 თეთრზე იაფი არ ყოფილა. მოგებით სჯობნის ყურძენსაც, კაკალსაც, თხილსაც. მოსავალი ჯერ ცოტაა, საიმისოდ, რომ ექსპორტზე გატანას აზრი ჰქონდეს, მაგრამ მომავალში, როცა დიდი პლანტაცია მექნება, ჩირის საშრობის გაკეთებასაც ვაპირებ და მის ექსპორტზე გატანასაც.ხილის საშრობ დანადგარს ვეძებდი. ინტერნეტში ვნახე ჩინური წარმოების საშრობი და მომავალში ვფიქრობ მის შეძენას. მანამდე შეიძლება მოვიკითხო და მეტი ინფორმაციაც მოვიძიო. რომელი სჯობს და სად ვიყიდო. ხურმის მოვლისა და მოყვანის შესახებ რა ცოდნაც მაქვს, ყველაფერი პრაქტიკული გამოცდილებით დამიგროვდა“, –ამბობს სოლომონ ნერსესაშვილი.
უმეტესად საკუთარი ძალებით ცდილობენ მათთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას სხვა ფერმერებიც, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრები გლეხები, რომლებსაც ხურმა უკრაინაში მიაქვთ, მაგრამ წელს მოსავლის სიმცირის მიუხედავად მისი რეალიზაცია მაინც გაუჭირდათ. მათ ჯერჯერობით ვერც ხურმის ჩირის გასაღების ბაზარი მოიძიეს.
კომპანია „ბუკის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩხარტიშვილი ამბობს, რომ წელსაც ხურმა აჭარიდან მთლიანად უკრაინაში გაგზავნეს, მაგრამ მოგება ვერ ნახეს.
„უკრაინაში ხურმის მყიდველი ცოტაა, რადგან გრივნის გაუფასურებამ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შეამცირა. ხურმა კი შედარებით ძვირადღირებული ხილია, ამიტომ ძნელად იყიდება. ტრანსპორტირებაც ძვირი გვიჯდება. ხილის ჩასალაგებლად ყუთი გჭირდება, მანქანებია საჭირო, კიდევ ათასი სხვა ნიუანსია, ამიტომ მოგებას აღარ ტოვებს. ხურმა მალფუჭებადია, თუ ადგილზე ჩატანილი მალევე არ გაიყიდა, შენახვა რთულია და ეს რისკებს კიდევ უფრო ზრდის. რუსეთში ტრანსპორტირება ჩვენთვის კიდევ უფრო რთული გამოდგა, ამიტომ აღარ გაგვიგზავნია. სხვაგან სად შეიძლება გაიყიდოს ეს ხილი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, –ამბობს გიორგი ჩხარტიშვილი.
უკრაინაში გააქვს ხურმა კიდევ ერთ აჭარულ კომპანია „სხალთას“. მისი დირექტორი ოთარ ფუტკარაძე ამბობს, რომ რეალიზაცია შეუმცირდათ და ახალი ბაზრების მოძიებაც ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
„შარშან რუსეთში წავიღეთ მცირე რაოდენობით ხურმა, მაგრამ კარგ ფასად ვერ გავყიდეთ. რუბლის კურსი განახევრებული იყო, მოსახლეობის ხელფასები კი იგივე, ამიტომ საქონელი რომ ჩავიდა, ვერ შეიძინეს. ამდენად, წელს ხურმის წაღება ვერ გავრისკეთ. არც უკრაინაშია კარგი მდგომარეობა. ადრე კილოგრამი ხურმა 1,20 დოლარი ღირდა. ეხლა 80–90 ცენტი გამოდის, რაც დაბალი ფასია. ნაწილი გზაშიც გაფუჭდა. იქაც დიდხანს მოგვიწია დასაწყობება, ამიტომ მოგება ვერ ვნახეთ. ევროპის ბაზარზე როგორ ვიფიქროთ, როცა იქ ესპანური ხურმა შედის, რომელსაც საუცხოო ხარისხი აქვს. ჩვენიდან ხილის ევროკავშირის ქვეყნებამდე ტრანსპორტირებაც ძალიან ძვირი დაჯდება. ჩირის ექსპორტზეც არ გვიფიქრია. უკრაინაში იმიტომ არ ჩავიტანე, რომ ვფიქრობ, გასავალი არ ექნება“, – ამბობს „სხალთას“ ხელმძღვანელი.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის ინფორმაციით, აჭარაში საექსპორტო ხურმის ჩირი არ არის. „ახლა კეთდება ჩირის საშრობები. როცა ეს საწარმოები ამუშავდება, მას მერე შეიძლება ექსპორტზე ფიქრი. ცოტა ხნის წინ ირანის მთავარ კონსულთან გვქონდა საშრობების თემაზე შეხვედრა. ირანს ხილის ჩირის დამზადების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს“, ამბობს ზაურ ფუტკარაძე.
საინფორმაციო დეფიციტი
ფერმერების თქმით, საკონსოლტაციო–საინფორმაციო ცენტრებში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა რაიონში აქვს, ფერმერებს მხოლოდ ხეხილის დარგვისა და მოვლის შესახებ აძლევენ ინფორმაციას. თუმცა უჭირთ ინფორმაციის გაცემა გასაღების პოტენციური ბაზრების თუ მსგავსი სხვა საკითხების შესახებ.
„საკონსულტაციო ცენტრები გინდა ყოფილა, გინდა არა, –ამბობს ლაგოდეხელი მევლუდ იდუკაშვილი, რომელმაც სხვა ხეხილთან ერთად ხურმის ბაღებიც გააშენა და პირველ მოსავალს გაისად ელოდება, – როცა ბაღების გაშენება გადავწყვიტეთ, ჩემმა შვილმა ყველა აგრონომი მოიარა, სოფლის მეურნეობას დაუკავშირდა, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო, ვერ დააკვალიანეს. შემდეგ თვითონ დაიწყო ინტერნეტით მოძიება, ბევრი იმუშავა და ახლა აგრონომზე უკეთ იცის ხეხილის დარგვის და მოვლის შესახებ“.
გურჯაანის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ივანე ბასილაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რაიონში 100–200 კილოგრამამადე ჩირი მზადდება და ასეთ მცირე რაოდენობას გლეხი ექსპორტზე ვერ გაიტანს. „ამ ოდენობით ჩირის გატანის შანსი არ არსებობს. ვურჩევდი მათ, რომ ხურმა მასიურ ფართობებზე გააშენონ და ექსპორტზე ამის შემდეგ იფიქრონ. ასევე შემიძლია ვურჩიო, რომ პესტიციდები და შხამ–ქიმიკატები ნაკლები გამოიყენოს. ხურმისთვის რა რაოდენობის პესტიციდებია დაშვებული, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ლაბორატორია ალბათ არის თბილისში, სადაც ანალიზს ატარებენ. ჩვენ ნარგავების მოვლა–მოყვანაზე მივცემთ გლეხებს მითითებებს, ვასწავლით როგორ დარგან, გააშენონ. მაგრამ რომელ ქვეყანაშია მოთხოვნა ხურმაზე, მის ჩირზე, საკონტაქტო პირი როგორ მოძებნოს, ამას ვერ ვეტყვით. კონტაქტზე პარტნიორთან თვითონ უნდა გავიდეს. ხურმის ექსპორტის საკითხზე ჩვენ არ გვიმუშავია, რადგან ქვეყნიდან გასატანი რაოდენობა არ გაგვაჩნია“, –ამბობს ივანე ბასილაშვილი.
„ბოლო დროს მოსახლეობამ ხურმის ახალი ბაღების გაშენება დაიწყო,– ამბობს ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი მიხეილ ბერიაშვილი, – მაქვს ინფორმაცია, რომ არის ახალი ნერგები, რომელიც ნაყოფს უფრო მალე იძლევა. მაგრამ მოსახლეობა მაინც უპირატესობას ძველ ჯიშებს ანიჭებს, მაგალითად, ე.წ. იაპონურ ჯიშს, რომელიც მოგრძო ფორმისაა, რომელიც უკეთაა აპრობირებული. ახალი ჯიშები ჩვენთან არსებულ სანერგეებში არ არის, მაგრამ თუ დაინტერესდება ვინმე, შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია. –ექსპორტზე გასატანად ხურმას რა სერთიფიკატები სჭირდება? –ამის შესახებ ინფორმაციას ვერ ვაძლევთ. მაგრამ ვუკავშირდებით სამინისტროს, მოვიძიებთ და ვეტყვით. მაგრამ სერთიფიცირებასთან დაკავშირებით არავის მოუმართავს. როგორც ვიცი, ბიო–პროდუქტებზეა სერთიფიკატი საჭირო. ამ ეტაპზე ჩვენი რაიონიდან ხურმა პოსტსაბჭოთა სივრცეში –უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში გადის. სერთიფიცირებაზე მოთხოვნა ამ ქვეყნებში არ არის. მანქანა შემოდის რაიონში, იტვირთება და გააქვთ პროდუქტი, ჩვენ ამასთან შეხება არ გვაქვს. პოლონელებიც იყვნენ ჩამოსულები, ხურმის გატანაზე აქვთ ინეტერესი“.
„რაც რუსეთის ბაზარი გაიხსნა, მეწარმეები ხურმის მოყვანით დაინტერესდნენ. მაგრამ მცირე პარტიები აქვთ და რუსეთში მიაქვთ. ევროპაშიც შეიძლება ხურმის და მისი ჩირის წაღება, მაგრამ მყიდველი უნდა მოიძიოს, კლეინტი უნდა ჰყავდეს. ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს მასთან. თორემ ისე არავის ვურჩევთ წაიღოს და მერე გაწვალდეს“,–ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგული მიქავა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2015 წელს ხურმა საექსპორტო პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალში შეიტანა. ხურმის საინვესტიციო შესაძლებლობების დუკუმენტში უწყებას ჩამოთვლილი აქვს ის ღონისძიებები, რაც ამ დარგის ხელშეწყობისთვის არის საჭირო: 1. ახალი ნერგების წარმოება; 2. წარმოების საშუალებების მიწოდება(მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სხვა);
თუმცა, როგორ უნდა მოხდეს ამ ღონისძიებების განხორციელება, ამის შესახებ დოკუმენტში დეტალური ინფორმაცია არ არის შეტანილი.
სტატისტიკა
საქართველოში ხურმა აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებშია გავრცელებული. ხურმის ნაყოფის კრეფის პერიოდი ოქტომბერში იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. მოსავლის უმეტესი ნაწილი შინამეურნეობებში მიიღება. ხოლო კომერციული ბაღები ჯერ კიდევ მცირე რაოდენობითაა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 ჰექტარ ფართობზე ხურმის გასაშენებლად 8 680 ლარის საწყისი საინვესტიციო კაპიტალია საჭირო, უკუგების პერიოდი მე–7 წელია, ხოლო მე–8 წელს მოგება 12% –ს შეადგენს.
2011 წელს საქართველოში 5 190 ტონა ხურმის მოსავალი მოვიდა; 2012 წელს– 5 266 ტონა; 2013 წელს– 6 781 ტონა; ხოლო 2014 წელს 3 159 ტონა ხურმა მოიკრიფა.
საქართველოდან 2012 წელს 2, 795 მილიონი დოლარის ხურმის ექსპორტი განხორციელდა; 2013 წელს ექსპორტი 3,585 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2014 წელს კი 1,916 მილიონი დოლარის ხურმა გავიდა ექსპორტზე.
2014 წლის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი უკრაინა იყო–47%–ით; რუსეთში მთლიანი ექსპორტის 41% მოდიოდა, ყაზახეთი–4%, მოლდოვა–2% და დანარჩენი ქვეყნები– 6%.
ნონა ქვლივიძე