ქართულ ბიო ჩაის ევროკავშირში ნიშის დაკავება შეუძლია
„მეჩაიეობის განვითარებას თუ რამე ხელს უშლის, ეს არის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მყოფი ადამიანების გაქვავებული ტვინები“
„დღეს ჩვენს მაღაზიაში შვედი ტურისტი შემოვიდა. საუკეთესო ხარისხის ჩინურ ჩაიზე უარი თქვა და მოითხოვა ქართული შავი ბაიხის ჩაი. საშობაო საჩუქრად უნდოდა და ას გრამიანებად დაფასოებული ათი პაკეტი შეიძინა. მან თქვა, რომ ქართული ჩაი სხვა ყველა დანარჩენისგან განსხვავდება და გემოვნური თვისებებით ძალიან თავისებურია“, - სიამაყით ყვება „ქართული ჩაი 1847-ის“ კონსულტანტი მონიკა შენგელია.
მსგავს ისტორიებს ძველი თბილისის უბანში გ. ტაბიძის ქუჩაძე არსებულ ჩაის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობ პარატა ჩაის სახლში მოისმენთ. აქ ირწმუნებიან, რომ ქართული ჩაი კონკურენტუნარიანია და ხარისხით სხვებს არ ჩამორჩება. ერთი შეხედვით, ამის დაჯერება რთულია, რადგან ჩაის იმპორტის ოფიციალური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები უპირატესობას ადგილობრივს კი არა სწორედ შემოტანილ ჩაის ანიჭებენ.
ჩაი პირველ რიგში ჩინეთთან ასოცირდება, თუმცა რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ჩაის მწარმოებელთა ლიდერ ოთხეულში შედიოდა. მაშინ უფრო მეტი ჩაი მხოლოდ ჩინეთში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში იკრიფებოდა. ეს ფაქტი მხოლოდ დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული ადამიანების მეხსიერებაში შემორჩა. ძველი დიდებისგან კი უმეტესწილად გატყევებული და ეკალ-ბარდებით გადავლილი ჩაის პლანტაციები დარჩა. ცოტა ხნის წინ ქართული ჩაი ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაის რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
„ახლახანს მთავრობაზე ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა გავიტანეთ, რომელსაც მალე ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ. ვიქრობთ, რომ მასშტაბური კამპანიით ჩვენ უკვე 2016 წლის პირველ კვარტალში დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და 2-3 წელიწადში რამდენიმე ათასი ჰექტარს ფოთოლსაკრეფ მდგომარეობამდე მივიყვანთ და საქართველოს ერთ დროს ჩაის მწარმოებელ ქვეყანას ჩაის წარმოების გეოგრაფიას დავუბრუნებთ. ერთის მხივ, ნორმატიულ ბაზას ვამზადებთ, მეორეს მხრივ, რეაბილიტაციას ვიწყებთ. ამავე დროს თუ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა არ გვექნება, ჩაის პლანტაციების არსებობა ფუჭია, ამიტომ გადამამუშავებელი საწარმოების შექმნასაც ვითვალისწინებთ“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი.
საქართველოში ჩაის წარმოების ისტორია 1847 წლიდან იწყება, როდესაც ოზურგეთში, სოხუმის ბოტანიკურ ბაღსა და ზუგდიდში დადიანების მამულში პირველი ნარგავები გაჩნდა. პლანტაციების გაშენება რუსმა ვაჭარმა ალექსანდრე პოპოვმა დააფინანსა. მან ნერგები ჩინეთიდან ჩამოიტანა და პლანტაციები ჩინელი სპეციალისტის ლაო ჯანჯოუს დახმარებით მოაწყო. საქართველო უკიდურესი ჩრდილოეთი რეგიონია, სადაც სამრეწველო სიმძლავრეების ჩაი ხარობს. უფრო ჩრდილოეთიც ჩაი რუსეთში, კერძოდ კი კრასნოდარშიც არის, თუმცა ცოტა რაოდენობით.
1900 წელს ქართულმა ჩაიმ პარიზის გამოფენაზე საუკეთესო ხარისხის აღიარების ჯილდო მიიღო. უახლოეს წარსულში მეჩაიეობა საქართველოს აგრარული სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი დარგი იყო. წელიწადში, საშუალოდ, 100-120 ათასი ტონა პროდუქცია იწარმოებოდა, საიდანაც 95-115 ათას ტონამდე ექსპორტზე გადიოდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად, ჩაის პლანტაციები 19 ათას ჰექტრამდე ფართობზეა შემორჩენილი, აქედან ექსპლუატაციაშია 2.4 ათას ჰექტარი, დანარჩენი 16.6 ათასი ჰექტარი გატყევებულია და ეკალ-ბარდებითაა დაფარული. აქედან დაახლოებით 7.5 ათასი ჰექტარი რეაბილიტაციას ექვემდებარება.
ჩაის მწარმოებელი რეგიონებია: გურია, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი.
საქართველოში, ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გამო, ჩაის კრეფის სეზონი 6 თვე გრძელდება. დარგის ექსპერტების აზრით, ნედლეულის მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასი ქართული ჩაის ძირითად უპირტესობას წარმოადგენს.
ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ჩაის ნიშასთან დაკავშირებით გარკვეული გათვლები არსებობს: „საქართველოს გააჩნია პოტენციალი ბიო ჩაის წარმოების კუთხით. ეს არის ყველაზე ჩრდილოეთით წარმოების წერტილი. შესაბამისად, მავნებელი მწერებისგან დაავადებების რისკინაკლებია, ამიტომ პესტიციდების გამოყენება შეიძლება იყოს მინიმალური ან საერთოდ არ იყოს. ამიტომ ორგანული ჩაის წარმოება, იძენს გარკვეულ პოტენციალს. თუ ავიღებთ ხმელთა შუა ზღვის ქვეყნებს, რომლებიც უფრო თბილი და ცხელია, იქ მოხმარება მინიმალურია თუ არ ჩავთვლით გარკვეულ კულტურულ ფაქტორებს, მაგალითად ისეთი ქვეყანა, როგორიც არის თურქეთი, რომელსაც კულტურულად ჩაის მოხმარების ტრადიცია აქვს. ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებში იტალია, ესპანეთი და ა.შ. ჩაის მინიმალურად მოიხმარენ, გამომდინარე მათი მოხმარების კულტურიდან, კლიმატიდან. ქვეყნები, როგორიც არის ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ეს არის ის მიმართულებები ევროპაში, სადაც ქართული ჩაის ბრენდის შექმნაზეუნდა ვიფიქროთ“.
„ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე ჩაის რეაბილიტაციის მთავრობისეულ მიდგომას აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ ჩაის პლანტაციები მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე რებილიტაციის პროექტი არ უნდა განხორციელდეს: „რომ გავიგოთ დარგი რა მდგომარეობაშია და რა გვაქვს, უნდა გაკეთდეს პლანტაციების პასპორტიზაცია ან ინვენტარიზაცია. ამით დავადგენთ რა რაოდენობის პლანტაცია არის საქართველოში. ზუსტი რაოდენობა არავინ არ იცის. გახმაურებული ციფრები ფარდობითია. ეს მონაცემები აღებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრებიდან. ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოს არ დგას. შეიძლება 50-60 პროცენტიანი ცდომილება იყოს. მნიშვნელოვანია პლანტაციების საკუთრების ფორმა გაირკვეს. უნდა გამოვიკვლიოთ ნიადაგის მჟავიანობა და ფესვთა სისტემა რა მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას ექვემდებარება თუ არა. სრული სურათის მიღება კაპიკები დაჯდებოდა, მაგრამ იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაცაში თანხის გადახდა არ გვინდა, რაც მომავალში უფრო დიდ პრობლემებს შეგვიქმნის. პასპორტიზაცია-ინვენტარიზაცია საშუალებას მოგვცემდა, დავმჯდარიყავით და გვეფიქრა ნარგავების გადარჩენაზე“.
„ქართული ჩაი 1847“-ის დამფუძნებელი შოთა ბითაზე ამბობს, რომ ჩაის ინდუსტრიაში არსებულ რთულ ვითარებას დარგის სპეციალისტების დეფიციტიც და ცოდნის არარსებობაც ამძიმებს. სწორედ ამიტომ ბითაძემ ჩაის წარმოების შესასწავლად ჩინეთში რამდენჯერმე წავიდა: „ქართული ჩაი არის უკიდურეს მდგომარეობამდე. წლების წინ ქობულეთში პლანტაციას ვაკეთებდით. აღმოჩნდა, რომ ნერგების გამოყვანა და დარგვაც კი უკვე აღავინ არ იცის. სპეციალურად წავედი ჩინეთში რომ ეს ყველაფერი მესწავლა. ჩინეთიდან ჩამოსვლის შემდეგ სოფელ ქვედა ბახვში სანერგე გავაკეთეთ, 50 ათასი ნერგი გამოვიყვანეთ და ჩინური მეთოდით სოფელ ოჩხამურში 1 ჰექტარი ჩაი გავაშენეთ“.
თენგიზ სვანიძე ამბობს, რომ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე საქართველოში მაღალი ხარისხის ჩაი იწარმოებოდა. თუმცა ამის შემდეგ პერიოდში საბჭოთა კავშირში გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად საქართველოში დიდი რაოდენობის, მაგრამ უხარისხო ჩაი კეთდებოდა: „ სამოცდაათიანი წლებიდან გაიზარდა მოთხოვნა ჩაიზე, საქართველო ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო და დიდი რაოდენობის პროდუქციის წარმოება ევალებოდა, ამან ხარისხის დაგდება გამოიწვია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ბოლო წლებში ოღონდ გეგმა შეესრულებინათ და ჩაის ბუჩქს თავის ტოტებიანად მთლიანად ამუშავებდნენ. ამან, ბუნებრივია, მანქანა-დანადგარების, ტექნიკის დალეწვა და მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვია. გარდა ამისა, ქათულ ჩაის სახელი ძალიან გაუფუჭდა უხარისხობიდან გამომდინარე“.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, არსებობენ ქვეყნები, სადაც ქართულ ჩაიზე ნეგატიურის ნაცვლად პოზიტიური მეხსიერება არსებობს. თუმცა იმსთვის, რომ ქართული ჩაი ანგარიშგასაწევი პროდუქტი გახდეს, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი: „აღმოსავლეთ გერმანიაში დღესაც არის გარკვეული პოზიტიური მეხსიერება ქართულ ჩაისთან დაკავშირებით. ასევე ჩეხეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. ჩაის წარმოების გარკვეული კვალიფიკაცია ჩვენთან იყო, მაგრამ გვჭირდება თანამედროვე გამოცდილების გაზიარებაც. გვაქვს მემორანდუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რაც ტექნიკურ დახმარებას და ასევე სპეციალისტების გადამზადებასაც ითვალისწინებს. უკვე რამდენიმე ადამიანი გადამზადდა. ჩაის პლანტაციებს აღვადგენთ, მაგრამ ინდუსტრიის შენარჩუნებისთვის კარგი სანერგე მეურნეობაც გვჭირდება. საუბარია იმაზე, რომ თანამედროვე და საინტერესო ჯიშები გვქონდეს. როცა დარგი ვითარდება, მოდური ტენდენციები და გემოვნური მოთხოვნილებებიც იცვლება მომხმარებლის მხრიდან“.
„შპს მილმართი“ ჩაის ბრენდ „შემოქმედს“ ფლობს. კომპანია ადგილობრივი ბაზრის გარდა პროდუქციას, ჩეხეთში, რუსეთსა და თურქმენეთში ყიდის. საექსპორტო ქვეყნების რიცხვს კი შესაძლოა მალე პოლონეთი და ბულგარეთიც შეემატოს. საწარმოს დირექტორის გიორგი მაისურაძის თქმით, ქართულ ჩაის სხვა პროდუქტებთან შედარებით საერთაშორისო ბაზარზე ბევრი პლიუსი აქვს: „ჩაის ერთ-ერთი პლიუსი ის არის, რომ არ მოითხოვს რთული სტანდარტების გავლას. დღესაც უკვე ევროპაში ექსპორტირების შესაძლებლობა არის. თაფლისგან და სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით დიდი ლაბორატორიული კვლევები არ სჭირდება. შეფუთულ ჩაის 3 წლამდე შენახვის ვადა აქვს, მალფუჭებადი არ არის, ესეც პლიუსია. მსოფლიოში ბიო ჩაის დეფიციტია და თუ ჩვენ მაგას ვაწარმოებთ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება. შეგვიძლია, რომ კონკურენცია ჩინურ მაღალი ხარისხის ჩაიაც კი გავუწიოთ“.
შოთა ბითაძის აზრით, ქართული ჩაის განვითარების საუკეთესო მოდელი მთლიანად ბიოწარმოებაზე გადასვლაა: „საქართველოში უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა და ჩაის მრეწველობაში შხამ-ქიმიკატების თუ არორგანული საუქების გამოყენება აიკრძალოს. ეს მოგვცემდა იმის შესაძლებლობას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვექნებოდა ორგანული ჩაის წარმოება, ასეთი პრეცედენტი არსად მსოფლიოში არ არის“.
ბიო ჩაის წარმოებაზე დიდ იმედებს „ტყიბულის ჩაი“-ს დამფუძნებელი უჩა დალაქიშვილიც ამყარებს. მისი კომპანია 10 სახეობის ჩაის აწარმოებს. მიმდინარე წელს რუსეთში, უკრაინასა და ჩეხეთში 57ტონა „ტყიბულის ჩაი“ შევიდა. დალაქიშვილი ამბობს, რომ ქართულ ჩაის თანდათან მყიდველი უჩნდება, რადგან ის ბიოლოგიურად სუფთაა: „ ქართულ ჩაის ფასი დაედო იმიტომ, რომ მინარევები და რაც მთავარია, საღებავი არ აქვს და ყველაზე უკეთესია. მე დავრეგისტრირდი „საქპატენტში“, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ჩაის მწარმოებელი, პროცედურები დაწყებული მაქვს და სერთიფიკატის აღებას ვაპირებ. თუ მთავრობა რასაც აცხადებს, შეასრულებს და მოადენს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, მომავალი წლისთვის წარმადობას 60%-ით გავზრდით. საკუთრებაში 21 ჰექტარს ვფლობთ. რეაბილიტაცია თუ გაკეთდა კოოპერატივებთანაც დავდებ ხელშეკრულებას და მათგანაც შევიძენ ნედლეულს. გულგატეხილი ვიყავი, თუმცა ახლა იმედი მაქვს, რომ უკეთესობა იქნება, რადგან მთავრობა ჩაის რეაბილიტაციას აპირებს. მე სეზონურად 100-120 ვასაქმებ, მუდმივად 20-ს და როცა რეაბილიტაცია გაკეთდება, უკვე 200 დავასაქმებ“.
აგროფირმა ქობულეთი ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ეს კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ჩაის „სამაია“ და „პეტრა“-ს ბრენდით ყიდის, უკრაინასა და მონღოლეთში კი 350-400 ტონა აგურა ჩაი გააქვს. კომაპნია 450 ჰექტარ პლანტაციას ფლობს. ნარგავების რეაბილიტაცია 4 მილიონი ლარი დაუჯდათ. საწარმოს დამფუძნებელი თემურ ჯაში ამბობს, რომ ხელისუფლებამ დარგის განვითარებს მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს, თუმცა ამის საპირისპიროდ ხდება: „ჩვენს პლანტაციებში ზამთარ-ზაფხულ 200 ადამიანს ვამუშავებთ, ვცდილობთ მძლავრი წარმოება ავაწყოთ. მხოლოდ პლანტაციების რეაბილიტაცია 4 მილიონი ლარი დაგვიჯდა, გარდა ამისა, ძვირადღირებული უახლესი შესაფუთი დანადგარიც შევიძინეთ. მთავრობა ძალიან უნდა შეეცადოს, რომ მეჩაიეობის დარგის განვითარებას ხელი შეუწყოს, რადგან რენტაბელური და სწარაფად განვითარებადი სფეროა. ხელისუფლებამ ხელშეწყობის საპირისპიროდ ელექტროენერგიის გადასახადი ორმოცო პროცენტით გააძვირა. ამის გამო ჩვენ მსოფლიოს ბაზრებზე კონკურენტუნარიანობას ვკარგავთ.“
ფიზიკოსი, კიბერნეტიკოსი ვახში ჟვანია ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი მართვის სისტემები დანერგილია ყოფილ საბჭოთა კავშირის 7 ქვეყანაში. თუმცა ამ ადამიანის ინტერესი ამჟამად ჩაის სანიმუშო წარმოების ექსპერიმენტალური მოდელის შექმნაა. მისი კომპანია „კესანე“ ჩაის იოდით ამდიდრებს. ეს პროდუქტი „ოკეანის მადლი“-ს ბრენდით იყიდება „გუდვილი“-ს და „სმარტი“-ს სავაჭრო ქსელებში, გარდა ამისა, იოდით გამდიდრებული ჩაი წარდგენილი აქვთ ჯანდაცვის სამინსტროში, როგორც იოდის დეფიციტის პრევენციის საშუალება. ჟვანია მიიჩნევს, რომ ქართული ჩაი სხვებისგან უნიკალური შემადგენლობით და სასარგებლო თისებებით გამოირჩევა: „2010 წელს მეგობარ მეცნიერებთან ერთად დავაარსე, კომპანია კესანე და დავიწყეთ ჩაის იოდით გამდიდრება. ჩაის ზღვის მცენარე ლამინარიით ვამდიდრებთ, რომელიც შეიცავს იოდს. ჩვენ ჩაის დავარქვით „ოკეანის მადლი“. მარტვილის რაიონში იჯარით გვაქვს 10 ჰა პლანტაცია. ჩვენ უფრო მეცნიერები ვართ ვიდრე ბიზნესმენები. ნოუჰაუთი აღჭურვილი საწარმო შევქმენით. ინფრაწითელი გამოსხივებით და ზემაღალის სიხშირის დენების გამოყენებით ვახდენთ ჩაის გადამუშავებას. გვინდა მოდული შევქმნათ და მერე ვაჩვენოთ მთავრობას, რომ მერე ეს განვითარდეს, ამის ტირაჟირება მოხდეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით მივიღოთ მაღალი ხარისხის ჩაი. განაცხადიც გავაკეთეთ ჯანდაცვის სამინისტროში, რომ ჩვენი ჩაი დაიტესტოს, როგორც იოდის დეფიციტის პრევენციის საშუალება“.
www.eugeorgia.info-მ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაამოწმა, გადის თუ არა ტესტირებას „კესანე“-ს მიერ ნაწარმოები ჩაი „ოკეანის მადლი“ : „ ამ ჩაის შესახებ ინფორმაცია მაქვს, განაცხადი იყო ზეპირად და რაიმე ტიპის ტესტიტება ამ ეტპზე არ ხორციელდება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს ხელმძღვანელმა ნანა მებონიამ.
დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ქართულ ჩაიში ნაკლები ექსტრაქტულობაა, ანუ კოფეინის და ტანინის შემცველობა მასში მცირე დოზითაა. ამის გამო დღის განმავლობაში ქართული ჩაის მრავალჯერადი მოხმარებაც კი მავნებელი არ არის.
ჩაის წარმოების საკანონმდებლო რეგულირებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაის ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შეიმუშავა. შოთა ბითაძე ამბობს, რომ ამ რეგლამენტში ბევრი უზუსტობაა: „ რეგლამენტის პროექტი ძალიან სუსტია, მასში არის ბევრი უზუსტობა, გამოტოვებულია ბევრი სახის ჩაი და ასევე საუბარი არ არის კონკრეტულად კონტროლის მექანიზმებზე. შესწორებები გავაკეთე და სამინისტროში გადავაგზავნე, რადგან ეს რეგლამენტი ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს“.
ჩაის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, მთავრობა კოოპერატივებს სარეაბილიტაციო თანხების 90 პროცენტს, ხოლო კერძო კომპანიებს 70 პროცენტს დაუფინანსებს. ერთ ჰექტარზე მაქსიმალური სარეაბილიტაციო თანხა 2500 ლარი იქნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ აგრო-სასურსათო პროდუქტების საინვესტიციო გზამკვლევში ჩაი შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რენტაბელურ კულტურად. მისი IRR (მოგების შინაგანი ნორმა) 26 პროცენტია. ჩაი დარგვიდან 5 წელიწადში შეიძლება დაიკრიფოს და ნარგავი კარგი მოხმარების შემთხვევაში 100 წელზე მეტხანს ძლებს.
„ჩაი დასაქმების მხრივაც არის გამორჩეული კულტურა. ბევრი ადამიანის დასაქმება შეიძლება და ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად გაცილებით ნაკლები თანხები იხარჯება, ვიდრე ბიზნესის სხვა სფეროებში. ლოგიკურად ეს დარგი უნდა ვითარდებოდეს, მაგრამ მეჩაიეობის განვითარებას თუ რამე ხელს უშლის, ეს არის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მყოფი ადამიანების გაქვავებული ტვინები“, - ამბომს ვახში ჟვანია.
2013 წელს საქართველოში სულ 3300 ტონა ჩაი აწარმოეს, აქედან 55% სამეგრელოში, 33% აჭარაში და 13% გურიაში.
2014 წელს ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთში 34 %, ყველაზე მცირე რაოდენობით კი ჩაი რუსეთში გავიდა 8%.
ყველაზე მსხვილი იმპორტიორი 2014 წელს აზერბაიჯანი იყო 37%, ყველაზე ცოტა ჩაი კი თურქეთიდან შემოვიდა 4%.
ზურაბ მოდებაძე