საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 500-ზე მეტმა ქალმა ბიზნესი გააფართოვა
„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ქალი ბენეფიციარების ნაწილი უკვე გამოვლენილია.
2016 წლიდან ანანო არაბულის ტურისტული ბანაკი „ზეთა კემპინგი“ ყაზბეგში ათასობით ახალ ტურისტს უმასპინძლებს. ზღვის დონიდან 2300 მეტრზე სოფელ ჯუთაში ბანაკი 2008 წლიდან მოქმედებს. „ზეთა კემპინგი“ საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სწორედ ამიტომ ანანო არაბულმა ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ტურისტულმა ბანაკმა 15 000 ლარი მიიღო.
„შევქმენით ამხანაგობა და მივიღეთ 15 000 ლარი. უკვე შევიძინეთ ავეჯი, ახალ შენობას ვამზადებთ მომავალი წლისთვის, ტექნიკა გავაუმჯობესეთ, უნდა მოვაწყოთ ბავშვთა გასართობი კუთხე. აქამდე 3 ოთახი გვქონდა, ახლა 2 დაემატა. ასევე გვაქვს კარვები, რომლებსაც თავისი აღჭურვილობით ვაქირავებთ ჩვენს ტერიტორიაზე“, - აცხადებს ანანო არაბული.
გასულ წელს 4 თვის განმავლობაში ბანაკმა 7 000 ტურისტს უმასპინძლა. ანანო არაბული იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან ტურისტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
„ადგილზე ვმასპინძლობთ ტურისტებს, ვუზრუნველყოფთ ღამისთევას, კვებას, სხვადასხვა ტიპის ტურს. მხოლოდ სეზონურად ვმუშაობთ, ძალიან აქტიურობს ადგილობრივი სტუმარი, თუმცა, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან, ასევე ისრაელიდანაც. საშუალოდ, ღამის გათევა თავისი კვებით 50-60 ლარი ღირს. გვაქვს ახალი იდეები ჩვენს ბიზნესთან დაკავშირებით, გვინდა, რომ არამხოლოდ ყაზბეგში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავხსნათ მსგავსი ბანაკები“, - ამბობს ანანო არაბული.
ანანო არაბულთან ერთად „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სხვა ქალი ბენეფიციარები ეტაპობრივად ვლინდებიან. 594 ქალმა უკვე მიიღო დაფინანსება. სხვადასხვა რეგიონში მიკრო და მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოყო. თითოეული ბენეფიციარი 5000 ლარით ფინანსდება, მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში კი 15 000 ლარი გამოიყოფა. დაფინანსების მისაღებად აუცილებელი პირობაა მეწარმეთა თანამონაწილეობა, რომლის წილი განსაზღვრულია დაფინანსების თანხის არანაკლებ 20%-ით.
„რომ იტყვიან, ფეხზე წამოდექიო, ზუსტად ასე იყო ჩემ შემთხვევაში“, - აცხადებს მარინა ტუღუში, რომელმაც „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 15 000 ლარი მიიღო. მარინა ტუღუში ლანჩხუთში მეღორეობას მისდევს.
„მყავს 9 სული ღორი, უნდა ჩავაბარო ხოლმე ხორცი და გავყიდო გოჭები. ჩემი მიზანია, მეც ვისარგებლო ამ ბიზნესით და ჩემ გარშემო ხალხმაც მიიღოს სარგებელი. 15 000 ლარით უკვე შევიძინე წყლის 2 რეზერვუარი, მოტობლოკი, რომლითაც უნდა დავამუშაო მიწა, დავთესავ ჩემი ბიზნესისთვის საჭირო პროდუქციას. ასევე ვიყიდე წისქვილი, რაც მიიაფებს ღორების საკვებ პროდუქტს. შევიძინე საკანალიზაციო მილი, ეს ჰიგიენას უკავშირდება. ასევე მჭირდება სატვირთო ავტომობილი ხორცის გადასაზიდად, მანქანას არ ჰყოფნის ეს თანხა, თუმცა, დავამატებ ფულს. ეს არის უდიდესი ხელშეწყობა ჩემი ბიზნესისთვის“, - ამბობს მარინა ტუღუში.
„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ კიდევ ერთი ბენეფიციარი ცირა მეტრეველი ლაგოდეხში საკონდიტრო საქმიანობას ეწევა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ადგილობრივ საკონდიტროში მუშაობდა, უკვე ერთი წელია, რაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, გახსნა კაფე და ნამცხვრების მაღაზია, ასევე იღებს კერძო შეკვეთებსაც.
„უფრო მეტი რომ ვაწარმოო, უნდა გავაფართოვო ბიზნესი. მინდა, რომ გავიტანო ჩემი ნამცხვრები რაიონის სხვადასხვა სოფელში. მიღებული თანხით შევიძინე ქვაბები, დიდი გაზქურა, მაცივარი, ასევე დახლმაცივარი, რომ ნამცხვრები ხალხმა თვალით შეაფასოს. ვიყიდე გამათბობელი, ლეპტოპი, რომელიც საქმის წარმოებისთვის მესაჭიროება, სამომავლოდ კიდევ მაქვს იდეები, მინდა გავაკეთო ბავშვთა გასართობი ცენტრი, რაიონში მსგავსი რამ არ არსებობს“, - აცხადებს ცირა მეტრეველი.
ჭიათურის რაიონის მაღალმთიან სოფელ ქვედა ბერეთისაში ადგილობრივებს პროდუქციის შესაძენად რაიონში წასვლა აღარ მოუწევთ. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ნანა შუკაკიძემ სოფლის ერთადერთი მაღაზია გაააფართოვა.
„მქონდა ძალიან პატარა ფართი, რომელსაც მაღაზიას ვერ დაარქმევდი, იყო ჯიხურის მსგავსი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომეცა საშუალება, გამეფართოვებინა ბიზნესი, 18 კვადრატული მქონდა, ახლა 35 კვადრატულია. ერთი თვის წინ მივიღე თანხა, მშენებლობა დასრულდა და უკვე ვმუშაობ. ქვედა ბერეთისაში მაღაზია არ იყო, მე გავხსენი, დღეს კი მოსახლეობას აღარ უწევს რაიონსა და მეზობელ სოფელში წასვლა პროდუქტების შესაძენად. მგზავრობა 2 ლარი ღირს, 4 ლარი მხოლოდ გზაში ეხარჯებოდათ, ახლა კი უკვე ადგილზე შეუძლიათ საჭირო პროდუქციის შეძენა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან კარგი ტრენინგები ჩატარდა და ბევრი რამ ვისწავლე“, - ამბობს ნანა შუკაკიძე.
„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ კიდევ ერთი ბენეფიციარია ეთერ მალიჩავა ზუგდიდიდან, რომელიც ტანსაცმელს ხელით ქსოვს. მიღებული თანხით მან უკვე შეიძინა ახალი ელექტროსაქსოვი დაზგა, რომლის ანალოგიც ზუგდიდში არ არსებობს.
„ვქსოვ ნებისმიერი ტიპის ტანსაცმელს, ოჯახის წევრებიც მეხმარებიან. ადრე მყავდა დასაქმებული 2 ადამიანი, თუმცა გაუმართავი ტექნიკა მქონდა, შემდეგ მანქანა გამიფუჭდა და ვერ შევძელი საქმიანობის გაგრძელება. ახლა კი დანადგარი ჩამომაქვს ჩინეთიდან, ჩემი ოჯახის წევრების გარდა კიდევ 3 ადამიანს დავასაქმებ. მსგავსი ელექტროსაქსოვი დაზგა ზუგდიდში არ არის. მეტ ხალხს მოვემსახურები მომავალში. მხოლოდ ზუგდიდიდან არ ვიღებ შეკვეთებს, ჯვარშიც მიმაქვს ჩემი მოქსოვილი ტანსაცმელი, ბოლო დროს წალენჯიხაშიც დაინტერესდნენ. სამომავლოდ მინდა, კიდევ გავაფართოვო ეს საქმიანობა. ბევრი ახალი იდეა გვაქვს“, - ამბობს ეთერ მალიჩავა.
„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამამ” ქალების ნაწილში უკმაყოფილებაც გამოიწვია. პროექტში მონაწილეობა სურდათ მათ, ვინც პროგრამით გათვალისწინებული თანხით საბრუნავი საშუალებების შესყიდვას გეგმავდნენ. ნუნუ ხეთაგურს დუშეთიდან ფერმისთვის ღორების შეძენა სურდა, თუმცა, ბენეფიციარების სიაში ვერ მოხვდა. მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა" მხოლოდ ძირითადი საშუალების დაფინანსებას ითვალისწინებდა.
„ღორები ჭირის შედეგად დაგვეხოცა. მინდოდა, 5 000 ლარით ღორები კვლავ მომემრავლებინა, მათ კი მითხრეს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში არ მექნებოდა უფლება, ღორები შემესყიდა“, - განაცხადა ნუნუ ხეთაგურმა.
უკმაყოფილების მიზეზი გახდა კიდევ ერთი ფაქტორი - დუშეთის რაიონის ფერმერთა კლუბის ხელმძღვანელის მოადგილე ბელა წვერაძე eugeorgia.info-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ განაცხადი არ შეუვსია, რადგან პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურების გავლა მისთვის რთული აღმოჩნდა. მეწარმეობის განვითარების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ თემაზე ყველა რეგიონში ვრცელი პრეზენტაცია ჩატარდა.
„უნდა შევსულიყავით ოფიციალურ ვებგვერდზე, დავრეგისტრირებულიყავით, უნდა გვქონოდა ბიზნესგეგმა, შემდეგ ტრენინგებზე გორში გევლო, ეს კი რთული იყო ჩვენთვის“, - აცხადებს ბელა წვერაძე.
ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლიდერი ქალების როლი საქართველოს სოფლის მეურნეობაში დღემდე უგულებელყოფილია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრთა მხოლოდ ერთი მეოთხედია ქალი. ხელისუფლების ინიციატივით, ბიზნესში ქალების როლის გასააქტიურებლად 2015 წელს „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის” ბენეფიციარების არანაკლებ 30% ქალი უნდა იყოს, მომდევნო წელს კი ეს მაჩვენებელი 40% იქნება. ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 7800-მდე განაცხადი შევიდა, აქედან 34% ქალია.
ავტორი: ხატია შამანაური