საქართველოში ვარდის ზეთის წარმოება იწყება - სურნელოვანი ბიზნესის პერსპექტივები
“იუპიტერს რომ სურდეს ყვავილების დედოფლის არჩევა, ვარდი იქნებოდა დედოფალი.. მიწის ჩუქურთმა, მცენარეთა შორის გამორჩეული, ყვავილთა თვალი, მდელოთა მინანქარი....“, - ასე უმღეროდა ბერძენი პოეტი-ქალი საფო ყვავილს, რომლის კულტივაცია ადამიანმა ჯერ კიდევ 5 000 წლის წინ დაიწყო. დღეს ვარდის ესენცია სუნამოებში ყველაზე ხშირად (დაახლოებით, 75%-ში) გამოიყენება. თუმცა, სურნელზე არანაკლებ დაფასებულია ყვავილის უნიკალური თვისებები: ვარდის ზეთი 370-მდე მიკრობიოლოგიურ ელემენტს შეიცავს და კანის გაახალგაზრდავების, ანთების საწინააღმდეგო, ანტიდეპრესანტისა და ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგების უნარიც კი გააჩნია.
სასარგებლო თვისებების გამო ვარდის ზეთი საკმაოდ ძვირია: 1 კგ-ს ღირებულება, ადგილწარმოშობის მიხედვით, 7 000-10 000 დოლარს აღწევს, განსაკუთრებულად ფასობს, თუ ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია.
ათასობით სახეობიდან კომერციულად ღირებული მხოლოდ სამი ჯიშის ვარდია - Rosa damascenа (დამასკოს ვარდი) , Rosa centifolia და Rosa gallica (მაისის ვარდი).
„დამასკოს ვარდის“ კულტივაციას ბულგარეთსა და თურქეთში მისდევენ, „გალიკას“ კი - მაროკოში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და მცირე რაოდენობით - საფრანგეთში. თუმცა, მსოფლიო ბაზარს, თითქმის 100%-ით, ორი ტრადიციული მწარმოებელი - ბულგარეთი (40%) და თურქეთი (60%) - ინაწილებს.
მოკლე ისტორია
მე-16 საუკუნეში ოტომანმა ვაჭრებმა დამასკოს ვარდი ბულგარეთში, ახლადდაარსებულ ქალაქ კაზანლიკში შეიტანეს. ეს რეგიონი მსოფლიოში ყველაზე ნატიფი ვარდის ზეთის მწარმოებელი ადგილი გახდა (დღეს „ვარდების ხეობას“ უწოდებენ). მე-19 საუკუნეში ბულგარეთი ვარდის ზეთის საერთაშორისო ბაზარზე მონოპოლისტი იყო. მეორე მსოფლიო ომის, სოციალ-პოლიტიკური ცვლილებებისა და სექტორის ნაციონალიზაციის შედეგად წამყვანი პოზიცია დაკარგა, მისი წარმოება სტაბილურად შემცირდა და თურქეთმა ჩაანაცვლა.
ბულგარეთი წელიწადში 1,5 ტონა ვარდის ზეთს აწარმოებს, ვარდის პლანტაციების ფართობი კი 3800 ჰა-ს აჭარბებს.
იმის გამო, რომ ბულგარული ვარდის ზეთი ყველაზე ძვირია, ხშირად ხდება მისი ფალსიფიკაცია. პროდუქციის დასაცავად ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქციის სტატუსი მიენიჭა. აპლიკაციის პროცესის დასრულებას ბულგარელები 9 წელს ელოდნენ.
რაც შეეხება თურქეთს, ის 1,5 ტონა ვარდის ზეთსა და 7 ტონა კონკრეტს (პროდუქციის სახეობა) აწარმოებს, ვარდის პლანტაციების ფართობი კი 2600 ჰა-ს აღწევს. პლანტაციები, ძირითდად, ანატოლიაში, ქალაქ ისპარტას მახლობლად მდებარეობს.
ვარდის ზეთის ექსპორტმა თურქეთიდან 2012 წელს 12 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მყიდველები კი საფრანგეთი, გერმანია , შვეიცარია, აშშ, იაპონია და ჩინეთია.
ინდუსტრია გამოწვევების წინაშე
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სუნამოს წარმოების მოცულობა იზრდება და წელიწადში 40 მილიარდ დოლარს აღწევს, თურქეთში ვარდის ზეთის ინდუსტრია ბოლო ორი ათეული წელია, მცირდება. მიზეზი ქვეყნის განვითარებისა და ურბანიზაციის დონის ზრდაა. ვარდის ზეთის წარმოება დიდი რაოდენობით შრომით რესურსს მოითხოვს (დახელოვნებულ ადამიანს დღეში მხოლოდ 20-25 კგ-ის ვარდის კრეფა შეუძლია). იქიდან გამომდინარე, რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა იკლებს, მოსახლეობა ამჯობინებს ნაკლებად შრომატევადი კულტურები, მაგალითად, ბალი და ატამი გააშენოს, ამასთან ვარდის პლანტაციების დიდი ნაწილი უკვე დაბერებულია.
მსხვილი მწარმოებლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ უცხოელ მიგრანტებს, მაგალითად, სირიელ ლტოლვილებს, როგორც იაფ მუშახელს. თუმცა, თურქეთში ვარდის წარმოებას უკვე ძველმოდურად განიხილავენ და ვარაუდობენ, რომ 20 წელიწადში ეს სექტორი შეიძლება, სრულიად გაქრეს.
თურქეთისგან განსხვავებით, ბულგარეთში ვარდის პლანტაციები იზრდება. მთავრობა ტრადიციული დარგის ხელშეწყობაზე ზრუნავს; გასულ წელს გადაწყვეტილება მიიღო, ვარდის ზეთის მწარმოებლებს 2014-2020 წლების სოფლის განვთარების პროგრამის ფარგლებში ფინანსური კომპენსაცია გაუწიოს. ფერმერები 1000 კვადრატულ მეტრზე 100 ბულგარულ ლევის მიიღებენ.
ვარდის ზეთის წარმოება საქართველოში
საქართველოში პირველად ვარდის ზეთის წარმოება რამდენიმე წლის წინ კომპანია „კოპალამ“ დაიწყო, თელავის რაიონში „დამასკოსა“ და „გალიკას“ ჯიშის ვარდის პლანტაცია გააშენა. 2010 წელს პროექტზე „ათასწლეულის განვითარების ფონდმა“ 150 ათასი დოლარის გრანტი გასცა, იმავე მოცულობის თანადაფინანსებით ფერმერმა
საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. როგორც მისი დამფუძნებელი, ვაჟა ლეშკაშელი აცხადებს, სხვადასხვა დროს ნერგები ტაჯიკეთიდან, ბულგარეთსა და თურქეთიდან შემოიტანა.
„მაშინ ვარდის ერთი ძირი -1 ევრო დამიჯდა. ირგვება ვენახის პრინციპით, 1 ჰა-ზე - 3 500-4 000 ძირი. მოვლა, დაახლოებით, იგივე სჭირდება, როგორც ვენახს, იმ განსხვავებით, რომ შეწამვლა არ სჭირდება“, - აცხადებს ყოფილი მეწარმე.
„კოპალა“ ბიოპროდუქციას აწარმოებდა და გერმანიაში ექსპორტზე გაჰქონდა.
„მეურნეობის ბიოსერთიფიცირება იმიტომ განვახორციელეთ, რომ გაცილებით მარტივია საერთაშორისო სერთიფიკატის აღება, გარდა ამისა, ზეთში გაცილებით მაღალ ფასს იხდიდნენ - 2010 წელს, მაგალითად, 1 კგ 7 ათასი ევრო ღირდა და არც რეალიზაციის პრობლემა გვქონდა“, - აცხადებს ვაჟა ლეშკაშელი.
თუმცა, „კოპალამ“ 2011 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა. მეპატრონის მტკიცებით, საწარმო ლოპოტას ტბასთან სიახლოვის გამო წაართვეს.
„თავისუფლების აღკვეთის მუქარით, არასასოფლო-სამეურნეო მიწა ქარხანასთან ერთად მიზერულ თანხად დამათმობინეს. 37 დღის განმავლობაში ციხეში ვიჯექი, ბოლოს მეუღლეზე მინდობილობა გავაფორმე და ქონება დავთმე. არადა, სრულიად ახალი ქარხანა იყო, თურქეთიდან ჩამოვიტანე და აქ ავაწყე“, - განაცხადა ვაჟა ლეშკაშელმა.
დაუბრუნეს თუ არა მიწის ნაკვეთი, მეწარმეს არ უთქვამს, თუმცა, აღნიშნა, რომ მას ახალი მეპატრონე ჰყაცს, ხოლო პლანტაციის ადგილზე დღეს ვენახია გაშენებული.
აღსანიშნავია, რომ ვარდის ზეთის წარმოების დაწყებას კახეთში, წნორთან დღეს კიდევ ერთი კომპანია „კახეთი ბიო“ გეგმავს. „გალიკას“ ჯიშის ვარდის ძირები უკვე შეიძინეს და გაზაფხულზე 2 ჰა მიწაზე გადარგავენ (საგულისხმოა, რომ ვაჟა ლეშკაშელის აზრით, ვარდის ზეთის წარმოების რენტაბელობისთვის, პლანტაციის ფართობი 30 ჰა-ს მაინც უნდა აღწევდეს).
„კახეთი ბიოში“ ფინანსურ გათვლებზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ექსპორტთან დაკავშირებულ დეტალებს მათი გერმანელი პარტნიორი აგვარებს.
გარდა ამისა, eugeorgia.info -სთვის ცნობილი გახდა კიდევ ერთი ვარდის პლანტაციის შესახებ, რომლის გაშენებას ლაგოდეხის რაიონში 20 ჰა-ზე მოსკოველი ინვესტორები აპირებენ, თუმცა, მათ გამოჩენა ამ ეტაპზე არ ისურვეს.
ვარდის მოვლის პირობები:
ვარდი ვენახის მსგავსად ირგვება - ძირები ერთი მეტრის დაშორებით, რიგების შორის მანძილი კი სამი მეტრია.
იზრდება მზიან ადგილზე, ნეშომპალათი მდიდარ ნიადაგში, რომელიც კარგად დრენაჟირდება. ნიადაგი შესაძლოა იყოს ქვიშნარი, თიხის ან ცარცის.
Ph: მჟავა, ტუტე, ნეიტრალური
ვარდის გამრავლება ხდება კალმით, ან ძირით (ამონაყრით).
დაავადებები: შესაძლოა გაუჩნდეს შავი ლაქები, ნაცარი, მწერებიდან აზიანებს ბუგრები, წითელი ობობა, ჭიაყელა და სხვ.
სრულ ზრდას აღწევს 2-5 წელში.
გადამუშავება
დამასკოს ვარდის ყვავილობა მაისის მესამე კვირაში იწყება და ოთხ-ექვს კვირას გრძელდება, დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. ძალიან მშრალი და ცხელი ზაფხულის დროს შესაძლოა, ყვავილობამ მხოლოდ ორ კვირას გასტანოს, ხოლო გამოსავლიანობა მკვეთრად შემცირდეს (აორთქლებადობის ზრდასთან ერთად). მოსავლის აღება იწყება მზის ამოსვლისას და მთავრდება 10 საათისთვის, როცა ვარდზე ჯერ კიდევ ნამია. როგორც თურქეთში, ასევე ბულგარეთში ვარდს ხელით კრეფენ.
მოსავალი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გადამუშავდეს, რათა არ გამოშრეს და ხარისხი არ დაკარგოს.
წარმოებისა და გამოხდის პრინციპი ოტომანთა იმპერიის დროიდან, თითქმის, არ შეცვლილა: ფურცლებს წყალს ამატებენ და სპილენძის ქვაბებში ხარშავენ. ქვაბები შედგება ორთქლგამტარი მილებისგან, გამაცივებელი კონტეინერებისა და ვარდის ზეთისა და წყლის შემგროვებელი ჭურჭლისგან.
პირველი დისტილაციის დროს ზეთის მხოლოდ 20-25%-ის განცალკევება ხდება, დანარჩენს გამოხდილი წყალი (ე.წ. „პირველი წყალი“ ) „შთანთქავს“. მას მეორედ ხდიან, რის შედეგად „წყლის ზეთსა“ და „მეორე წყალს“ იღებენ. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც „ვარდის წყალი“ და მას ცალკე პროდუქტად ყიდიან. ვარდის წყალი 0,04 -0,05 პროცენტ სუფთა ვარდის ზეთს შეიცავს. გარდა ვარდის წყლისა, თანმდევი პროდუქტია : ვარდის წყლის კონცენტრატი (შეიცავს 0.08 პროცენტ ძვირფას ესენციას), რომელიც საუკეთესოა სახის გასაწმენდად.
ვარდის ზეთი, რომელსაც ორთქლის საშუალებით ხდიან, ოტო ეწოდება. არსებობს მისი ქიმიური დამუშავების გზაც (ჰექსანის მეშვეობით), რომელსაც აბსოლუტი ჰქვია. აბსოლუტი ოტოსთან შედარებით იაფია, თუმცა, მას ინტენსიურად იყენებენ სუნამოებში, რადგან მდგრადი სურნელი აქვს.
საშუალოდ, Rosa damascena -ს ზეთის მისაღებად 4 000 კგ ფოთოლია საჭირო, კლიმატური პირობების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2 600 -8 000 კგ-მდე ვარირებს.
ბელა ნოზაძე