ბიუროკრატიულ დერეფნებში გაყინული 20 მილიონი
“ჯორჯიან მანგანეზი”, ჭიათურელები და 20 მილიონიანი ინვესტიცია მთავრობისგან გადაწყვეტილების მოლოდინში
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ “ახალი საწარმო ყვირილაში მადნის ჩადინების რისკებს ბევრად შეამცირებს”
ჭიათურის მაღარო გუშინ მადნით დატვირთულმა ბოლო მატარებელმა დატოვა. “ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, საწარმო ჯერჯერობით ოთხი თვით ე.წ. მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა. მადნის მოპოვება გაჩერდა და მინიმუმ ამდენივე ხნით შენელდა იმ ქალაქის პულსაციაც, რომელიც 130 წელიწადია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტის — მანგანუმის მომპოვებელია. საუკუნის წინ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გარშემო მოწყობილი მუშათა დასახლებები საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთ დიდ სამრეწველო ქალაქად გადაიქცა. მადნის მოპოვებითი სამუშაოები კი საცხოვრებელ გარემოსთან დღესაც ისე ახლოს მიმდინარეობს, როგორც არსად მსოფლიოში. მსგავსი პრეცედენტის არარსებობა განაპირობებს იმ უმძიმეს ეკოლოგიურ პირობებს, სადაც არათუ ცხოვრება, მუშაობაც სიცოცხლისათვის სარისკოა და ამის მიუხედავად, მაინც სანატრელი.
საბჭოთა ფაბრიკა-ქარხნების ნარჩენები, საღებავგადაცლილი საბაგიროები, მადნით გაშავებული ყვირილა, საწარმოო ნარჩენებით დანაგვიანებული და გადათხრილი ხევები, საიდანაც საცხოვრებელ კორპუსებამდე დაშორება სულ 250 მეტრს აღწევს—ესაა პირველი, რაც ჭიათურაში ჩასულს გაფრთხობს და ქალაქის სწრაფად დატოვებისკენ გიბიძგებს. შუქრუთის, რგანისა და ე.წ. “წერეთლის მაღაროს” დასახლებებში სასმელად ჯერ ისევ წვიმის წყალს იყენებენ. მაგრამ ახლა ჭიათურაში ეკოლოგიაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკაა, რომელსაც საფრთხე ემუქრება. მაღაროში დასაქმებული 3600 მუშიდან 3300-ის ყოველდღიურ გასაჭირს დღეიდან ახალი პრობლემა დაემატა: ოთხი თვის განმავლობაში მაღაროელები ისედაც მიზერული ხელფასის მხოლოდ 60%-ს მიიღებენ.
არჩევანის გარეშე დარჩენილ მუშათა მოთხოვნები
აქ ყველამ იცის, რომ “სხვა სამსახური ჭიათურაში არ არსებობს, ერთი მაღაროა და ისიც ბოლომდე არც კლავს და არც აცოცხლებს”. სათქმელი ბევრი დაუგროვდათ, თუმცა მუშების უმრავლესობა eu.georgia.info-ს ინტერვიუზე მხოლოდ იმ პირობით გვთანხმდება, რომ მათ ვინაობას არ გავამხელთ: “ხელზე ასაღები ჯამაგირი 450 ლარამდე გამომდის, ახლა უნდა ავიღო 270 ლარი, საიდანაც 214 ლარი კრედიტში მიმდის და ასე ჩემს დღეშია მუშების 90 %. ვინ დაგვიდგინა, რომ ხელფასის 60% საკმარისია, ან წამალი რით ვიყიდოთ , ან საჭმელი? როგორ ვიარსებოთ, გეკითხებით”?
“მონურ შრომაში ისედაც მათხოვრულ ხელფასებს გვიხდიან, იციან რომ წასასვლელი არსად გვაქვს, ახლა გაჩერებული საწარმო 60%-ს გიხდითო, გვამადლიან. იმას არ ამბობენ, რომ ერთთვიანი შვებულებები გაგვიუქმეს და იმ ფულად ორი თვის კომპენსაციას იხდიან. ორშაბათს ადმინისტრაციიდან დირექტორის მხრიდან უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულებები დაგვირიგეს, ან ახლავე ხელს მოაწერთ, ან თავისუფლები ხართო, არჩევანი არც ახლა დაგვიტოვეს".
“ფულის სესხება რომ გინდოდეს, აქ იმასაც ვერ იშოვი, ყველაფერი პარალიზებულია. ვის უნდა მიაკითხო ჭიათურაში? 20 000 მაცხოვრებლიდან 3700 მაღაროში მუშაობს და დანარჩენი მდინარის პირას თავისით რეცხავს მადანს. ამაზეა დამოკიდებული მთელი ქალაქი, აქ სხვა შემოსავალი არავის აქვს.”
მუშებმა იციან, რომ მსხვილ ინვესტორთან ცალ-ცალკე ბრძოლა შედეგს ვერ მოიტანს, ამას ადასტურებს მათთვის წარუმატებლად დამთავრებული გაფიცვების და შიმშილობების სერია. ამიტომ ახლა ყველაზე აქტიურებმა რამდენიმე პროფკავშირი დაარსეს და ასე დაუპირისპირდნენ ადმინისტრაციას.
“როგორი იქნება ამ ქალაქის მომავალი, არავინ გვპასუხობს. სადაა მთავრობა, რომელსაც არჩევნებზე ვახსენდებით, თურმე ჩვენს ზურგს უკან მოლაპარაკებები ორი თვეა მიმდინარეობს. მოსთხოვოს ინვესტორს პასუხი ან სხვა ინვესტორი შემოიყვანოს, ვინც გვამუშავებს,”- მოითხოვენ მუშათა უფლეების დამცველები. ჭიათურელთა კავშირის თავმჯდომარე შოთა გაფრინდაშვილს არც იმის იმედი აქვს, რომ საწარმო ოთხ თვეში ამუშავდება. ამბობს, რომ მწარე გამოცდილება ალაპარაკებს: “ჯორჯიან მარგანეცი ცხრა წელია ჩვენთანაა და ნდობა აქვს დაკარგული, აქამდე რომ ვეკითხებოდით, საწარმოს გაჩერებას კატეგორიულად უარყოფდნენ. გაუბედურებულ ხალხთან სიტყვის შეცვლა არ შერცხვებათ. დირექტორატი რომ აცხადებს მადნის ჭარბი მარაგები დაგროვდა და ჯერ ის უნდა გაიხარჯოსო, მე შევუქმენი ის მარაგები? თავადვე დაარიგეს ლიცენზიები წვრილ კოოპერტივებზე და ყველანაირად წაახალისეს ღია წესით მოპოვება. მადანი ასე უფრო იაფი უჯდებოდათ და ამ მადნის ერთადერთი შემსყიდველებიც ეგენი არიან. აქედან დაიწყო ჭარბწარმოება.” უფრო ზუსტ ციფრებს ასახელებს მაღაროელთა პროფკავშირების სხვა წარმომადგენელი პაატა სამხარაძე: ” ეჭვი დიდ მაქინაციაზე გვაქვს. 2012 წლამდე ჭიათურაში სულ 2-3 კოოპერატივი იყო, ახლა 180 მარგანეცის ღია სამრეცხაოა და 25 მინიწარმოება. ერთ-ერთი, თუ არ ვცდები “ბელუქსის” სახელით 11 იანვარს დარეგისტრირდა და ისიც მინის საწარმოს აშენებას აპირებს. გამგეობაში დიდი საჯარო მოსმენაც გამართეს. სად მიაქვთ მადანი, თუ არავის სჭირდება? ჯორჯიან მარგანეცის გარდა ამას ხომ არავინ იყიდის. ცხადია, რა ჩანაფიქრიც აქვთ, სიღრმიდამ დახურული წესით მადნის წარმოება ძვირი უჯდებათ, ღია წესით სამრეცხაოებში უფრო იაფი. 180 ტონამდე მოიმარაგეს და რატომ ამუშავებს მაღაროს.”
ადმინისტრაციის პასუხი
“3 500 მუშიდან არავინ გაგვითავისუფლებია. 3200 მხოლოდ სპეცრეჟიმზე გადავიყვანეთ, ესაა ყველაზე ჰუმანური მიდგომა ხალხისადმი. უპრეცედენტოა ისიც, რომ ბანკებს, სადაც უმრავლესობას კრედიტები აქვს, მათ ნაცვლად ველაპარაკებით, ესაა სოციალური პასუხისმგებლობის სანიმუშო მაგალითი. მუშებისთვის ხელფასის 30%-იც რომ მიგვეცა არაფერი იქნებოდა. მითუფრო, რომ 20 მაისს მუშაობა განახლდება”
ჯორჯიან მარგანეცის პოზიციას პრესსამსახურის უფროსი ზაქარია ზალიკაშვილი გვაცნობს: “დარწმუნებულები ვართ თუ არა , რომ მაისში დავიწყებთ მუშაობას? მე ამის მტკიცება გამიჭირდება. თქვენ დარწმუნებულები ხართ, რომ ხვალ მზე ამოვა და გაანათებს? საწარმოს დახურვა რომ გვდომოდა, რატომ გადავუხდიდით მათ 4 თვის ხელფასის 60%-ს, სამედიცინო დაზღვევას, დავეხმარებოდით პირადი კრედიტების დაფარვაში, ბანკებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ამის შემდეგ დავხურავთ საწარმოს? ეს ხომ არარეალური და უფრო მეტიც ალოგიკურია”.
- რა მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებთ ამ განცხადებას? მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის აწევას ვარაუდობთ თუ ფეროშენადნობებზე მოთხოვნის გაზრდას?
- “არა, ასეთი მოლოდინი ჩვენდა სამწუხაროდ ნამდვილად არ გვაქვს. ყოველდღიურ ანალიზს რომ ვაკეთებთ, ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია არ არსებობს. ვფიქრობთ მაისშიც ეს უფრო სოციალური და არა ბიზნესგადაწყვეტილება იქნება. მაღარო, ვფიქრობთ, კიდევ კარგა ხანს იქნება წამგებიანი, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედით ჩვენ დროებით წაგებაზე ვიმუშავებთ”.
- კი მაგრამ, მაშინ უფრო გაუგებარია, ახლა რა გიშლით ხელს მუშაობაში, რის შეცვლას ელოდებით?
- “მსოფლიო ბაზარზე და საქართველოშიც ლითონზე მოთხოვნილების შემცირებამ პროდუქციის რეალიზაციის პრობლემები ჩვენს მეორე საწარმოს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასაც შეუქმნა. ქარხნის ნაკლები სიმძლავრით მუშაობამ კი იქ მადნის ჭარბი მარაგების დაგროვება გამოიწვია. ამჟამად მადნის ოთხი თვის მარაგია დაგროვებული და ვფიქრობთ, მაისამდე ის მოვიხმაროთ, ამასობაში, დაიწყება წყალუხვობის პერიოდიც და ფერო ჩვენს საკუთრებაში არსებული ვარციხეჰესიდან იაფი ელექტროენერგიით მომარაგდება. შესაბამისად საწარმოს მუშაობას უფრო რენტაბელურს, პროდუქციას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. საქართველოში დღეს მოქმედი კომერციული ტარიფით რომ ვიმუშაოთ, წარმოუდგენელია ვინმესთან კონკურენციაზე საუბარი. ისედაც ძალიან მაღალი თვითღირებულებით მოპოვებულ და გამდიდრებულ მადანს რომ უძვირესი კომერციული დენი დაუმატოთ, ამ გზით მიღებულ ფეროშენადნობებს ვერსად გავყიდით. აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი ფასი იქნება”.
- თქვენი მთავარი მომხმარებელი ხომ აშშ იყო, ახლა იქაც აღარ არის მოთხოვნა თქვენს პროდუქციაზე?
- მთავარი საექსპორტი ქვეყანა კვლავაც აშშ. არის, მაგრამ მეოთხე კვარტლიდან ყველაზე ნეგატიური დინამიკა დაიწყო. თუ აქამდე ჩვენ წლების მანძილზე პირველ ადგილზე
ვიყავით და ჩვენი წილი 14%-ს შეადგენდა საქართველოში წარმოებულ საექსპორტო პროდუქციებს შორის, ახლა ასე აღარაა. კრიზისი ზაფხულიდან დაიწყო. შარშან ზაფხულში 1ტ სილიკომანგანუმი —850 ევროს აჭარბებდა, დღეს 580 ევრო საბირჟო ფასია და რეალური სარეალიზაციო ბევრად ნაკლები. კრიზისია, ჭარბწარმოებაა. მანგანუმის მადანს რაც შეეხება, 1ტ —5,5$ ღირდა, დღეს კი 1,26-1.33$, როცა ჩვენ თვითღირებულებაა — 2.80$. ძვირი ელექტროენერგია, სატრანსპორტო ხარჯები, მადნის დაბალი ხარისხი, რომლიც გამდიდრებაც ასევე ძვირი ჯდება და რაც მთავარია, მოძველებული ტექნოლოგიები მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას ართულებს.
- ამიტომაც გადაწყვიტეთ წვრილი მეწარმეებისთვის ლიცენზიების გაცემა, რადგან ღია წესით მადნის მოპოვება უფრო იაფი ჯდება?
- ამ სიტუაციაში წვრილი მეწარმეებიც გაჩერდნენ. საქართველოში მათი პროდუქციის ერთადერთი შემსყიდველი ჩვენ ვართ. ის ფასი, კი რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მათთვის რენტაბელური არ უნდა იყოს.
- ამ სიტუაციაში გამოსავლად რა გესახებათ, თუ გიფიქრიათ ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე ან მოძველებული საწარმოო ციკლის ეფექტურობის გაზრდაზე?
- დიდი ხანია ამაზე ვფიქრობთ. ესაა 20 მილიონიანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ჭიათურაში ახალი სამთო-გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი გერმანულ “ვორლდმინერალსთან” ერთად წელიწადნახევრის წინ დავასრულეთ და დღემდე სხვადასხვა უწყებებისგან ნებართვების შეგროვების პროცესში ვართ. რატომ, ვინ და სად ჭიანურდება პროცესი არ დაგიკონკრეტებთ, თავად გაარკვიეთ. უწყებები ბევრია, ხან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ხან ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებში, მერე ზოგი გვაძლევს, ზოგი ისევ წინააღმდეგია და ამასობაში მეორე წელია ინვესტიცია გაყინულია. უფრო მწვავე შეფასებებისგან ამჯერად თავს შევიკავებ, რადგან განხილვის პროცესშია და არ მინდა ნეგატიური კონტექსტი ქონდეს ამ ყველაფერს. ვიტყვი ერთს, თუკი მშენებლობის ნებართვას მოგვცემენ, ჩვენ მზად ვართ ხვალვე დავიწყოთ ახალი ქარხნის მშენებლობა.
- მანგანუმზე დაბალი ფასების და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის შემცირების მიუხედავად?
- დიახ, ხმამაღლა ვამბობ, რომ ესაა ხვალინდელი დღე და ჭიათურის ერთადერთი მომავალი, ამჟამად ესეც სოციალური პროექტია, რომ ეს 3500 ადამიანი ულუკმაპუროდ არ დარჩეს. ახალი ფაბრიკა მოგვემს საშუალებას თვითღირებულება დავწიოთ და ეკოლოგიური სიტუაცია გამოვასწოროთ.
ეკონომიკის სამინისტრო
“თუ მანგანუმი არ ჭირდებათ, მისი გამამდიდრებელი რაში სჭირდებათ? ”ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში თავიდან “ჯორჯიან მარგანეზ”-ის მხრიდან რაიმე მიმართვის ფაქტს უარყოფენ. მოგვიანებით კი eu.georgia.infos-ს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ სააგენტოს უფროსს გრიგოლ კაკაურიძეს ახსენდება, რომ ზუსტად ერთი თვის წინ —21 დეკემბერს გასცა მადნის გამამდიდრებელი ქარხნის სამშენებლოდ კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება. თუმცა სამშენებლო ნებართვის აღებამდე წინ გრძელი გზა და რთული პროცედურებია.
- წელიწადნახევრით პროცესის გაჭიანურებაზე საუბარი უზუსტობაა, რადგან ჩვენთან პირველი განაცხადი მხოლოდ 2015 წლის ივნისში და ისიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან შემოვიდა. როგორც შემდეგ გაირკვა, “ჯორჯიან მარგანეზს” შეეშალა და მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობისთვის მეხუთე კლასის ობიექტისათვის საჭირო განსაკუთრებული ნებართვის ნაცვლად მეოთხე კლასის ნებართვა მოითხოვა. რა თქმა უნდა, ამ კლასის ობიექტის მშენებლობას ეკონომიკის სამინისტრო კურირებს, ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მათ, ავუხსენით როგორ უნდა მოემართათ ჩვენთვის, რა სახის პროცედურები უნდა გაევლოთ და რა დოკუმენტაცია სჭირდებოდათ. მათ შეეძლოთ მეორე დღესვე მოემართათ, ამის ნაცვლად მხოლოდ 27 ნოემბერს შემოვიდა ჩვენთან ოფიციალური განაცხადი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების უფლების მოსაპოვებლად და ეს მოთხოვნა მაქსიმალურად სწრაფად უკვე 21 დეკემბერს დავუკმაყოფილეთ.
- ამდენი დრო დასჭირდათ დოკუმენტაციის შესაგროვებლად?
ძნელად დასაკომპლექტებელ დოკუმენტაციასთან საქმე ნამდვილად არ გვქონდა, რაში დასჭირდათ დრო ზაფხულის დასაწყისიდან ნოემბრამდე, არ ვიცი. როგორც ჩანს, შიგნით, თავის თავში უნდა ეძებონ პრობლემები, რის გამოც ვერ მოახერხეს საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება და ხელი სხვისკენ არ უნდა გაიშვირონ.
- შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ ეს ნებართვები?
- ტოპგეგმა, გენგეგმა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი და მსგავსი ტიპის სხვა დოკუმენტაცია, სულ 5 -6 დასახელებაა…
- გამგებლიდან შემოსულ პაკეტში ეს ყველაფერი ალბათ იყო?
- კი, ალბათ იყო. ფაქტობრივად, ადრესატის შეცვლა გახდა საჭირო—ასე გამოდის. მუნიციპალიტეტი რამდენ ხანს იხილავდა , ეგ უკვე არ ვიცი.
- როცა ამდენი ხნით 20 მილიონიანი ინვესტიციის შეჩერებაზეა საუბარი, უფრო სწრაფი რეაგირება და კონსულტაციებით დახმარება მაინც შეგეძლოთ. სამინისტროს დანიშნულება ხომ ინვესტიციების მოზიდვაა?
- ჩვენ ძალიან წარმატებით ვართმევთ ამ ამოცანას თავს. ჩვენს მიერ მოზიდული ინვესტიციების რაოდენობამ შარშან მილიარდს გადააჭარბა. 20 მილიონზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა. იმის თქმა, რომ ჩვენს გამო საწარმოს მშენებლობა ჭიანურდება ან ხალხის მოცდენასთან და უმუშევრად დარჩენასთან გვაქვს კავშირი, უბრალოდ გადაბრალების მცდელობაა. ის უნიათო ხალხი თავისთან იპოვონ, ვინც ჯერ გამგეობას მიმართა და მერე დოკუმენტაციის დაკომპლექტებას მოანდომა 5 თვე. სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობაა.
- რაში გამოიხატება ეს ხელშეწყობა?
- წარმოადგინონ საპროექტო დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის ასაღებად, ველით ამ განაცხადსაც და მაქსიმალურად სწრაფად მივცემთ ამ ნებართვასაც თუ კანონს დააკმაყოფილებენ. შეუძლიათ ახლავე მოგვმართონ?
- ახლავე როგორ მოგმართავენ, ამბობთ, რომ მეხუთე კლასის ობიექტია და გარემოზე ზემოქმედის ნებართვის გარეშე განიხილავთ ამ საკითხს?
- არ მახსოვს, თუ სჭირდებათ, მაშინ ეს ნებართვაც უნდა მოიპოვონ. ჩვენ არ ვანიჭებთ პრიორიტეტს ამა თუ იმ საწარმოს და ამა თუ იმ ინვესტიციას. მთავრია, ჩვენთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოვიდეს დოკუმენტაცია და ჩვენ ფორმალურ ადმინისტრაციულ პროცედურებს ვატარებთ იმისათვის, რომ გავცეთ ესა თუ ის ნებართვა. არაზუსტი და არასწორი დოკუმენტაციით, ან ზეპირი საუბრებით ნებართვას ვერ მივცემდით.
- მესმის ფორმალური მხარე უნდა დაიცვათ, მაგრამ ახლა 3500 ადამიანი და ფაქტიურად მთელი ჭიათურა გაჩერებულია. ხალხი მთავრობისგან ელის პასუხს, ინვესტორს კი მუშაობაში ხელი ეშლება და სახელმწიფო ინვესტიციებს კარგავს..
-წარმოქმნილი პრობლემები არ უკავშირდება ამ საწარმოს აშენება-არაშენებას. შეწყდა მაღაროებიდან მადნის მოპოვება. მე ასეთი კითხვა მაქვს: თუ მანგანუმი არ ჭირდებათ, მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკა რაში სჭირდებათ, რა უნდა გაამდიდრონ? ვინ დაუშალათ უფრო სარფიანი ბიზნესი, შემოეტანათ პროექტი მეორე დღესვე. დანარჩენი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გაარკვიეთ.
ჭიათურის გამგეობა - “ეგენი ჰაერზე ლაპარაკობენ და მე ჰაერზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ”
ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე ერთადერთი სახელმწიფო ჩინოვნიკია, ვინც ღიად აცხადებს, რომ წელიწადნახევარია კომპანიასთან დავა აქვს და ახალი ქარხნის შლამსაცავისთვის მიწის გამოყოფაზე უარს ეუბნება. თუმცა ვერ იხსენებს, რატომ გააჩერა უმოქმედოდ თითქმის ექვსი თვე ქარხნის მშენებლობისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია, სანამ გაირკვეოდა, რომ ნებართვის გაცემა ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა იყო.
- რომელ გაჭიანურებაზეა საუბარი, არ მესმის. ნებართვა ჯერ ეკონომიკის სამინისტროში უნდა აიღონ და მერე მოგვმართონ ადგილზე. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვის ერთ-ერთ კომპონენტს, რაც სალექარის შექმნას გულისხმობს, არ ვეთანხმები. ვერ მიხსნიან, რა უნდა გააკეთონ და საბოლოოდ იქ რა იქნება. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს დიახაც მივწერეთ მათთვის არასასიამოვნო პასუხი, ჩვენი არგუმენტი იყო ორი სოფლის, ითხვისის და შუქრუთის მოსახლეობის პოზიცია და ის, რომ პროექტს ბოლომდე არ ვიცნობთ. ამ ხალხს ჭირდება ახსნა-განმარტება, ამაზე კომპანიამაც უნდა იზრუნოს და მარტო გამგებელს არ უნდა უწევდეს მათი დარწმუნება.
- თქვენგან ქარხნის მშენებლობაზე დოკუმენტები ეკონომიკის სამინისტროშო მხოლოდ ამა წლის ივნისში გადაიგზავნა. თუ ქარხნის მშენებლობას არ ეწინააღმდეგებით, მანამდე რატომ აჩერებდით ამ დოკუმენტებს?
- მსგავსი არაფერი ყოფილა. თუ აქ საუბარია, ეკონომიკის სამინისტროსგან ერთ-ერთი ხეობის პრივატიზაციაზე, თუ ამას გულისხმობენ, ამის ნებართვა მართლაც არ მივეცი. წარმოადგინონ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში გარემოს დაცვის სამინისტროდან, შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის ნებართვა და მერე ვნახოთ. ჯერ წარმოადგინონ, რომ ხეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამდენი ხანია, მესმის მხოლოდ საუბარი და სადაა პროექტი, წარმოადგინონ, თუ მზად აქვთ!
- თქვენი სიჩუმით ხომ დრო დაიკარგა და ინვეესტიცია გაჩერდა?
- ქარხნის მშენებლობაში მუნიციპალიტეტი ხელს არ უშლის. თუ საუბარია 25 ჰა-ს ყიდვაზე ანუ ხეობაზე, ეს სამსჯელო თემაა და არა მათი ტრაფარეტული ლაპარაკი. ეს სახელმწიფო მიწაა, ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციისთვის ჭირდება ჩვენი თანხმობა და მე თავი შევიკავე.
-თქვენ ამ მიწის გადაცემის წინააღმდეგი ხართ?
- მე ჩემი სუბიექტური აზრი ყველა დონეზე დავაფიქსირე და მე თუ დამარწმუნებენ საწინააღმდეგოში, კი ბატონო. ერთ-ერთი სალექარი მადნის გასარეცხად ადრე კომუნისტების დროს უკვე გააკეთეს და იმან არ იმუშავა. მსგავსი რაღაცის გაკეთება თუ უნდათ, მე ამას კატეგორიულად არ დავეთანხმები.
- კომპანია ამბობს ,რომ ახლა წარმოება არარენტაბელურია და 3500 ადამიანი ფაქტიურად უმუშევრად რჩება
- ესაა თითიდან გამოწოვილი მიზეზები და არა რეალური ახსნა იმ პრობლემებისა, რაც კომპანიაში დღეს ხდება. მაგათ დღეს ერთი უნდათ, ხვალ მეორე. ვერ გავიგე რა ინტერესი აქვთ ჩადებული. ახლა როცა ფასი დაბალია, ჩივიან რომ არარენტაბელურია, როცა ფასი მაღალი იყო, მაშინაც არარენტაბელური იყო მადნის წარმოება და ვერ გავიგე როდის არის რენტაბელური მუშაობა. ქარხნის მშენებლობაზე არავის კატეგორიული უარი მათთვის არ უთქვამს, მე შევაჩერე მიწის გადაცემა, შეიძლება სხვადასხვა უწყებები ერთად დავჯდეთ და განვიხილოთ, მოიტანონ პროექტი და დეტალურად ახსნან რას აპირებენ.
- მუშები მთავრობისგან პასუხს ელიან, რა ელის ჭიათურას?
- ხალხი პასუხს ითხოვს? ვინ ითხოვს პასუხს? რას ლაპარაკობთ? ეს ხეობა ორ სოფელს ესაზღვრება, ხალხი რას ამბობს, მაგათმა გაიგონ კარგად. მაინტერესებს, მყარი მასალა დაიყრება იმ 25 ჰაზე, შლამი თუ რაიმე სხვა წყალსაცავის მსგავსი გაკეთდება. ეგენი მხოლოდ ჰაერზე ლაპარაკობენ და მე ჰაერზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ.
- ხალხი ითხოვს პრობლემის დროულ მოგვარებას, მთავრობისგან ჩართულობას, ან ინვესტორს ხელისშეწყობას და ან ახალი ინვესტორის მოძიებას..
- ამაზე მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი და ალბათ გასცემს კიდეც, მე კი ვამბობ კატეგორიულად არ ვეწინააღმდეგები, საბოლოო უარი არ მითქვამს, ეგებ კორექტირებული ვარიანტი მისაღები იყოს. აქ საუბარია, რომ ტურბინებით წყლის ჭავლით გადაიქაჩოს ეს ნარჩენი მასალა და სხვაგან დასაწყობდეს. გარემოს დაცვის სამინისტროში იყო მაგათი ეკოლოგიის წარმომადგენელი მობრძანებული და იქ მოვთხოვე, რომ ხელოვნური წყალსაცავის გაკეთებას არ დავეთანხმები. გარემოს დაცვის სამინსიტროს და ჩემი პოზიციაც ემთხვევა და თავად მინისტრი აგულაშვილი იყო ჩამოსული და პირადად ვანახე, რომელ ხეობაზე იყო საუბარი. ეგენი მარწმუნებენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავენ, რომელიც ჩაკეტილი ციკლით მუშაობს, მადნის გამოსავალი იქ 95%-ია და ესაა მშრალი ნარჩენები ქვიშის სახით. თუ მართლა ამაზეა საუბარი, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით. სამთავრობო დონეზე კიდევ ერთი შეკრება გაიმართება და გადვწყვეტთ, მაგრამ პროვოკაციული საუბარი, რომ ჩვენ მუშაობაში და ქარხნის მშენებლობაში ხელს ვუშლით არასწორია.
ასე ესენი იმასაც მეუბნებოდნენ, რომ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი გვერდის ავლით სამთავრობო დონეზე გაიტანდნენ და გადაწყვეტდნენ ამ საკითხს, მაგრამ ვერაფერიც ვერ გადაწყვიტეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას გვაწვდის გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი თამარი შარაშიძე. აქ ირკვევა, რომ “ჯორჯიან მარგანეზს” ვადის გასვლის გამო ერთი წლის წინ, ერთხელ უკვე გავლილი პროცედურების ხელახლა გავლა უწევს.
- ჯორჯიან მანგანეზმა ქარხნის ასაშენებლად წინასწარი განხილვისთვის ახლახანს შემოიტანა დოკუმენტი, რადგან ჩვენს მიერ გაცემულ წინა დოკუმენტს 18 დეკემბერს ერთწლიანი ვადა გაუვიდა. მათ ვერ მოაგვარეს პრობლემა მშენებლობის ნებართვა რომელ უწყებას უნდა გაეცა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს თუ ეკონომიკის სამინისტროს. შესაბამისად, თავიდან უწევთ იმ პროცედურის გავლა, რაც ერთხელ უკვე გაიარეს.
- ხელახალ განხილვას რა დრო დასჭირდება?
-ამ პროცედურას აქვს 50-60 დღიანი ვადა, რის შემდეგაც ისინი მიიღებენ დაინტერესებული პირებისგან შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რაც უნდა გამოასწორონ, შემდეგ ეს კვლევით დაადასტურონ. ამის მერე მშენებლობის ნებართვის გამცემმა უწყებამ ხელახლა უნდა მოგვმართოს ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის.
-ანუ მათ პირველად წელიწადნახევრის წინ მოგმართეს.
- დიახ, მაშინ წინასწარი განხილვის ეტაპიც გაიარეს, მაგრამ დოკუმენტს ვადა ისე გაუვიდა, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ ჩვენს სამინისტროს აღარ მიმართა.
- დაახლოებით რა დრო დასჭირდება კომპანიას თქვენი მითითებების და შენიშვნების შესასრულებლად?
- უნდა გამოსწორდეს სიტუაცია. ყველაფერი იმ ნორმის ფარგლებში უნდა იყოს, რაც დღეს არ არის. მდინარე ყვირილას დაბინძურება უნდა შეწყდეს.
- გამგებელი ამბობს, რომ ღია სალექარის მოწყობა უნდათ და ამის წინააღმდეგია.
- ღია სალექარში რა იგულისხმება, ვერ ვხვდები. აქ საუბარია შლამსაცავზე და დახურული ციკლის მქონე თანამედროვე საწარმოს მშენებლობაზე, საიდანაც მადნის ნარეცხი დაბინძურებული წყლების ჩაშვება აღარ მოხდება მდინარე ყვირილაში.
- გამგებელი შიშობს, რომ დამატებით 25ჰა ეკოლოგიურად დაბინძურდება. ის ამბობს, რომ მინისტრსაც აჩვენა ეს ტერიტორიები და მინისტრი აგულაშვილი მის პოზიციას იზიარებს.
-ეს შლამსაცავია, სადაც მოხდება წარმოების შედეგად წარმოქმნილი მყარი ნარჩენების შენახვა და არა სალექარი, რომელსაც ფუნქციურად სულ სხვა დატვირთვა აქვს. იქ ხდება საწარმოს დაბინძურებული წყლის წმენდა. ჩვენ ტერიტორიას ვიკვლევთ და ადგილზეც ვნახავთ ყველაფერს, ასე წინასწარ ვერ ვიტყვით რომ კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ, ჩვენ ახლა შესწავლის ეტაპზე ვართ. ჩვენ საბოლოო პოზიციას ვიტყვით საჯარო განხილვაზე 26 თებერვალს. მე კონკრეტულად შემიძლია ვისაუბრო ახალ საწარმოზე, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია და ბევრად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს და ყვირილაში მადნის ჩადინებას".
დასკვნა
და ბოლოს, სანამ ჩინოვნიკები ჭიათურაში მადნის გამამდიდრებელი ახალი ქარხნის ასაშენებლად საჭირო დოკუმენტაციას მოიძიებენ, მითუფრო, რომ როგორც ჩანს, დიდად არც ჩქარობენ საკითხში გარკვევას და სანამ გერმანელებთან ერთად შემუშავებული პროექტი სამთავრობო კულუარებში გზას გაიკვლევს, დაინტერესებულ პირებს ვეტყვით, რომ საპროექტო დოკუმენტაცია უკვე დიდი ხანია ატვირთულია გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ახალი ქარხნის მთავარი ეკოლოგიური უპირატესობებიც შავით თეთრზე წერია: “ათეული წლების განმავლობაში გადაუწყვეტელ პრობლემას წარმოადგენს მდ. ყვირილას წყლის მანგანუმის მადნის გამდიდრების პროცესში წარმოქმნილი შლამებით დაბინძურების საკითხი…ყველა გამამდიდრებელი ფაბრიკა , ისევე როგორც მცირე საწარმოები, ძალზე მოძველებულია და მათი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია.შესაბამისად, ვერ ხერხდება ჩამდინარე წყლების გაწმენდა და დაბინძურებული წყლები შლამებთან ერთად სრული მოცულობით ჩაედინება მდინარე ყვირილაში. გამომდინარე აქედან, შპს “ჯორჯიან მარგანეზის” ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მანგანუმის გამამდიდრებელი ახალი, 200ტ/სთ წარმადობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფაბრიკის მშენებლობის თაობაზე, რომელიც ჩაანაცვლებს კომპანიიის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა გამამდიდრებელ ფაბრიკას”. იმავე საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა რომ საწარმოო ნარჩენებშიც მნიშვნელოვნად შემცირდება მანგანუმის რაოდენობა: ე.წ. კუდებში-არსებული 7%-ის ნაცვლად 3%, შლამებში-კი 11%-ის ნაცვლად 3,4%. ეს რაც შეეხება ეკოლოგიას, რომ არაფერი ვთქვათ მკვდარ სამრეწველო ქალაქზე და 3600 მაღაროელზე, რომელთაც საარსებო წყაროს გარეშე დარჩენა ემუქრებათ. რაც შეეხება ინვესტორს, მან ნაწილობრივ გამოსავალი უკვე იპოვა და სამთავრობო უწყებებში უშედეგო სიარულით დაღლილი ხარჯების ეკონომიიის მიზნით ჯერჯერობით ოთხი თვით მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა. თუ ნებართვების გაცემის პროცესი გაიწელა და ჯორჯიან მანგანეზმა პროდუქციის გაიაფება ვერ შეძლო, წაგებული დარჩებიან მხოლოდ მუშები, ჭიათურა და ქვეყანა, რომლის მთავარი ექსპორტიორი დროებით უკვე გაჩერდა.
და ბოლოს, საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9928 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2204 მლნ. დოლარს შეადგენს (23 პროცენტით ნაკლები). იმავე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში საქართველოში წარმოებულმა ფეროშენადნობების ექსპორტმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ის 32%-ით შემცირდა და სულ 195 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 9% შეადგინა. პირველ და მესამე ადგილზე კი სპილენძის მადნების და კონცეტრატების და მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გავიდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ძირითადად საუბარია რეექსპორტზე.
ეკა სარია