100 გრამი ბროწეულის მარცვალი ინგლისში 1,5 სტერლინგი ღირს - „სუპერ ხილი“, რომელზე მოთხოვნაც ევროპაში იზრდება
„ბროწეულის ჩაყრა რომ დავიწყე, მეზობლებმა - მამაპაპურად ვენახი გააშენეოო... არადა, ღვინის რეალიზაცია უფრო რთულია, ჭარბწარმოებაა.. არ დამიჯერეს: ერთი 200 ლიტრი ჩემს ოჯახს უნდა, 200 ლიტრი- შენს ოჯახს, 200 ლიტრი -ჩვენს მეზობელს, რამდენნი ვართ მარტო ჩვენს სოფელში, ჭირია, ლხინიაო.... გადაამრავლეს საშუალო მოცულობა მოსახლეობაზე და ასე მარტივად დათვალეს საქართველოში ღვინის მოხმარება... სინამდვილეში, თუნდაც ერთ წელიწადში 200 ლიტრი ღვინო როგორ უნდა მოვიხმარო, ვმუშაობ, სად მცალია დიდი სუფრებისთვის?! სახლში პატარა ბავშვები მყავს, ცოლი, ისინი არ სვამენ. მაგრამ სოფლის ხალხი მაინც კონსერვატორია ბუნებით, ცვლილებები არ უყვარს“, - მამუკა ბენაშვილმა, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში აგროინჟინერიას ასწავლის, წინაპართა გაკვალულ გზაზე სიარული აღარ მოისურვა და დედოფლისწყაროში ერთ ჰა მიწაზე აზერბაიჯანული „გულეიშას“ ჯიშის ბროწეულის ბაღი გააშენა. 600 ძირიდან მეოთხე წელს 15 ტონა ხილის მოსავალს ელოდება. ბროწეულს, თითქმის, ყოველთვის მაღალი ფასი აქვს - 1 კგ ბითუმად 1,5 ლარი ღირს, შესაბამისად, დამწყები ფერმერი ვარაუდობს, რომ ბაღიდან შემოსავალი წელიწადში 20 ათას ლარს გადააჭარბებს.
„ვენახზე კარგ მოგებას დატოვებს, იმიტომ რომ ბროწეულის მოვლა გაცილებით მარტივია, სულ ერთი-ორი ოპერაცია თუ სჭირდება, არც შეწამვლა უნდა დიდად, ასე რომ ინვესტიციასაც მალე ამოვიღებ- ერთი ერთწლიანი ძირი მხოლოდ 2 ლარი დამიჯდა. ცხადია, მიწის დასამუშავებლად გარკვეული ხარჯები გავწიე, ყამირი იყო, მაგრამ ეს მაინც კაპიტალური ხარჯია და ერთჯერადი ხასიათი აქვს“.
მამუკა ბენაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის ბროწეულზე მაღალი მოთხოვნაა, რადგან საქართველო წელიწადში 3 მილიონი დოლარის ღირებულების ხილის იმპორტს (უმეტესად აზერბაიჯანიდან) ახორციელებს. ამის მიუხედავად, ბენაშვილი მეურნეობის გაფართოებაზე გადაწყვეტილებას ჯერ ვერ იღებს.
„საქართველოში ხომ ბიზნესს ერთმანეთის მიმბაძველობით აწყობენ... როგორც ვიცი, რამდენიმე მეწარმემ უკვე დაიწყო ბროწეულის დიდ ფართობზე გაშენება. შეიძლება, სამ-ოთხ წელიწადში უკვე ჭარბწარმოება გაჩნდეს. სამწუხაროდ, ერთიანი ინფორმაცია -ვის რამდენი ხილი მოჰყავს, არ არსებობს“, - აცხადებს მეწარმე, რომელმაც საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად, კი ევროკავშირში ხილის გატანის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ინფორმაციის მისაღებად eugeorgia.info- ს მიმართა.
ბროწეული -დელიკატესი ევროპელებისთვის
ევროპულ მედიაში ბროწეული კლასიფიცირებულია, როგორ „სუპერ ხილი“. ის მაღალი რაოდენობით ანტიოქსიდანტს შეიცავს. სასარგებლო თვისებებით, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი უდრის 2 ჭიქა წითელ ღვინოს, 4 ჭიქა მოცვის წვენს და 10 ჭიქა მწვანე ჩაის; არეგულირებს წნევასა და გულის მუშობის რიტმს, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, აქვს შარდმდენი ეფექტი, რაც ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას, აუმჯობესებს იმუნიტეტს, ანადგურებს ნაწლავების პარაზიტებს, სასარგებლო ბაქტერიებს კი ხელს უწყობს, გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ.
რადგან ბროწეული ევროპელებისთვის ეგზოტიკური ხილის კატეგორიაში გადის, მაღალ საფასო სევგმენტში იყიდება. დელიკატესურ და ჯანსაღ პროდუქტზე მოთხოვნა შესამჩნევად იზრდება.
მოხმარება:
2014 წელს ბროწეულით ვაჭრობამ ევროკავშირში 219 ათასი ტონა შეადგინა, წინა წელთან შედარებით კი 42 ათასი ტონით გაიზარდა, აქედან, თითქმის, ერთი მესამედი (60 ათასი ტონა) განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ექსპორტი მესამე ქვეყნებიდან ორ წელიწადში (2012 წლიდან 2014 წლამდე) 13 ათასი ტონით გაიზარდა.
ყველაზე დიდი მოცულობით, 42 ათასი ტონა ბროწეულის იმპორტს ნიდერლანდები ახორციელებს, მეორე ადგილზე გერმანიაა (38 ათასი ტონა). ამ ორ ქვეყანას მთლიან იმპორტში 19% და 17% უკავია. მათ მოსდევს იტალია (12%), საფრანგეთი (10%), ავსტრია (7%) და დიდი ბრიტანეთი (6%).
ევროკავშირი ბროწეულის ექსპორტირებასაც ახორციელებს. 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 157 ათასი ტონა შეადგინა, ესპანეთი და ნიდერლანდები უდიდესი მიმწოდებლები არიან, დანიშნულების ძირითადი ადგილი კი ისევ ევროკავშირი და რუსეთია. აღსანიშნავია, რომ ემბარგოს გამო, რომელიც 2014 წელს რუსეთმა დააწესა, ევროპული ხილის ექსპორტი ამ ქვეყანაში განახევრდა. ამის მიუხედავად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბროწეულით ვაჭრობა ევროკავშირში გაიზრდება, როგორც შიდა მიმწოდებლების (ესპანეთისა და საბერძნეთის), ასევე უცხოეთის ხარჯზეც, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნების გავლით.
ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები:
- საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა (მათ შორის, Fruit Logistica-ზე ბერლინში), რადგან საჭირო კონტაქტების მოპოვებისთვის კარგი საშუალებაა;
- ძირითადი აქცენტის აღება გერმანიაზე, როგორც უმსხვილეს მომხმარებელზე;
- ნიდერლანდების, როგორც საპორტო ქვეყნის პოტენციალის გათვალისწინება; ის ხილ-ბოსტნეულის რეექსპორტს ახორციელებს ევროკავშირის ქვეყნებში;
- მჭიდრო კავშირის დამყარებას ევროპელ მყიდველებთან, რათა მოთხოვნასა და მოგებაზე, ასევე დროებითი ან სტრუქტურული შეფერხებების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიიღოს.
წარმოება:
ბროწეულის კულტივაცია ტროპიკულ და თბილ კლიმატშიც შესაძლებელია, თუმცა, საუკეთესო ხარისხს მხოლოდ ისეთ რეგიონებში იღებენ, სადაც ცივი ზამთარი და ცხელი, მშრალი ზაფხულია, ანუ სამხრეთში.
ბროწეულის სამშობლოა ირანი და ანატოლია (თურქეთი), თუმცა, დღეს ამ ქვეყნების გარდა ხილი დიდი რაოდენობით მოჰყავთ ინდოეთში, სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის მშრალ რეგიონებში, აშშ-ში, ტროპიკულ აფრიკაში, ისრაელში, ავღანეთში, სირიაში, მაროკოში, ესპანეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ევროპას ბროწეულით, ძირითადად, ესპანეთი ამარაგებს (წლიური წარმოება - 36 ათასი ტონა). ხილის სეზონი იქ ოქტომბრიდან იანვრამდე გრძელდება.
ევროკავშირის ბაზარზე ბროწეულის ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები არიან ასევე: თურქეთი (31 ათასი ტონა) და ისრაელი (15 ათასი ტონა). პერუ, კოლუმბია და სამხრეთ აფრიკა ექსპორტზე ევროპაში შედარებით მცირე, 5-6 ათას ტონა ბროწეულს გზავნიან.
ჯიშები:
ბროწეულის ხუთასამდე ჯიში არსებობს, მათ შორის, ბევრი უკვე წარმოდგენილია ევროპის ბაზარზე. თვით ევროპაში კი, ძირითადად, აწარმოებენ შემდეგ სახეობებს: Mollar de Elche, Mollar Valenciana და Wonderful.ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ისრაელელმა მეცნიერებმა გამოიყვანეს ახალი ჯიში „ქემელი“ (Kamel), რომელიც ხარისხითა და ზრდის პირობების მიხედვით, Wonderful -ის მსგავსია. მისი განმასხვავებელი თვისებაა მუქი წითელი კანი და ის, რომ ერთი თვით ადრე მოდის. იმის გამო, რომ საადრეო პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, ებრაელმა სპეციალისტებმა ჯიშებს კი კიდევ ორი სახეობა - ‘Akko’ და ‘Shani-Yonay’ შემატეს.
თურქმა სელექციონერებმა, თავის მხრივ, გამოიყვანეს ბროწეულის ახალი სახეობა „ჰიჯაზი“ (Hicaz), რომელიც შეიცავს 15% მჟავიანობასა და 85% სიტკბოს. ორი თვისების ერთდროულად თანაარსებობა, მათი განცხადებით, ამ ჯიშს უნიკალურს ხდის. „ჰიჯაზის“ კრეფა სექტემბრის ბოლოს იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებში უკვე ექსპორტზე გადის. აღსანიშნავია, რომ თავად თურქეთში ბროწეულის ნათესები იზრდება და ვარაუდობენ, რომ წარმოება უახლოეს წლებში 500 ათას ტონას მიაღწევს. ექსპორტი კი ევროკავშირის გარდა, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა(ემბარგომდე) და უკრაინაში ხორციელდებოდა.
ესპანური ბროწეულის სეზონზე ხილის ბაზარი ევროკავშირში საკმაოდ კონკურენტულია, ამიტომ ექსპორტის განხორციელება არასეზონზე უფრო მეტად მიზანშეწონილია. თუმცა, თუ გავითვალისიწნებთ, რომ 2008 წლიდან 2013 წლამდე ევროკავშირში პროდუქციის წარმოების ხარჯები გაიზარდა (10%-ით - სამუშაო ძალაზე, ხოლო 23%-ით - ენერგორესურსებზე) შესაძლებელია ფასებით კონკურენცია, თუმცა, აუცილებელი პირობააა, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
შენახვა
დაუზიანებელი, საღი ბროწეული, ჩვეულებრივ, ერთ თვეს ინახება, თუმცა, მაცივარში შვიდ თვესაც კი ძლებს. სპეციალისტების რეკომენდაციით, უკეთესი შედეგისთვის, უპრიანია ბროწეული სათითაოდ შეახვიონ ქაღალდში და დაბალტენიან მაცივარში შეინახონ, 0º-5º C ტემპერატურაზე, 80-85%-იან ტენიანობით. 'Wonderful', რომელსაც ისრაელში ევროპაში შობისთვის გზავნიან, მხოლოდ ზედაპირულად ყავისფრდება. რაც მიაღწიეს 2%-იან O2 -ში, 2ºC ტემპერატურაზე შენახვით.
ფასი
ევროკავშირი ბროწეულის იმპორტს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს, ყველაზე დიდი მოცულობით კი მაისში. პიკურ პერიოდში საბითუმო ფასი კილოგრამზე 1,80 -3 ევრომდე ( ჯიშის მიხედვით) მერყეობს.
ჩრდილოეთ ევროპაში ბროწეული მაღალ საფასო სეგმენტში გადის (პრემიუმ-ხარისხის წითელი ბროწეული, დიდი ზომის). ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნაკლებად ძვირი ბროწეულიც იყიდება, მხოლოდ ბაზრობებზე და სეზონზე. ჩრდილოეთისგან შედარებით ნაკლები ფასებია სამხრეთ ევროპაში.
ფასწარმოქმნის სტრუქტურა:
- ექსპორტი - 25%
- ტრანსპორტირება (ზღვით) - 8%
- იმპორტი/საბითუმო ვაჭრობა - 17%
- საცალო ქსელი -50%
თურქი მწარმოებლების საბითუმო ფასი გასულ წელს 1 კგ ბროწეულზე 0.35-0.38 ევროში მერყეობდა (2014 წელს- 1 კგ 0,30-0,33 ევროს შეადგენდა). ფასები გასულ წელს როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელში გაიზარდა, ძირითადად, ცუდი მოსავლის გამო.
სტანდარტები
ახალი ხილი და ბოსტნეული მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში შეტანისას უნდა შეესაბამებოდნენ ევროკავშირის მარკეტინგულ სტანდარტებს, რომელთა მინიმალური მოთხოვნებია, რომ პროდუქცია იყოს საღი, სუფთა მავნებლებისგან, პესტიციდების ნარჩენებისა და დაზიანების გარეშე, არ უნდა იყოს გარედან ტენიანი და მოყავისფრო შიგთავსით, ამავე დროს უნდა გაუძლოს ტრანსპორტირებას და გადატვირთვას.
ზომის და კლასიფიკაციის მიხედვით რამდენიმე ტიპი გამოიყოფა, მათ შორის, „უმაღლესი ხარისხის“ (ძალიან უმნიშვნელო ზედაპირული დეფექტებით, ან მის გარეშე) „პირველი ხარისხი“ (კარგი ხარისხის პროდუქტი, მცირე დეფექტებით კანზე, ფორმასა და ფერში) და „მეორე ხარისხი“ (პროდუქტი, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ არც „უმაღლესს“, არც „პირველ ხარისხს“ მიეკუთვნება). ხილის ფერის შეცვლა სიმწიფის გამო არ ითვლება დეფექტად. „უმაღლესი ხარისხის“ ბროწეულში დასაშვებია მხოლოდ 5%-ის, ხოლო დანარჩენებში 10% მომდევნო ხარისხის პროდუქტების შერევა.
ზომა
ევრორეგულაციების მიხედვით, ბროწეული შეიძლება დახარისხდეს რაოდენობის, დიამეტრისა და წონის მიხედვით. შესაბამისად, უნდა მოხდეს მისი ეტიკეტირება.
ა) დახარისხება დიამეტრის მიხედვით:
- კოდი 1/A; ≥81 მმ
- კოდი 2/B; 71-80 მმ
- კოდი 3/C; 61-70 მმ
- კოდი 4/D: 51-60 მმ
- კოდი 5/E: 40-50 მმ
ბ) დახარისხება ინდივიდუალურად, წონის მიხედვით
- კოდი1/A; ≥501 გრამი
- კოდი 2/B; 401-500 გრამი
- კოდი 3/C; 301-400 გრამი
- კოდი 4/D: 201-300 გრამი
- კოდი 5/E: 125-200 გრამი
მარკეტინგული რჩევები
ევროპელი მომხმარებელი „ზარმაცია“, უპირატესობას ანიჭებს ისეთ ხილს, რომელსაც იოლად მიირთმევს, შესაბამისად, მოითხოვს ისეთი ჯიშის ბროწეულს, რომელიც ადვილად იფრქცვნება და რომლისგააც წვენი ადვილად იწურება.სუპერმარკეტებში მარცვლებად დაფასოებული ხილიც იყიდება, როგორც ახალი, ასევე შოკური წესით გაყინული. დიდ ბრიტანეთში, სუპერმარკეტებში 100 გ დაფასოებული ბროწეულის მარცვლები 1,5 სტერლინგი ღირს.
ამასთან, ვინაიდან ჩრდიელოთ ევროპისთვის ბროწეული მაინც ეგზოტიკური, ახალი ხილია, მომხმარებლის დასაინტერესებლად უკეთესი იქნება, თუ გარკვეული პროდუქციის ინგრედიენტად გაიყიდება (შესაძლებელია, რეცეპტების განთავსება შეფუთვაზე).
ბროწეულისგან წარმოებული პროდუქცია სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგალითად, წვენებში, სურსათის დანამატების სახით ტკბილეულსა და რძის პროდუქტებში (ჩრდილეოთ ევროპაში) და სოუსებში, საკმაზებსა და ბურღულეულში (სამხრეთ ევროპაში). შესაბამისად, მეწარმეებისთვის უპრიანი იქნება, მოიძიონ ნახევრად გადამუშავებული ბროწეულის ექსპორტირების გზები.
ჩრდილოეთ ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ხილის რეალიზაცია შესაძლებელია დიდი სუპერმარკეტების ქსელებში, ალპურ რეგიონებში, შვეიცარიასა და ავსტრიაში კი მისი პოზიციონირება სასურველია მცირე მაღაზიებში. პროდუქციის რეალიზაციისთვის კარგი არხია საზოგადოებრივი კვებაც (ბარ-რესტორნები და სასტუმროები). ჩრდილოეთ ევროპაში ბროწეული ხშირად იყიდება ეთნიკურ მაღაზიებში იმ მომხმარებლებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სამხრეთ ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან. შესაბამისად, ექსპორტიორისთვის ამ მიმართულებით პარტნიორების მოძიება ხელსაყრელი იქნება.
ბელა ნოზაძე